431საზ ქ. თბილისი
26 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ფ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 24 ივნისის განაჩენით:
ო. ფ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ფ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 228-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შევიდა ცვლილება. კერძოდ, ზ. ფ-ლს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით მისჯილი სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ორი წლით და ამ კვალიფიკაციით მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ორი წლით და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ზ. ფ-ლს მოსახდელად დარჩა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინებით ო. ფ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონო ტარება, შენახვა, გადაზიდვა, შეძენა და დამზადება; სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება აფეთქებით, ანგარებითი ქვენაგრძნობით, რომელსაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზარალი და სხვა მძიმე შედეგი.
მსჯავრდებული ო. ფ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით ო. ფ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სხვისი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის აფეთქებით, ანგარებითი ქვენაგრძნობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ფ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილის სახით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით შეამოწმა განჩინება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზ. ფ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება მისი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განჩინებით ზ. ფ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1999 წლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
ზ. ფ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, ხოლო ზ. ფ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1999 წლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მათთან მიმართებაში ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ ო. ფ-სა და ზ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილზე;
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.