გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ\ად-11-კ 16 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
განიხილა ი. ს-ას საკასაციო საჩივარი ქ. ბორჯომის გამგეობის მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 იანვრის განჩინებისა და ქ. ბორჯომის გამგეობის 1999 წლის 18 ივნისის ¹30 დადგენილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 315-1997 წე-ლი) დაკმაყოფილდა ბორჯომის პროკურორის სარჩელი, გაუქმდა ბორჯომის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვან გაერთიანება სახლმმართველობისა და ინდივიდუალურ საწარმო "ნ.“ შორის 1997 წელს დადებული ხელშეკრულება ქ. ბორჯომში, ..... ქ. ¹ 123-ში I სართულზე მდებარე 28 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართის (ყოფილი სააფთიაქო მაღაზია) იჯარით გადაცემის შესახებ და ქალაქის გამგეობის მიერ არასაცხოვრებელი ფართის მომავალში განკარგვის შემთხვევაში, ი. ს-ას (მესამე პირი) მიენიჭა ქირავნობის ან შესყიდვის უპირატესი უფლება (ს. ფ. 4-10; 39). ამავე გადაწყვეტილებით არასაცხოვრებელი ფართი ამოირიცხა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით საწარმო "ნ.“ გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან (ს. ფ. 74-76) 1999 წელს ქ. ბორჯომის გამგეობას განცხადებით მიმართა კასატორმა ი. ს-ამ სადავო არასაცხოვრებელი ფართის მასზე მიქირავების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ფართი მდებარეობს მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ, პირველ სართულზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მინიჭებული აქვს ქირავნობის უპირატესი უფლება. ქ. ბორჯომის გამგეობის 1999 წლის 18 ივნისის ¹ 30 დადგენილებით ი. სერგიას უარი ეთქვა არასაცხოვრებელი ფართის მიქირავებაზე, სადავო ფართი დარჩა ქალაქის გამგეობის ბალანსზე, ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის პროფკომიტეტისა და ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სააფთიაქო მაღაზიის გახსნის მიზნით (ს. ფ. 11).
ი. ს-ამ ქ. ბორჯომის გამგეობის 1999 წლის 18 ივნისის ¹ 30 დადგენილების გაუქმების შესახებ სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონის სასამართლოში, რომელმაც უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა იგი და გამგეობისაგან ი. ს-ასათვის ფართის იძულებითი წესით გადაცემა მესაკუთრის კანონიერი უფლებების დარღვევად მიიჩნია. ი. ს-ამ ბორჯომის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ი. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლით:
სადავო ფართი ამჟამად არის ქალაქის გამგეობის ბალანსზე, მესაკუთრე სახელმწიფოა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით უკანონოდ სარგებლობა. აქედან გამომდინარე, გამგეობიდან კუთვნილი ფართის მოსარჩელე ი. ს-ასათვის სავალდებულო წესით გადაცემის მოთხოვნა, საკუთრების უფლების პრინციპის უგულველყოფაა და არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. განჩინებაში იმავდროულად ხაზგასმულია, რომ გამგეობა, როგორც ამ ფართის მესაკუთრე, შეზღუდულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც, სადავო ფართის გაქირავება-გაყიდვის შემთხვევაში, ი. ს-ა ისარგებლებს უპირატესი ქირავნობის ან შესყიდვის უფლებით. მაგრამ კონკრეტული შემთხვევაში გამგეობას ეს ფართი არ გაუქირავებია.
ი. ს-ამ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი მოტივებით:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1997 წლის 19 ნოემბერს გააუქმა ბორჯომის სახლმმართველობისა და ვ. ხ-ეს (ფირმა „ნ.“) შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება სადავო 28 კვ. მეტრი არასაცხოვრებელ ფართზე და მისით სარგებლობის უფლება მასვე მიენიჭა. მაგრამ 1999 წლის ივნისში უკანონო დადგენილებით გამგეობამ უარი უთხრა მას არასაცხოვრებელი ფართის მიქირავებაზე და სათავსო ისევ იმ პირებს მიაქირავა, ვინც ადრეE მუშაობდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოსახლებულ იქნენ, რითაც დაირღვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული ფართის სარგებლობის უპირატესი უფლება.
