Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-17-კ 24 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომაგენლის საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარე _ სახელმწიფო ავიაკომპანია «...... «, მესამე პირები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააქციო საზოგადოება «ა-ი», თბილისის საოლქო სასამართლოს 15.12.99 წ. განჩინების და 10.XI.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლომ განიხილა ავიაკომპანია «......-ს» (..... გაერთიანებული ავიარაზმი) სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, 1992-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს მგზავრებისა და ტვირთების განხორციელებული გადაზიდვების ანაზღაურების შესახებ და თავისი 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 402.403 ლარის გადახდა სახელმწიფო ავიაკომპანია «......-ს» სასარგებლოდ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომელმაცE სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩართო ფინანსთა სამინისტრო, ხოლო თავდაპირველი მოპასუხეები _ თავდაცვის სამინისტრო და ს.ს. «ა-ი» ჩაბმული იქნენ საქმეში მესამე პირებად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 10 ნოემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს დავალიანება 402.403 ლარი ჩათვალა შიდა სახელმწიფო ვალად და დაავალა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს აღნიშნულ თანხის ჩათვლა ავიაკომპანია «......-ს» სასარგებლოდ მისი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით საჩივარი შეტანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს მიერ. სააპელაციო სასამართლომ 01.12.99 წ. განჩინებით მიიღო საჩივარი და დანიშნა საქმის განხილვა. 15.12.99 წ. საქმის ზეპირი განხივლისას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა ექიმის ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი ა. წ. 10 ნოემბერს იყო ავად. სააპელაციო სასამართლომ 15.12.99 წ. განჩინებით ჩათვალა, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა 10.11.99 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტლება.

ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 10.11.99 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 15.12.99 წ. განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა. თავდაცვის სამინისტროს დავალიანების შიდა სახელმწიფო ვალად აღიარებით დაირღვა «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონით საამისოდ დადგენილი პროცედურა.

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობას სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს და თვლის, რომ ავადმყოფობის შესახებ წარმოდგენილი ცნობა იძლეოდა საფუძველს ვარაუდისა, რომ სასამართლო სხდომის დროის და ადგილის შესახებ ინფორმირებული პირი მოკლებული იყო სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობას მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, სახეზეა 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, საპატიო მიზეზით გამოწვეული მხარის გამოუცხადებლობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე, 412-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის მე-2, 261 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის განჩინება.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. საქმის განხილვა განახლდეს, საქმე განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.