გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3გ-29-კ 3 თებერვალი, 2000 წ.
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ.კლარჯეიშვილი
კასატორის ყვარლის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის გ.ს-ის რწმუნება ¹27, 08.02.2000 წ.)
მოწინააღმდეგე მხარის – ქალაქ ყვარლის საკრებულოს წარმომადგენლების, ქალაქ ყვარლის საკრებულოს მდივნის ი.ნატროშვილის (რწმუნება ¹2, 09.02ბ2000 წ.) ადვოკატ თ.ჩ-ის (ორდერი ¹.., 01.12.2000 წ.) მონაწილეობით.
განიხილა ყვარლის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე. კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითი განხილვისათვის ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატისათვის დაბრუნებას.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
„საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის, მისი კოცეფციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 23.09.98 წ. ¹531 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ყვარლის რაიონის გამგეობის 02.12.98 წ. ¹203 დადგენილებით, ყვარლის რაიონის სოფლის წყალსადენების საექსპლუატაციო სამმართველოს და წყალკანალიზაციის საწარმოს „...ის“ ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა წყალსადენ-კანალიზაციის ერთიანი სპეციალიზებული სამსახური – ყვარლის რაიონის წყალსადენკანალიზაციის სამმართველო (ს.ფ.7). ქალაქ ყვარლის საკრებულოს 12.03.99 წ. გადაწყვეტილებით შეიქმნა ქალაქის გამგეობის დაქვემდებარებული ადგილობრივი სამსახური – წყალ-კანალიზაციის საწარმო „...ი“ (ს.ფ.14). ყვარლის რაიონის გამგეობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით ქალაქ ყვარლის საკრებულომ გადააჭარბა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებებს, დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 23.09.98 წ. ¹531 ბრძანებულება, რაიონის გამგეობის 02.12.98 წ. დადგენილება და სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონის სასამართლოს, რომლის 13.04.99 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყვარლის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ყვარლის საკრებულოს 12.03.99 წ. გადაწყვეტილება საწარმოო „...ის“ შექმნის შესახებ ჩათვალა კანონიერად, ხოლო ქონება, რომელსაც ფლობდა აღნიშნული საწარმო, დაუბრუნდა ყვარლის რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველოს. ქალაქ ყვარლის საკრებულომ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ყვარლის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 19.10.99 წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ქ.ყვარლის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი და გააუქმა ყვარლის რაიონის სასამართლოს 13.04.99 წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემების ორგანიზება, მისი შენახვა და განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება, ამდენად ქ.ყვარლის საკრებულოს სრული უფლება ჰქონდა შეექმნა საწარმოო „...ი“, თუ საკითხს სხვაგვარად არ მოაწესრიგებდა ყვარლის რაიონის საკრებულო, რაც მას, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ გაუკეთებია.
2. საქართველოს პრეზიდენტის 23.09.98 წ.¹531 ბრძანებულება არ ითვალისწინებს რაიონული დაქვემდებარებაში მყოფ ქალაქებში არსებული წყალმომარაგების ორგანიზაციების ქონების რაიონული ორგანიზაციებისათვის გადაცემას. ბრძანების მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მელიორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის რაიონული სოფლის წყალსადენების საექსპლუატაციო სამმართველოების ბალანსზე რიცხული სოფლის წყალსადენების სისტემების უძრავ-მოძრავი ქონებით ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ბალანსზე გადაცემას და ქალაქებსა და რაიონებში ერთიანი სპეციალიზებული სამსახურის შექმნას. ამგვარი სამსახურის შექმნა ნიშნავს არა ერთი იურიდიული პირის ჩამოყალიბებას, არამედ ისეთი სამსახურის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს რაიონის წყალმომარაგების სისტემის ერთიან და კოორდინირებულ მუშაობას.
3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონება ყვარლის რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველოს ბალანსზე არ ირიცხებოდა, რის დასადასტურებლად მიუთითა ყვარლის რაიონის გამგეობის 06.05.97 წ. დადგენილება (ს.ფ.9), რომლითაც დაკმაყოფილდა ქ.ყვარლის გაგეობის თხოვნა და რაიონული დაქვემდებარებიდან ქ.ყვარლის დაქვემდებარებაში გადაიცა საბინაო-კომუნალური გაერთიანება და ქ.ყვარლის „...ი“, რითაც სააპელაციო სასამართლოს აზრით დასტურდება, რომ საწარმო ...ი თავისი ქონებით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის ამოქმედების დროს არ იმყოფებოდა რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში და შესაბამისად მის ბალანსზე რიცხული ქონება არ წარმოადგენდა რაიონის გამგეობის ქონებას.
