გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-/ად-8-კ 9 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
განიხილა შპს „ტ-ს» წარმომადგენლის კ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და მოწინააღმდეგე მხარეთათვის სოლიდარულად 1381 309 ლარის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენება და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და დადგენილად ცნო შემდეგი:
აგრარული სექტორის სამაუწყებლო სტუდიის შექმნის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში წარდგენილ იქნა ბიზნეს-გეგმა, რომელიც სამუშაოთა 4 ეტაპს მოიცავდა 1 მილიონი ლარის დაფინანსებით. სამინისტრომ ევროსაპარტნიორო ფონდთან შეთანხმებით მოიწონა პროექტი და 1997 წლის 26 სექტემბრის ¹2-315 ბრძანებით, საპარტნიორო ფონდის რესურსებიდან შპს „ა-ს“ დაბრუნების გარეშე გამოეყო 130 000 ლარი, „ტ-ს» მიერ სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის პირველი ეტაპის სამუშაოების დაფინანსების მიზნით. ბრძანების საფუძველზე 1997 წლის 27 სექტემბერს შპს „ა-სა“ და სამინისტროს შორის გაფორმდა ¹2 ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოთა შესასრულებლად 130 000 ლარის „ტ-სათვის» გადარიცხვის თაობაზე და მონიტორინგი თანხების მიზნობრივად ხარჯვაზე დაევალა „ა-ს“ ¹2-315 ბრძანებისა და ¹2 ხელშეკრულების შესაბამისად, 1997 წლის 1 ოქტომბერს შპს „ა-სა“ და შპს „ტ-ს» შორის იგივე პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება ¹6. მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ ¹2 და ¹6 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები 130 000 ლარის „ტ-ისათვის» გადარიცხვის თაობაზე შესრულებული იქნა 1997 წლის 6 ოქტომბერს. კასატორმა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული დანარჩენი ეტაპების დასაფინანსებლად დამატებით მოითხოვა 870 000 ლარი, რაც მოწინააღმდეგე მხარეებმა არ დააკმაყოფილეს. შპს „ტ-ის» წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოწი-ნააღმდეგე მხარეთათვის სოლიდარულად 1743000 ლარის (870 000 ლარი _ ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული თანხა; 576 000 ლარი _ მიუღებელი შემოსავალი, 297000 ლარი _ ზარალი «ს-იდან“ აღებული კრედიტი) დაკისრება. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სარჩელი არ დააკმაყოფილეს შემდეგი საფუძვლებით;
აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შესაქმნელად პირველი ეტაპის სამუშაოების ჩატარებისათვის „ტ-ისათვის» უკან დაბრუნების გარეშე 130 000 ლარის გადარიEხვის ვალდებულება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ასევე შპს „ა-ს“ მიერ დროულად შესრულდა. თანხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, ორივე ხელშეკრულების მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების მოშლასა და კასატორის პასუხისმგებლობას. სამინისტროს ბიზნეს-გეგმის დანარჩენი ეტაპების დაფინანსებაზე ვალდებულება არ აუღია, ხოლო „ა-ი“ შემდგომ დაფინანსებას კისრულობდა I ეტაპის სამუშაოებისათვის გამოყოფილი 130 000 ლარის მიზნობრივად ხარჯვის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო 130 000 ლარის კასატორის მიერ არამიზნობრივი ხარჯვა და ვინაიდან სხვა ეტაპების დაფინანსებაზე მხარეებს შორის ხელშეკრულება არ ყოფილა გაცფორმებული, სასამართლომ ჩათვალა, რომ არE საქართველოს სამოქალაქო სამარ-თლის კოდექსის (1964 წლის) მე-4 და 154-ე მუხლების გათვალისწინებული ვალდებულებანი წარმოშობილა.
შპს «ტ-ის» წარმომადგენელმა აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 და 154-ე მუხლები, რომელთა მიხედვითაც ბიზნეს-გეგმის მოწონებით და «ტ-ის» ტენდერში გამარჯვებით, მოწინააღმდეგე მხარეებს _ წარმოეშვათ მოვალეობანი დანარჩენი 3 ეტაპის დაფინანსებაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო 130 000 ლარსაE არ გადმორიცხავდა. მხარეებმა ბიზნეს-გეგმის მოწონებით გამოხატეს თანხმობა მთლიანი პროგრამის დაფინანსებაზეც, რასაც ადასტურებს ბიზნეს-გეგმაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის ნ. დ-ის ხელმოწერა და ¹2 ხელშეკრულების 1.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება დადებულია ბიზნეს-გეგმის საფუძველზე, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულს მოწინააღმდეგე მხარეები კატეგორიულად უარყოფენ და ვალდებულებას აღიარებენ მხოლოდ I ეტაპის დაფინანსების _ 130 000 ლარის ნაწილში.
