გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3გ-ად-23-კ 15 იანვარი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.10.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათის დაბრუნების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1998 წლის 5 მარტს გამოიცა ¹85 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგითი და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ“, აღნიშნული ბრძანებით საქართველოს, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შს სამინისტროების, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) საქალაქო და რაიონული (სამმართველოების) განყოფილებების დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში რეგისტრატორთა და ოპერატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულები შეიცვალა უმცროს ინსპექტორ-ოპერატორთა და უმცროს ინსპექტორ-რეგისტრატორთა, რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის ატესტირებულ საშტატო ერთეულებად. ამასთანავე, შ.ს. ორგანოების ხელმძღვანელებს სამსახურის გავლის დებულების, „პოლიციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 42-ე მუხლების დაცვით, დაევალათ საკადრო საკითხების განხილვა (ს.ფ. 5, 68-69).
აღნიშნული ბრძანების შესასრულებლად მოპასუხის მიერ 1998 წლის 6 აპრილს გამოიცა ¹139 საორგანიზაციო საშტატო ბრძანება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებული სამმართველოების საპაპსპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის შტატებში ცვლილებების ჩამონათალი (ს.ფ. 6-8).
მოსარჩელე ორგანიზაციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 და 06.04.98 წ. ¹139 ბრძანებების ბათილად ცნობა (ს.ფ. 2-4; 26-28). მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში უთითებდა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში 16.10.97 წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი უნდა განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტებით. სადავო აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ და არა ნორმატიულ აქტებს, ამდენად მითითებული სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 07.10.99წ. გადაწყვეტილებით უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სადავო ბრძანებები მიღებული იქნა პროფესიული კავშირების ორგანოებთან შეთანხმებით, კერძოდ, 10.09.97 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ¹5/61-2192 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალურ საბჭოს. უკანასკნელმა 15.01.98 წ. ¹01/15 წერილით აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების საფუძველზე სამინისტრო (მინისტრი) უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებში რეორგანიზაცია, მოახდინოს შესაბამისი დებულებებისა და სტრუქტურის დამტკიცება (ს.ფ. 72).
ამასთანავე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს პროფკომიტეტმა თავისი 29.01.98 წ. ¹91/8-3 წერილით აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ 12.09.97 წ. გამართულ თბილისის შს მთავარი სამმართველოს პროფკავშირის კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ მთავარ სამმართველოზე დაქვემდებარებული ყველა რაიონული სამმართველოებისა და ქალაქის საპასპორტო სამსახურის ნებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთაც გააცნეს სამინისტროს გადაწყვეტილება შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებში რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების ატესტირებულ საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ (ს.ფ. 75-80). მხოლოდ აღნიშნული პროცედურის შემდეგ მიღებულ იქნა სადავო ბრძანება.
2. მოსარჩელისათვის სადავო აქტების მიღება ცნობილი გახდა 1998 წლის მაისის პირველ რიცხვებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას სრული უფლება ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე მიმერთა საერთო კომპეტენციის სასამართლო ორგანოებისათვის სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. მოსარჩელემ დაარღვია აგრეთვე ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნა და კოდექსის ძალაში შესვლიდან ანუ 1999 წლის 15 მაისიდან ერთი თვის ვადაში არ მიმართა საერთო კომპეტენციის სასამართლოს სადავო ბრძანების ბათილად ცნობისათვის. სარჩელის სასამართლოში შეტანის ერთთვიანი ვადა არის აღმკვეთი და მისი აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება.
3. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ“ 15.04.97 წ. კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა 17.11.97წ. ¹672 ბრძანებულებით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის თანახმადაც მინისტრი უფლებამოსილია დაამტკიცოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და საშტატო ნუსხები, გაატარონ ერთიანი საკადრო პოლიტიკა, შეიმუშაოს პოლიციაში სამსახურის ერთიანი მოთხოვნები, პირობები, წესები, ტიპობრივი ნორმატივები. ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 17.11.97 წ. დებულება წარმოადგენს სპეციალიზებულ ნორმატიულ აქტს და მიღებულია „საქართველოს პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ (16.X.97 წ), სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სადავო ბრძანებების მიღებისას არ გასცდენია თავისი კომპეტენციის ფარგლებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართოლს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.10.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ვინაიდან სადავო ბრძანებები გამოცემული და ხელმოწერილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, მოპასუხდ საქმეშ ჩაბმული უნდა ყოფილიყო მინისტრი. საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, იურიდიულ პირს ან ორგანიზაციას სასამართლოში საქმისწ არმოების უფლება ენიჭება იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია იურიდიული პირის თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის უფლება სასამართლოში გააჩნდა მხოლოდ მინისტრს, ხოლო ამ უკანასკნელის შერჩევით რომელიმე თანამშრომელს, მინისტრის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მინისტრის წარმომადგენლად სასამართლო სხდომაზე მონაწილე პირებს არ ჰქონდათ მინისტრის მიერ გაცემული მინდობილობა, მინდობილობები არ პასუხობდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მათში არ იყო მითითებული წარმომადგენელთა უფლებამოსილებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის და მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად, რის გამო, კასატორის აზრით, საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება კანონის დარღვევად მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
2. სასამართლო სხდომაზე არ იყო განხილული 25.08.97 წ. ოპერატიული თათბირის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 ბრძანებას. კასატორის აზრით, საქმეში დაცული (ს.ფ. 70-71) სამინისტროს შტაბის უფროსის 25.08.97 წ. ¹8/1-30 წერილის შინააგსიდან გამომდინარე, ოპერატიულ თათბირზე მიღებულ იქნა გააწყვეტილება, რომელიც იცავდა მუშაკთა ინტერესებს. სადავო ბრძანება დიამატრიულად ეწინააღმდეგება ოპერატიულ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რის გამოც აუცილებელი იყო სასამართლოზე თვით ოპერატიული თათბირის ოქმის განხილვა აღნიშნულის გამო არ მომხდარა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა (სსკ 105.2 მუხ) დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
3.გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს სახელმწიფო, მუნიციპალური დაწესებულებების და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური საბჭოს 15.01.98 წ. ¹01/15 წერილს, რომელშიც განმარტებულია შსს დებულების პუნქტები და მინისტრის უფლებამოსილებები. ამასთანავე, კასატორის აზრით სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა მთავარი, კერძოდ ის, რომ შტატების რეორგანიზაციის შემთხვევაში ადმინისტრაიცას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 36-ე, 37-ე, 422-ე, 423-ე მუხლების და „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მოთხვნებით. აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სსკ 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.
4. მოსარჩელეს არ გაუცდენია სასამართლოში გასაჩივრების ერთ თვიანი ვადა. მუშაკთა სამსახურიდან მასიური დათხოვნის შეტყობისთანავე, ერთი თვის ვადაში, შინაგან საქმეთა მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 და 06.04.98 წ. ¹139 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი შეტანილ იქნა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში. უკანასკნელის ინიციტივით სადავო ბრძანებების კონსტიტუციურობის საკითხი იხილებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის 28.10.98 წ. განჩინებით სადავო აქტები არ იქნა მიჩნეული ნორმატიულ აქტებად, ხოლო საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლო კოლეგიამ უყურადღებოდ დატოვა ეს გარემოება, არ დაურთო საქმეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღნიშნული გარემოება არც ოქმში ასახულა.
5. კასატორის აზრით, ოპერატორთა და რეგისტრატორთა სამუშაოდან მასიური დათხოვნის საკითხი მინისტრს უნდა გადაეწყვიტა ნორმატიული და არა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების მიღებით. ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს პარლამენტის 27.07.96 წ. ¹324-11-ს დადგენილების მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, აქტი უნდა ატარებდეს ნორმატიულ ხასიათს. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამინისტროს ნორმატიული აქტით. მიუხედავად ამისა, სადავო ბრძანებები არ პასუხობენ ნორმატიული აქტებისათვის წაყენებულ არც ერთ მოთხოვნას.
