გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-/ად-25-კ 13 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით განიხილა ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამარლთოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის
2000 წლის 17 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. რ-ის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონის მიწათსარგებლობის სამმართველოსა და საგარეჯოს გამგეობის 1999 წლის 22 ივნისის ერთობლივი აქტი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ ქ. და ს. რ-ების მიმართ. მესამე პირს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ქ. რ-ს უარი ეთქვა 28 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე ს. რ-ისაგან ქ. საგარეჯოში, ...... ქ. ¹84-ში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება აპელაციურია ერთი თვის ვადაში თბილისის საოლქო სასამართლოში საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტილების მხარეებისათვის გადაცემის მომენტიდან (და არა გამოცხადების მომენტიდან).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ქ. რ-ის მიერ 1999 წლის 24 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, სადაც აპელანტი მოითხოვდა საქმის ხელახლა განხილვასა და გადაწყვეტას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 იანვრის განჩინებით განუხილველად დატოვა ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.
2. ქ. რ-ის რწმუნებული, ა. რ-ი მონაწილეობდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა 1999 წლის 18 ნოემბერს, გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გავიდა 1999 წლის 18 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 24 დეკემბერს, ე.ი. 5 დღის დაგვიანებით. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება არ შეიძლება და ამდენად, ქეთევან რევაზიშვილის სააპელაEიო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა დარჩეს.
კასატორმა, ქ. რ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
1. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას არასწორად განემარტა, რომ შეეძლო გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (და არა გამოცხადების მომენტიდან).
2. სააპელაციო საჩივარი მის მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ თბილისის საოლქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად მას უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, რითაც დაირღვა მისი საპროცესო უფლებები და არ მიეცა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მიერ განხილული დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ვინაიდან საოლქო სასამართლოს განჩინება გამოტანილია 2000 წლის 17 იანვარს, იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. ამ კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად „გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი», „თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში».
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. რ-ს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არასწორად განემარტა გასაჩივრების ვადა, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად მას შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში სასამართლო მას ვერ გამოიყენებს.
ამდენად, ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 412-ე მუხლებით:
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 იანვრის განჩინება.
3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.