Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-13-კ 20 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ბ. მეტრეველი, ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა ბაღდათის რაიონის გამგეობის წევრების მ. გ-ის, ა. ფ-ის, ზ. ჩ-ის და კ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 15 ივლისის ¹2/4 საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბაღდათის რაიონის გამგეობას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბაღდათის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹45 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაღდათის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹45 გადაწყვეტილება გამომდინარეობს «ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან და შედგენილია ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. საკასაციო საჩივარში ისინი მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა რაიონის გამგეობას მთლიანად ისე, რომ არ დაასაბუთა გამგეობის თითოეული წევრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოტივები ცალ-ცალკე, რაც მათი აზრით კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ასეთი წესით გამგეობის მთელი შემადგენლობის გადადგომა, გადაყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონის, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა ხდება გამგებლის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება.

კასატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბაღდათის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹45 გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ის მოტივები, რომელიცE საკრებულომ საფუძვლად დაუდო გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადებას, ხელოვნურია და არ არის დასაბუთებული. აღნიშნულის დასტურად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ რაიონის გამგებლისადმი უნდობლობის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტმა არ მიიჩნია საფუძვლიანად და იგი არ გადააყენა. ასევე მიაჩნიათ, რომ იმერეთის სამხარეო კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები არ არის საკმარისი გამგეობისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად. აღნიშნული შემოწმების შედეგები გადაამოწმა პრეზიდენტის აპარატმა და თვით გამგებლის განთავისუფლებისათვისა კი არ ჩათვალეს საკმარისი, ვინაიდან გამოვლენილი დარღვევები გამგეობის სუბიექტურ ქმედება უმოქმედობასთან არ იყო დაკავშირებული და მათ ძირითადში ობიექტური მიზეზები გააჩნია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობის დადასტურებად მიაჩნიათ კასატორებს ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რა ფუნქციები ეკისრებოდა უნდობლობა გამოცხადებული გამგეობის თითოთეულ წევრს და რა შეხებაში იყო კონკრეტულად თითოეული გამგეობის წევრი, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, დასაბუთებულობა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბაღდათის რაიონის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა რაიონის გამგეობას მთლიანად ისე, რომ არ დაასაბუთა უნდობლობის გამოცხადების მოტივები თითოეული წევრისათვის ცალ-ცალკე, რაც კასატორის აზრით კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან გამგეობის მთელი შემადგენლობის გადაყენებას საქართველოს ორგანული კანონი «ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის შესახებ» ითვალისწინებს მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ხდება გამგებლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლი არ არეგულირებს საკრებულოს მიერ გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებს. მასში საუბარია გამგებლის თანამდებობიდან გადადგომის და თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგებზე, ამდენად, კანონი ზემოთაღნიშნული ნორმის ამ კონკრეტულ სადაო ურთიერთობების გადაწყვეტისას გამოყენება არამართებულია. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულო ვალდებული იყო ემსჯელა გამგეობის თითოეული წევრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შესახებ პერსონალურად, რათა სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე დაესაბუთებინა უნდობლობის გამოცხადების საფუძველი ცალ-ცალკე. საქართველოს ორგანული კანონის «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად რაიონის საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება დასაბუთებული უნდობლობა გამოუცხადოს გამგეობას ან გამგეობის ცალკეულ წევრს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულო უფლებამოსილია დასაბუთებული უნდობლობა გამოუცხადოს გამგეობის მთლიან შემადგენლობას, მისი წევრებისათვის უნდობლობის ცალკე გამოცხადების გარეშე.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბაღდათის რაიონის გამგეობამ იგნორირება გაუკეთა და არ შეასრულა რაიონის საკრებულოს 1999 წლის 13 იანვრის ¹19 გადაწყვეტილება «რაიონის საკრებულოსათვის სამუშაო ოთახისა და ინვენტარის გამოყოფის შესახებ», ვინაიდან მოსარჩელემ (კასატორმა) ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა საკრებულოსათვის საჭირო რაოდენობის ოთახებისა და ინვენტარის გადაცემის ფაქტი უნდობლობის გამოცხადებამდე, ხოლო ბაღდათის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1999 წლის 5 იანვრის ¹1 განკარგულება დადგენილად ჩათვალა, რომ იგი არ შესრულებულა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მოხსენებითი ბარათი საქართველოს პრეზიდენტისათვის, სადაც მითითებულია, რომ საკრებულოსათვის გამოყოფილია 6 კეთილმოწყობილი ოთახი შესაბამისი ინვენტარით, შედგენილია უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საკითხის შესწავლის შედეგად და მასში მითითებული არ არის თუ როდის გამოეყო აღნიშნული ოთახი საკრებულოს, ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ ოთახების გამოყოფა მოხდა უნდობლობის გამოცხადებამდის.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გადმოგზავნილი მასალები და დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათები ძირითადად შეეხება ბაღდათის რაიონის გამგებლისათვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხს. აღნიშნული დოკუმენტებით უარყოფილი არ არის საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთის ბიუროს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები, რაც გახდა საკრებულოს მიერ გამგეობისადმი უნდობლობის გამოცხადების ძირითადი საფუძველი. სასამართლო კოლეგიის აზრით, აღნიშნული შემოწმების შედეგების ბაღდათის რაიონის საკრებულოსეულ, პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურისეულ და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში შეფასებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, არ შეიძლება იყოს ბაღდათის რაიონის საკრებულოს მიერ ამავე რაიონის გამგეობისათვის გამოცხადებული უნდობლობის დაუსაბუთებლად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» მე-12 მუხლის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაიონის საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება რაიონის გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადების უფლება, რის შემდეგაც გამგეობა ითვლება გადამდგარად. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს რა ამ გარემოებას, რომ კონტროლის პალატის იმერეთის ბიუროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს სადაოდ კასატორებიEარ ხდიან, მიაჩნია რომ ვინაიდან საკრებულო წარმოადგენს წარმომადგენლობით ორგანოს, თავისი განსაკუთრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ, ადგილზე შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ კასატორთა წარმომადგენელმა ა. ფ-ემ. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მოხსნა საკრებულოს მიერ რაიონის გამგეობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ორგანული კანონით «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» დადგენილი პროცედურული დარღვევების შესახებ მსჯელობის მოთხოვნა და სცნო, რომ რაიმე არსებით პროცედურულ დარღვევებს, რომელსაცE შეეძლო ზეგავლენა მოცხდინა საბოლოო შედეგზე, საკრებულოს მხრიდან სადაო გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, პროცედურულ მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით დამატებით მსჯელობას საკასაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და რომ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, მიაჩნია, რომ კასატორების მიერ მითითებულ ზემოაღნიშნული კანონის დარღვევას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არა აქვს და დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 399-ე, 390-ე და 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. დატოვებულ იქნას უცვლელად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 15 ივლისის ¹2/4 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.