მოწინააღმდეგე მხარე, საკასაციო საჩივრის პასუხში არ ცნობს საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. მოცემულ შემთხვევაში შს მინისტრის უფლებამოსილი პირია შსს კადრების და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომლის ხელის მოწერითაც გაიცა მინდობილობები.
2. შსს 25.08.97 წ. ოპერატიული თათბირის ოქმის განხილვა საქართველოს პროფესიული კაშვირების გაერთიანების წარმომადგენლებს პროცესზე არ მოუთხოვიათ, ასეთი მოთხოვნის არსებობისას სასამართოლ განხილავდა მას.
3. შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 42-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ეცნობა საქართველოს შს სამინისტროს პროფკაშვირების თავმჯდომარეს, საქართველოს შ.ს. სამინისტროს ქ. თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს და საქართველოს სახელმწიფო, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარეს, უკანასკნელმა, 15.01.98 წ., ¹01/15 წერილით, უპასუხა შ.ს. სამინისტროს, რომ „შ.ს. სამინისტრო (მინისტრი) უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებში რეორგანიზაცია, მოახდინოს შესაბამისი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცება“. ამასთანავე, შ.ს.ს. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ 29.01.98 წ. ¹91/8-3 წერილით აცნობა სამინისტროს, რომ პროფკავშირის კომიტეტის 12.09.97 წ. სხდომაზე მოწვეული იყვნენ ქ. თბილისის ყველა რაიონული სამმართველოების საპასპროტო- სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფების ნებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთაც გააცნეს შ.ს. სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება. საწინააღმდეგო აზრი არც ერთ თანამშრომელს არ გამოუთქვამს, ხოლო ინფორმაციის გაცნობა თავიანთი ხელმოწერით დაადასტურეს.
4. პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დარღვეულ იქნა სარჩელის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან სადავო ბრძანებების გამოცემის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ჯერ კიდევ 1998 წლის მაისის თვეში შეიტყო, ცალკეული ნებით დაქირავებული ოპერატორ-რეგისტრატორთა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სხვადასხვა რაიონების სასამართლებში სასარჩელო განცხადებებიც კი შეიტანა. ამასთანავე, ¹85 და ¹139 ბრძანებების ბათილად ცნობის საკითხი აღნიშნულ სარჩელებში არ დასმულა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.10. 98 წ. განჩინების მიღების შემდეგ, მოსარჩელეს არ უცდია სასარჩელო განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის, ასეთი განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა ერთთვიანი ვადის დარღვევით – 17.08.99 წ.
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივარზე პასუხის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კასატორს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმეში, მოპასუხის სახით, მინისტრის ჩაბმის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული არ ესადაგება საქმის განხილვის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 360-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ საჯარო სამართლებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის მმართველმა ორგანომ მიიღო აქტი. სახელდობრ ამით იყო განპირობებული მოსარჩელის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადების შეტანა, რომლითაც, პირვანდელი სარჩელისაგან განსხვავებით, მოპასუხედ დასახელდა არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კანონმდებლობის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრი აქტის გამოცემისას მოქმედებს არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ როგორც სამინისტროს ნების შემმუშავებელი და განმახორციელებელი ორგანო, ამდენად პროცესუალური უფლება-მოვალეობების მატარებელი არის სამინისტრო და არა მინისტრი, შესაბამისად მინდობილობა მართებულად გაიცა არა მინისტრის, არამედ სამინისტროს ინტერესების დასაცავად (ს.ფ. 105-106).
სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 93-ე მულის I ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის უფლება სასამართლში მხოლოდ თვით მინისტრს გააჩნდა. აღნიშნული არ ემყარება პროცესუალურ კანონმდებლობას, რაც ნათლად დასტურდება 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან, რომლის თანახმადაც მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. კასატორის არგუმენტაციის მოშველიებით არც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელს ჰქონდა პროცესზე წარმომადგენლობის უფლება, ვინაიდან მინდობილობა გაცემული იყო არა გაერთიანების თავმჯდომარის მიერ, რომლის სახელითაც იყო შეტანილი სარჩელი, არამედ თავმჯდომარის მიერ, რომლის სახელითაც იყო შეტანილი სარჩელი, არამედ თავმჯდომარის მოადგილის მიერ (ს.ფ. 104). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების გათვალისწინებით („საქართველოს შ.ს.ს. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის დებულების“ მე-3 და მე-6 თავი), ცხადია დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ ფუნქციონალური დატვირთვის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლობის და მინდობილობის გაცემის უფლება, მით უფრო, რომ მოპასუხეს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია პროცესში წარმომადგენლებად გამოსული პირების უფლებამოსილება.
კანონის დარღვევას არ წარმოადგენს აგრეთვე მინდობილობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა მიუთითებლობა. კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებები არ წარმოადგენენ მინდობილობის სავალდებულო კომპონენტს. მინდობილობაში მათი აღნიშვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკვე თუ მარწმუნებელს სურს აღჭურვოს წარმომადგენელი 98-ე მუხლში მითითებული რომელიმე სპეციალური უფლებით. წარმომადგენელს აქვს უფლება მარწმუნებელი ორგანიზაციის სახელით შეასრულოს ყველა პროცესუალური მოქმედება, გარდა სპეციალური უფლებამოსილებისა, რომელთა შესრულების უფლება სათანადოდ უნდა იქნეს აღნიშნული მინდობილობაში. საგულისხმოა, რომ თვით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გაცემულ მინდობილობაში ასევე არ არის მითითებული საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებები.
2. საქმეში დაცული შ.ს. სამინისტროს შტაბის უფროსის 26.08.97 წ. ¹8/1-30 წერილის შინაარსიდან (ს.ფ. 70-71) ირკვევა, რომ შ.ს. მინისტრთან 25.08.97 წ. გამართულ ოპერატიულ თათბირზე საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროს მიეცა დავალება მოემზადებინა დირექტიული მითითება საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს დანაყოფებში რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული შტატების ატესტირებულ რიგოსანთა (ზემდეგთა) შტატებად გადაკვეთების შესახებ, სადაც განმარტებული იქნებოდა „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად ასაკობრივი შეზღუდვები და 2 თვის შემდეგ მოხდებოდა ასაკგადაცილებულთა პენსიაში გაშვება. კასატორის აზრით აღნიშნული მოწმობა იმაზე, რომ ოპერატიულ თათბირზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც იცავდა მუშაკთა ინტერესებს და ზრუნავდა მათ მომავალზე, ხოლო შ.ს. მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 ბრძანება ოპერატიულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოა, რის გამოც სასამართლო პროცესზე საჭირო იყო ოპერატიული თათბირის ოქმის განხილვა. ვინაიდან შ.ს. სამინისტროს ხსენებული ოპერატიული თათბირის ოქმი სასამართლო სხდომაზე არ განხილულა, კასატორის აზრით, დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები და საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამათლო თვლის, რომ ოპერატიულ თათბირზე მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შ.ს. მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 ბრძანებას შორის წინააღმდეგობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ძალუძს აქტის მართლზომიერებაზე ზეგავლენის მოხდენა, ვინაიდან „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამთავრობო დაწესებულება ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97 წ. ¹672 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-12 პუნქტის თანახმად, მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ შ.ს.ს. 25.08.97 წ. ოპერატიული თათბირის ოქმის შინაარსი საკმაოდაა ასახული საქმეში დაცული შ.ს. სამინისტროს შტაბის უფროსის წერილიდან (ს.ფ. 70-71), ხოლო სასამართლოს ინიციატივით საქმის გარემოებათა გამოკვლევა წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას, ამასთანავე ოპერატიული თათბირის ოქმის სასამართლო პროცესზე განხილვა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, თვით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას პროცესის საჯაროობის წესების დარღვევისა და გადაწყვეტილების, 394-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად ჩათვლის შესახებ.
3. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში ყურადღებაა გამახვილებული შ.ს. სამინისტროს მიერ პროფკავშირული ორგანოებისა (ს.ფ. 72, 75) და საპასპორტო სამსახურების ნებით დაქირავებული მუშაკებისათვის (ს.ფ. 77-80) მომავალი რეორგანიზაციის შესახებ წინასწარ შეტყობინებაზე, რაც შეესაბამება „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 422 მუხლების მოთხოვნებს.
ამასთანავე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რადგანაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდმოარის წერილის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელშიც განმარტებულია სამინისტროს უფლებამოსილება განახორციელოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებში რეორგანიზაცია, შესაბამისი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცება (ს.ფ. 72, 130-131). კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიის ყურადღების მიღმა დარჩა წერილის მთავარი ნაწილი, რომელშიც მითითებულია ადმინისტრაციის ვალდებულება ნებით დაქირავებულ მუშაკებთან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას იხელმძღვანელოს შრომის კანონთა კოდექსის და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებით, რაც შსს მიერ არ განხორციელებულა და რასაც სასამართლო კოლეგიამ არ მისცა სათანადო შეფასება. პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა სცილდება დავის საგანს, მითითებული ნორმების დაცვას მნიშვნელობა აქვს კონკრეტული მუშაკის განთავისუფლების და არა სადავო აქტების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისათვის. საგულისხმოა აგრეთვე, რომ შ.ს. ორგანოების ხელმძღვანელების მიერ საკადრო საკითხის გადაწყვეტისას სამსახურის გავლის დებულების, „პოლიციის შესახებ“ კანონის და შრომის კანონთა კოდექსის სათანადო მუხლების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს თვით შ.ს. მინისტრის 05.03.98 წ. ¹85 ბრძანების მე-2 პუნქტი.
4. სასამართლო პალატა არ ეთანხმება საოლქო სასამართლო კოლეგიის დასკვნას ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ საქმეებზე საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი სარჩელის სასამართლოში შეტანის ერთთვიანი ვადის აღმკვეთი ხასიათის შესახებ. კოდექსის 65-ე მუხლით სასამართლოს მიერ კანონით განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნათლად ადასტურებს 361-ე მუხლით ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივ ურთიერთობებზე განისაზღვრა სარჩელის შეტანის შემცირებული ვადა, თავისთავად არ იძლევა აღნიშნული ვადის აღმკვეთი ვადების კატეგორიისადმი მიკუთვნების საშუალებას. ამასთანავე ის გარემოება, რომ მოსარჩელე ორგანიზაციისათვის, მისი წარმომადგენლის განმარტებით (ს.ფ. 117), ცნობილი გახდა სადავო აქტების შესახებ 1998 წლის აისის პირველ რიცხვებში, ნათლად მეტყველებს 361-ე მუხლით განსაზღვრული ვადის გაშვებას.
