გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-14-კ 20 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბასისად, განიხილა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრის, ქალაქ თბილისის ..... რაიონის ადვოკატურის ადვოკატის ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ, მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრმა, ქალაქ თბილისის ..... რაიონის იურიდიული კონსულტაციის (ადვოკატურის) ადვოკატმა ვ. ვ-მა 1999 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის ....... რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე თბილისის ..... რაიონის საგადასახადო ინსპექციისაგან 1997 წლის იანვრიდან 1999 წლის ივნისამდე მისთვის დაკავებული სოციალური გადასახადის, 1032 ლარის უკან დაბრუნება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა:
1. ადვოკატის ჰონორარიდან სოციალური გადასახადის დაკავება და გადახდევინება კანონშეუსაბამოა, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად არამეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირები ამ გადასახადს არ იხდიან. ფიზიკური პირების საადვოკატო საქმიანობა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 1.2. მუხლის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება. რაც შეეხება საქართველოს ადვოკატთა კოლეგიასა და რაიონის (ქალაქის) ადვოკატურებს, ისინი კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ.
2. «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი განთავისუფლებულია ყველა სახის დაბეგვრისაგან და მას სოციალური გადასახადი არ გადახდება.
ამდენად, მოსარჩელე ითხოვს 1997-1999 წლებში მასზე დარიცხული სოციალური გადასახადის 1032 ლარის დაბრუნებას.
მოპასუხემ, თბილისის ...... რაიონის საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით:
1. მოსარჩელისათვის სოციალური გადასახადის დაკავება და გადარიცხვა ბიუჯეტში მოხდენილია ადვოკატურის მიერ, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საგადასახადო აგენტს. ამდენად, მოსარჩელის პრეტენზია სოციალური გადასახადის არასწორ გამოანგარიშებაზე მიმართული უნდა იყოს ადვოკატურის, და არა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
2. მოსარჩელის მოსაზრება, რომ ადვოკატისათვის სოციალური გადასახადის დაკავება კანონშეუსაბამოა, არასწორია, რადგან საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად იგი გადასახადის გადამხდელია. ამ პუნქტის შესაბამისად სოციალური გადასახადით იბეგრებიან ადვოკატები, ნოტარიუსები და «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 2.1. მუხლით გათვალისწინებული სხვა პირები.
3. თბილისის ...... რაიონის საგადასახადო ინსპექცია არასათანადო მოპასუხეა, რადგან მას უშუალოდ არ მოუხდენია ამ გადასახადის გადახდევინება.
4. «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული, რადგან საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სხვა სამართლებრივი აქტებით საგადასახადო შეღავათების დაწესება, თუ არა საგადასახადო კოდექსით.
ამდენად, მოპასუხის აზრით, მოსარჩელე ვ. ვ-ი უნდა დაიბეგროს სოციალური გადასახადით საერთო წესით.
მესამე პირებმა, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიამ და თბილისის ..... რაიონის იურიდიულმა კონსულტაციამ (ადვოკატურამ) მხარი არ დაუჭირეს სარჩელს და მიუთითეს, რომ ადვოკატ ვ. ვ-ს სოციალური გადასახადები არ დარიცხვია, ამ გადასახადების გადახდას ახდენს ..... რაიონის ადვოკატურა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის დებულების შესაბამისად.
თბილისის ...... რაიონულმა სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის «ე» პუნქტისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის დებულების შესაბამისად 1999 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ვ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, გამოიყენა რა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 ნაწილი, 186-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 185-ე მუხლის დ)პუნქტი და 187-ე მუხლი, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი უთხრა აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
კასატორმა, ვ. ვ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და 1997-1999 წლებში მასზე დარიცხული სოციალური გადასახადის 1032 ლარის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლით განისაზღვრა სოციალური გადასახადის გადამხდელები. ამ მუხლის დ) პუნქტით ამ სახის გადასახადის გადამხდელები არიან «ფიზიკური პირები-მეწარმეები და ამ კოდექსით მათთან გათანაბრებული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან საქმიანობას». კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილი კი «ამ კოდექსის მიზნებისათვის მეწარმეს უთანაბრდება ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 1.2. მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას», მოცემულ შემთხვევაში, საადვოკატო საქმიანობას.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორი, ვ. ვ-ი საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის დ) პუნქტით განსაზღვრული გადამხდელია, ხოლო საქართველოს ადვოკატთა კოლეგია და ქალაქის (რაიონის) ადვოკატურა საგადასახადო აგენტი. საგადასახადო კოდექსში 1999 წლის ივნისის ცვლილებების შემდეგ, ამოღებულ იქნა 26-ე მუხლის მესამე ნაწილი და სანაცვლოდ, 185-ე მუხლს დაემატა ე) პუნქტი, რომელსაცE სასამართლო ძველ ურთიერთობებზე ვერ გამოიყენებს.
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის, ვ. ვ-ის მოსაზრებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, იგი, როგორც ამ კოდექსის 185-ე მუხლის დ) პუნქტით განსაზღვრული სოციალური გადასახადის გადამხდელი, განთავისუფლებულია სოციალური გადასახადის გადახდისაგან.
კოდექსის 186-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილია, რომ 185-ე მუხლის დ) პუნქტში დასახელებული გადამხდელებისათვის, ჩვენს შემთხვევაში, ვ. ვ-ისათვის სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არის არა ხელფასი, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, არამედ მისი საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის შესახებ ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებებით, რაც არ ნიშნავს, რომ ვ. ვ-ი განთავისუფლებულია სოციალური გადასახადის გადახდისაგან საშემოსავლო გადასახადებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათებით (43-ე მუხლი). სოციალური გადასახადის გადახდისას საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლით. ამ მუხლში კი არ არის გათვალისწინებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური გადასახადისაგან განთავისუფლება.
3. საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია სხვა სამართლებრივი აქტებით საგადასახადო შეღავათების დაწესება, არ შეიძლება გადასახადების გადახდევინებისას გამოყენებული იქნეს «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსი უფრო გვიან მიღებული კანონია, ვიდრე «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ» კანონი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორ ვ. ვ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.