ყვარლის რაიონის გამგეობამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.X.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, ვინაიდან სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, ქ.ყვარლის საკრებულოს 12.03.99 წ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-8 მუხლს. ყვარლის რაიონის გამგეობის 19.03.99 წ. ¹29 დადგენილებით უკანონოდ იქნა ცნობილი ქ.ყვარლის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რის გამოც საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის აპელანტი, როგორც პროცესის მხარე, არ არსებობდა და მისი საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო. საწარმო „...ს“ არასწორად მიეკუთვნა ქონება, რომელიც მუნიციპალურ და არა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას შეადგენს.
მოწინააღმდეგე მხარე, საკასაციო საჩივრის პასუხში არ ცნობს საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი არ უთითებს თუ რომელი კანონი იქნა საოლქო სასამართლოს მიერ არასწორად გამოყენებული. ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ ყვარლის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ ყვარლის წყალმომარაგების ადგილობრვი სისტემის ორგანიზება, მისი შენახვა და განვითარება. ქალაქ ყვარლის საკრებულოს 12.03.99 წ. გადაწყვეტილებით კი არ შეიქმნა, არამედ გაიმიჯნა ქალაქ ყვარლის საკრებულოს და ქალაქ ყვარლის გემგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახური. წყალკანალიზაციის საწარმო „...ი“ ყვარლის რაიონის სასამართლოს 11.09.96 წ. ¹55/7-16 დადგენილებით გატარებული იქნა რეგისტრაციაში, ამდენად ყვარლის რაიონის გამგეობის 19.03.99 წ. ¹29 დადგენილებით არ შეეძლო აღნიშნული საწარმოს, ისევე როგორც ქალაქ ყვარლის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება.
მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ყვარლის საკრებულოს უფლება ჰქონდა შეექმნა საწარმო „...ი“, ვინაიდან წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზება, მისი შენახვა და განვითარება „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოტივაციით, იგივე დასკვნაა გაკეთებული ყვარლის რაიონის სასამართლოს 13.04.99 წ. გადაწყვეტილებაში. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ 19.10.00 წ. გადაწყვეტილებით მთლიანად გააუქმა ყვარლის რაიონის სასამართლოს 13.04.99 წ. გადაწყვეტილება.
ორგანული კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95 წ. ¹362 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დროებითი დებულების მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მმართველობის პირველი დონის ორგანოები, რომლებსაც განეკუთვნებოდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო მმართველობის შესაბამის რაიონულ ორგანოებს, ხოლო 31-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი მეურნეობა მოიცავდა საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, საწარმოო და სოციალური უზრუნველყოფის ობიექტებს, ისინი წარმოადგენენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მუნიციპალურ ქონებას, რომელსაც დებულების 32-ე და 34-ე მუხლების თანახმად, განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო. ქალაქ ყვარლის საკრებულომ, მიიღო რა სადავო აქტი, ფაქტიურად გააუქმა რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც სოფლის წყალსადენების სამმართველოს და სახაზინო საწარმოს „...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენ-კანალიზაციის სისტემები უძრავ-მოძრავი ქონების გადაეცა ახლადშექმნილ სამსახურს – ყვარლის რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველოს. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს მიერ გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის დონეზე, რაც შეეხება რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის გადაწყვეტილებებს, მათი გაუქმება შეადგენს სასამართლოს ან საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანული კანონის მე-40 მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებია სასამართლოში რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, უკეთუ თვლიდა, რომ სადავო აქტი ზღუდავდა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტირებულ უფლებებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ.ყვარლის საკრებულოს გადაწყვეტილება საწარმო „...ის“ შექმნის შესახებ დამოკიდებული იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს მიერ საკითხის სხვაგვარ გადაწყვეტაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ადგილობრივ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ ინსტანციას წარმოადგენს და მათი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს თავად თვითმმართველობის ორგანოს ან სასამართლოს მიერ. რაც შეეხება წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებას, შენახვას და განვითარებას, აღნიშნული, ორგანული კანონის თანახმად, შეადგენს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის (მე-7 მუხ, „ო“ ქვეპუნქტი), არამედ ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციასაც (მე-8 მუხლის I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 26-ე ძმუხლის I პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სადავო ქონება ყვარლის რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველოს ბალანსზე არ ირიცხებოდა, რის დასადასტურებლად მიუთითა ყვარლის რაიონის გამგეობის 06.05.97 წ. დადგენილება (ს.ფ.9), რომლითაც დაკმაყოფილდა ქ.ყვარლის გამგეობის თხოვნა და რაიონული დაქვემდებარებიდან ქ.ყვარლის დაქვემდებარებაში გადაიცა საბინაო-კომუნალური გაერთიანება და ქ.ყვარლის „...ი“, რითაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, დასტურდება, რომ საწარმო „...ი“ თავისი ქონებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის ამოქმედების დროს არ იმყოფებოდა რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში და შესაბამისად მის ბალანსზე რიცხული ქონება არ წარმოადგენდა რაიონის გამგეობის ქონებას. ამასთანავე, სასამართლოს არ უმსჯელია ორგანული კანონის ამოქმედებამდე ყვარლის რაიონის გამგეობის 02.12.98 წ. დადგენილებაზე (ს.ფ.7), რომლითაც სოფლის წყალსადენების სამმართველოს და „...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენ-კანალიზაციის სისტემები უძრავ-მოძრავი ქონებით გადაეცა ახლადშექმნილ სამსახურს – ყვარლის რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველოს.