2. სასამართლოს მსჯელობა ¹3-7-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე არასწორია. აგრარულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე პრობლემური გადაცემების მოუმზადებლობის შესახებ მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარეებს ეკისრებოდათ. მართალია, 130 000 ლარი არ იყო გახარჯული ბიზნეს-გეგმით დადგენილი ხარჯვის მუხლების ზედმიწევნით დაცვით, მაგრამ გადახვევა ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, რაც სამინისტრომაც იცოდა და მიღებული თანხები უკლებლივ მოხმარდა ტელეკომპანიის განვითარებას. მოწინააღმდეგე მხარეთა მტკიცებით კი კასატორმა არამიზნობრივად გახარჯა გადარიცხული თანხა, თვითნებურად შეცვალა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული მუხლები, ნაცვლად _ სამონტაჟო აპარატურის შეძენისა, 30092 ლარით მეტი გახარჯა სტუდიის რემონტზე, ანძის საიჯარო ქირის სახით დახარჯა 20 890 ლარი, რაც ბიზნეს _ გეგმით არ ყოფილა გათვალისწინებული და ამდენად, «ტ-ის» მიერ ¹6 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
3. კასატორის აზრით, მოწინააღმდეგე მხარეებმა, დაარღვიეს ვალდებულება დარჩენილი ეტაპების დაფინანსებაზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეწყვიტეს ვალდებულებების შესრულება, რის გამოც მას «ს-იდან“ კრედიტის სახით წარმოეშვა დამატებითი ხარჯი, რომლის მხარეებისთვის სოლიდარულად დაკისრებას ითხოვს კასატორი. კასატორმა სასარჩელო მოთხოვნა მითითებული მოგების ნაწილში შეამEირა 576 000 ლარით და საბოლოოდ ითხოვს 1381 309 ლარის დაკისრებას.
საკასაციო პალატა მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 _ „სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძვლები“ და 154-ე _ „ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები“ მუხლები. კასატორი თვლის, რომ ტენდერში გამარჯვებითა და ბიზნეს-გეგმით მოწონებით მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოეშვათ მისი სრულად დაფინანსების მოვალეობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბიზნეს-გეგმის ტენდერში გამარჯვების საკითხის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვალდებულების წარმოშობისათვის, რადგან ტენდერში გამარჯვება და ბიზნეს-გეგმის მოწონება არის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 და 154-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტენდერის შესახებ არ პირველ და არ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, ხოლო კასატორის მიერ ამ საკითხის გამოკვლევის მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საქმე ექვემდებარება ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
2. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიმართ შპს „ა-ის“ ვალდებულების წარმოშობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 და 154-ე მუხლები არ არის სწორად განმარტებული, ვინაიდან 1997 წლის 1 ოქტომბრის ¹6 ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით „ა-ი“ ვალდებულებას კისრულობდა I ეტაპის სამუშაოთა შესრულების შემდეგ ერთი პროექტის დანარჩენი ეტაპების დაფინანსების დროულობაზე ¹6 ხელშეკრულების ამ პუნქტიდან გ-მომდინარე შპს „ა-ის“ ვალდებულება შპს „ტ-ის» მიმართ უდავოა, რასაც ადასტურებს „ა-ის“ 1997 წლის 4 ნოემბრის ¹01-3/42 წერილი მეორე ეტაპის დაფინანსების _ 500 000 ლარის _ 1998 წლის იანვარში გადარიცხვაზე.
3. ტენდერიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარეთა ვალდებულება პროექტის დანარჩენი ეტაპის დაფინანსებაზე წარმოიშობოდა მხოლოდ კასატორის მიერ I ეტაპის სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი 130 000 ლარის მიზნობრივად გახარჯვის შემდეგ. 130 000 ლარის არამიზნობრივად გამოყენების მოტივით, თანხის უკან დაბრუნების თაობაზე შპს „ა-ის“ სარჩელი კასატორის მიმართ ამჟამად იხილება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, რის შესახებაც ცნობილი იყო, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის (ს.ფ. 23, 52, 66, 143). საკასაციო პალატის აზრით, 130 000 ლარის მიზნობრივად გამოყენების საკითხის დადგენა არსებითი და უმთავრესია „ტ-ის» სარჩელის განხილვისათვის და მის გარეშე შეუძლებელია დავის გადაწყვეტა. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე საქმის განხილვის შეჩერებაზე. ვინაიდან მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ მიზნობრიობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ამ ნაწილში კი იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება ამ მოტივითაც უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 279-ე მუხლის მოთხოვნა არ არის დაცული „ს-იდან“ აღებული კრედიტის ზიანის სახით მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების ნაწილშიE, „ს-ის“ სარჩელი „ტ-ის» წინააღმდეგ 511 309 ლარის საკრედიტო დავალიანების თაობაზე იხილება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, რაც ასევე ცნობილი იყო რაიონული და სააპელაციო სასამართლოებისათვის, აღნიშნული სარჩელის გადაწყვეტა უშუალო კავშირშია „ტ-ის» სარჩელთან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა საკრედიტო დავის გადაწყვეტამდე საქმის შეჩერებაზე.
აღნიშნული საპროცესო დარღვევების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 და 154-ე მუხლები, აგრეთვე საქმე არსებითად არ გამოიკვლია ბოლომდე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 390-ე, 404-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ტ-ის» წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ნოემბრის განჩინება «ტ-ის» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
4. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. განჩინება დადგენილი წესით დაეგზავნოთ მხარეებს.