მოწინააღმდეგე მხარე _ ბორჯომის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, საოლქო სასამართლოს განჩინება კანონიერად მიაჩნია და მის ძალაში დატოვებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:
გამგეობას სასამართლოს მიერ კასატორისათვის მინიჭებული უპირატესი ქირავნობის ან შესყიდვის უფლება არ დაურღვევია, რადგან ბორჯომის გამგეობას არ განუკარგავს სადავო ქონება. არასაცხოვრებელი ფართი იყო სახლმმართველობის ბალანსზე. სახლმმართველობების გაუქმების შემდეგ, შეიქმნა შპს „ა. ბ.“, რომელიც არის ბორჯომის სახლმმართველობის სამართალმემკვიდრე, მასვე გადაცეა ბალანსიდან ბალანსზე სადავო ფართი, თუმცა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი _ 2200 ლარი _ შევსებულია ავტომანქანით (ს. ფ. 85-87). შპს-ს ერთადერთი დამფუძნებელია ბორჯომის გაგეობა, რომელმაც სადავო ¹30 დადგენილებით უარი უთხრა კასატორს 28 კვ. მეტრი ფართის გადაცემაზე და როგორც მესაკუთრემ, სააფთიაქო მაღაზიის გასახსნელად ფართი გადასცა შპს „ა. ბ.“, რომელიცE უკვე სათანადო ლიცენზიასაც აიღებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან (ს. ფ. 88) კასატორის მოსაზრება გამგეობის მიერ სადავო ფართის ისევ გამოსახოლებულ პირებზე მიქირავების შესახებ, უსწორია, რადგან შპს „ა. ბ.“ დირექტოატმა ბორჯომის გამგეობასთან შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა ი. ვ-ესთან, ნ. ი-თან და ბორჯომში მცხოვრებ პროფესიონალ ფარმაცევტებთან, რომელთა ნაწილი ადრე მართლაც მუშაობდა ფირმა „ნ.“, მაგრამ მათთვის სადავო ფართის მიქირავება არ მომხდარა.
საკასაციო პალატა მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები ბოლომდე არ არის გამოკვლეული, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ფართი ამჟამად არის გამგეობის
ბალანსზე და მისი მესაკუთრე არის სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად აქვს ქონების თავისუფლად ფლობისა და განკარგვის უფლება. მაგრამ წარმოდგენილ შესაგებელში ქ. ბორჯომის გამგებელი აღნიშნავს, რომ ქ. ბორჯომის გამგეობა კი არა, შპს „ა. ბ.“ არ აქირავებს სადავო ფართის (ს. ფ. 37). ი. ს-ა კი საკასაციო საჩივარში პრეტენზიას აცხადებს, რომ გამგეობამ იმავე გამოსახლებულ პირებს მიაქირავა სადავო ფართი, რითაც ხელყო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული ქირავნობის უპირატესი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. ი. ს-ამ ფაქტობრივ გარემოებაზე წამოაყენა პრეტენზია, მაგრამ ვინაიდან დავის საგანია ქ. ბორჯომის გამგეობის ¹ 30 დადგენილება ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქ. ბორჯომის გამგეობას, რომელმაც სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინა არასრულყოფილი დოკუმენტაცია. გამგეობის წარმომადგენლის განმარტებისა და 2000 წლის 15 მაისის დაუმოწმებელი ¹16 ცნობის (ს. ფ. 84) მიხედვით კომისიამ მიღება-ჩაბარების აქტით ბალანსიდან-ბალანსზე გადასცა შპს „ა. ბ.“ სადავო ფართი, მაგრამ თავად აქტი გამგეობამ არ წარმოადგინა და საკასაციო პალატისათვის გაურკვეველია რომელმა კომისიამ, რომელი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე გადასცა ბალანსიდან ბალანსზე სადავო ქონება შპს „ა. ბ.“; რაც სამართლებრივი ურთიერთობაა სადავო ფართთან დაკავშირებით ქ. ბორჯომის გამგეობასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის; ხომ არ მოხდა გამგეობის მიერ სადავო ფართის გაქირავება-გასხვისება და შესაბამისად, მართლაც ხომ არ შეილახა უზენაესი სასამართლოს მიერ კასატორისათვის მინიჭებული უპირატესი უფლება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ უმთავრესი საკითხების გარკვევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ი და მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორ ი. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 იანვრის განჩინება.
3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
4. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაიდოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.