გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-5-კ-ს 09 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დ. რ-ის (მინდობილობა ¹10/088, 30.07.99 წ.) მონაწილეობით განიხილა ს. გ-ის კერძო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თაობაზე.
სასამართლო პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მოქალაქე ს. გ-მა სარჩელი აღძრა საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე ასაბუთებდა იმით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის ¹5 ინსტრუქციის 7.4 პუნქტის „ვ» ქვეპუნქტის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 6 იანვრის ¹1 ბრძანების მეხუთე პუნქტით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება. აღნიშნული ნორმატიული აქტების ანტიკონსტიტუციურობის გამო მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის განხილვას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების გაგზავნას.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსახადო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში არ მიიღო იმ მოტივით, რომ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემდებარეა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქმის მასალების, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარეომებათა გამო:
საერთო სასამართლოები არ წარმოადგენენ საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოებს. საერთო სასამართლოში საქმის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოსაყენებელი ნორმატიული აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიჩნევის მიზნით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» კანონის მე-20 მუხლის თანახმად, შესაძლებელია საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანა. ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად, უკეთუ ფიზიკურ პირს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში აღიარებული უფლებანი, მას უფლება აქვს შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფებამოსილია წარდგინებით შევიდეს საკონსტიტიუციო სასამართლოში და საქმის განხილვა შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს აზრით კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაყენებულია თავად სადაოდ ქცეული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი და არა იმ კანონისა, რომელიც საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.