ოპერატიულ-რეგისტრატორთა თანამდებობაზე ცალკეული პირების აღდგენის მოთხოვნით რაიონის სასამართოლში სასარჩელო განცხადების შეტანა (ს.ფ. 13), საკასაციო პალატის აზრით, არ აჩერებს სსკ 361-ე მუხლით განსაზღვრულ ვადას. ქ. თბილისის იმჟამინდელი კრწანისის რაიონის სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა 05.03.98 წ. ¹85 და 06.04.98 ¹139 ბრძანებების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 28.10.98 წ. განჩინებით სადავო აქტების კონსტიტუციურობის შესახებ წარდგინების არსებითადგ ანხილვისათვის არ მიღება აქტების არანორმატიული ხასიათის გამო, არ ართმევდა საქართველოს პროფესიული კვშირების გაერთიანების უფლებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, მიემართა ქვემდებარეობისამებრ საერთო სასამართლოსადმი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებიდან, ანუ 1999 წლის 15 მაისიდან, კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე, ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი იყო ასეთი სარჩელის შეტანა სასამართლოში, რაც ასევე არ განხორცელდა. ამდენად, პალატა მართებულად თვლის სასამართლო კოლეგიის მიერ სარჩელის შეტანის ვადის დარღვევის გამო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სასამართლო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უკეთუ მინისტრის ბრძანება გამოიცა ნორმატიული აქტის – საქართველოს პარლამენტის 27.06.96წ. დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მაშასადამე იგი ნორმატიული ხასიათის უნდა იყოს. სასამართლო პალატა ითვალისწინებს იმას, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-4 პუნქტის დებულებას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აქვს სარეკომენდაციო და არა იმპერატიული ხასიათი, ამასთანავე, სადავო აქტების ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემა არ გამორიცხავს მათ ინდივიდუალურ-სამართლებრივ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ სადავო აქტები არ პასუხობენ ნორმატიული აქტებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს (არ არიან რეგისტრირებული, გამოქვეყნებული და სხვ.), სადავო აქტების ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.10.98 წ. ¹1/8/90 განჩინების გათვალისწინებით, პრეიუდიციულ ფაქტს წარმოადგენს. ამასთანავე, ეროვნული ბიუროს და შინაგანი საქმეთა ორგანოების მარეგლამენტირებელი არც ერთი ნორმატიული აქტი („პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-18 პუნქტი, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველში შემოსვლის წესაბის შესახებ“ 07.12.93 წ. კანონის მე-5-7 მუხლები, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 03.06.93 წ., კანნის მე-5 მუხლი, „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ 05.08.94 წ. დებულების მე-6 პუნქტი და სხვ.) არ ითვალისწინებს საპასპორტო სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა საშტატო ერთეულები დაკომპლექტებას მხოლოდ ნებით დაქირავებული პირებით. ამასთანავე, სამსახურის გავლის წესის მარეგლამენტირებელი ნორმები განისაზღვრა არა სადავო აქტებით, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 17.11.97 წ. დებულებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ 17.03.97 წ. დებულებით და შ.ს. მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა საშტატო ერთეულები ნებით დაქირავებული პირებისაგან დაკომპლექტებას არ ითვალისწინებს „დებულება საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელების რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 15.09.97 წ.), შ.ს. მინისტრის 14.07.97 წ. ¹430 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შ.ს.ს. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 15.07.97წ. 1.9 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების დაკომპლექტება ხდება უმაღლესი განათლების, ფიზიკურად და მორალურად მომზადებული კადრებით“. შ.ს. მინისტრის 08.09.97 წ. ¹513 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ დებულების“ (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 19.09.97 წ.) მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, შ.ს. სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სტრუქტურასა და შტატს ამტკიცებს და მათში ცვლილებებს ახდენს საქართველოს შ.ს. მინისტრი. შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების ხელმძღვანელები, მათდამი დაქვემდებარებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საშტატო და საკადრო საკითხებს წყვეტენ ეროვნული ბიუროს უფროსთან წინასწარ კონსულტაციისა და მისი თანხმობის მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმიანი ჩვეულებების დონეზე ჩამოყალიბებული საკადრო პრაქტიკის სრულყოფა განეკუთვნება შ.ს. მინისტრის გამგებლობას, მოცულია შ.ს. მინისტრის საერთო ხელმძღვანელობის ფარგლებით და არ საჭიროებს ნორმატიული აქტის გამოცემას. სტრუქტურის საშტატო განრიგის განსაზღვრა შესაძლებელია ინდივიდუალური აქტის მიღებით, სადავო ბრძანებები ეხება სამინისტროს სისტემის საკადრო დაკომპლექტებას და არა სამსახურის გავლის წესს, შესაბამისად სადავო აქტებით არ დარღვეულა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პალატას კანონიერად მიაჩნია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.10.99 წ. გადაწყვეტილება, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.10.99 წ. გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.