გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ\ად-19-კ 27 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
სააქციო საზოგადოება «ქ-ის» წარმომადგენლის, იურიდიული ფირმა «პ-ის» პრეზიდენტის, ადვოკატ რ. ხ-ას (26.11.99 წ. მინდობილობა), შ.პ.ს. «ე-ს» იურისტის თ. ფ-ის (17.08.99 წ. მინდობილობა) მონაწილეობით განიხილა ს.ს. «ქ-ის» გენერალური დირექტორის ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 10.01.2000 წ. განჩინებაზე. სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 22 ოქტომბერს შ.პ.ს. «ე-ს» მიერ აღძრული იქნა სარჩელი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიმართ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესაგებელში (ს.ფ. 53) და საქმის მსვლელობის დროს (ს.ფ. 80) პალატის წარმომადგენლის გ. ე-ის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ს.ს. «ქ-ის» ჩართვის შესახებ. მოპასუხის შუამდგომლობის უარყოფის გამო, ს.ს. «ქ-ამ» კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 6 იანვარს განიხილა კერძო საჩივარი და განჩინებით დააკმაყოფილა იგი, ს.ს. «ქ-ა» ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ამასთანავე, ამავე პალატის 2000 წლის 10 იანვრის განჩინებით, ს.ს. «ქ-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრდა საკასაციო წესით, ს.ს. «ქ-ის» გენერალური დირექტორი საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს 10.01.2000 წ. განჩინების გაუქმებას და ს.ს. «ქ-ის» სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას.
საქმის მასალების განხილვისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 30.05.95 წ. ¹203 ბრძანებულებით დამტკიცებული «სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ» დებულების თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს დამოუკიდებელ, არასახელმწიფო საჯარო კორპორაციას, სავაჭრო-სამრეწველო პალატა დებულების თანახმად ამოწმებს სერტიფიკატებს (მოწმობებს) რესპუბლიკიდან გასატანი საქონლის წარმოშობის შესახებ, აწარმოებს საიმედო საწარმოთა რეესტრს, ახდენს დოკუმენტაციის დამოწმებას, მაშასადამე პალატა თავისი ბუნებით წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავა გასატანი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვინაიდან ს.ს. «ქ-ზე» გავრცელდება საამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, იგი აუცილებლად უნდა მოწვეულიყო (აუცილებელი მოწვევა). მოწვეულ პირს შეეძლო ესარგებლა ყველა საპროცესო უფლებებით და მიეღო აქტიური მონაწილეობა საქმის წარმოების ყველა ეტაპზე. სასამართლო, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, თვლის, რომ სს: «ქ-ს» უდავოდ აქვს საქმეში მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ინტერესი, რის გამოც იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოწვეული. ამასთანავე, ვინაიდან დავა იმთავითვე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, სადავო საკითხი უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. შესაბამისად, მესამე პირის სტატუსი, მისი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ-საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა გადაწყვეტილიყო. სადავო განჩინების მი-ღების დროისათვის ძალაში შესული ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, მესამე პირი ადმინისტრაციულ პროცესში სარგებლობს მხარის ყველა უფლებით. ასეთ პირობებში ს.ს. «ქ-ის» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ფაქტობრივად მართლმსაჯულებაზე უარის ტოლფასია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართვლეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად მესამე პირებს, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე არა აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (ს.ფ. 136-137). აღნიშნული მუხლი არ შეიცავს ამგვარ აკრძალვას, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის აღნიშნულის საფუძველზე, საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე დაყრდნობით საჩივრის განუხილველად დატოვებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-16 მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 393-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 10.01.2000 წლის განჩინება.
2. საქმე სააპელაციო წესით განსახილველად გადაცეეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.