დავის ქონებრივი ასპექტის გადაწყვეტისას სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე საქმის მასალებში დაცულ ყვარლის რაიონის გამგეობის 05.03.97 წ. ¹39 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც რაიონის გამგეობის 26.08.96 წ. ¹176 დადგენილებით შექმნილი „...ის“ ფუნქციონირებისათვის გამოიყო ექსკავატორის შესაძენი თანხა. სასამართლო არ შეხებია აგრეთვე ყვარლის საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანების წყალსადენ-კანალიზაციის სახაზინო საწარმოს დაფუძნების საკითხს, კერძოდ, გაურკვეველი რჩება ის, თუ ვისი ქონების საფუძველზეა შექმნილი სახაზინო საწარმო, ვის ექვემდებარებოდა ყოფილი კომუნალური საწარმოთა კომბინატის წყალსადენების ქონება, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სახაზინო საწარმო. საქმეში დაცული ყარლის რაიონის გამგეობის 26.08.96 წ. ¹176 დადგენილება (ს.ფ.17), რომლითაც დაფუძნდა სახაზინო საწარმო, დამტკიცდა მისი წესდება, იგი ჩაითვალა კომუნალური მეურნეობის გაერთიანების წყალსადენის სამართალმემკვიდრედ. მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი ასლის (სბფ.134-140) თანახმად, საწარმოს ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ქალაქის გამგეობის წინაშე, მის რევიზიას ახორციელებს ქალაქის გამგეობის მიერ შერჩეული აუდიტორი, ამასთანავე წესდებაში ტერმინის „რაიონი“ გადაკეთებულია „ქალაქზე“, ამდენად, წესდების ასლი მტკიცებულებით არ უნდა იქნეს მიჩნეული.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყვარლის რაიონის გამგეობამ 13.03.99 წ. ¹23 დადგენილებით გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგანაც გააუქმა ქალაქ ყვარლის საკრებულოს გადაწყვეტილება. აღნიშნული დადგენილებით (ს.ფ. 29,30), ყვარლის რაიონის გამგეობას არ გაუუქმებია ქ.ყვარლის საკრებულოს 12.03.99 წ. გადაწყვეტილება, არამედ, მიიჩნია რა იგი უკანონოდ, დაადგინა აქტის გაუქმების მოთხოვნით რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანა. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 12.03.99 წ. გადაწყვეტილებით ქალაქ ყვარლის საკრებულომ კი არ შექმნა, არამედ გამიჯნა ქალაქ ყვარლის საკრებულოსა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, რადგანაც სადავო დაქტში საუბარია მხოლოდ გამგეობისადმი დაქვემდებარებულ სამსახურებზე, ხოლო სასამართლოს არ უმსჯელია სხვადასხვა დონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის სახელმწიფო ქონების გამიჯვნის მართლზომიერებაზე, პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ განსაზღვრულა ორგანული კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საკუთრებაში შემავალი ობიექტების ნუსხა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესი (ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) იმ დროისათვის განსაზღვრული არ ყოფილა („ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გაცემის წესი“ დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 25.05.99 წ. ¹334 ბრძანებულებით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე, 404-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, ყვარლის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.10.99 წ. გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
3. განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეწზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
5. განჩინება გადაეცეს მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.