Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

3გ/ად-27-კ 24 იანვარი, 2000 წელი

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი

საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინგისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.10.99 წ. გადაწყვეტილების, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹130093 აქტის გაუქმების შესახებ. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

14.06.99 წ. ჩ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონის სასამართლოს მოპასუხის თ.ნ-ის, თანამოპასუხის სიღნაღის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი კომისიის 23.03.99 წ. აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე თ.ნ-ის უკანონო მოქმედებების აღკვეთა. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მის მეზობლად მცხოვრებმა თ.ნ-მა, განიზრახა რა პრივატიზაციის შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში გადასული ნაკვეთის ნაწილის (0,0192 ჰა) მითვისება, გამავალი გზის გაფართოების საბაბით, ხელყოფს მის უფლებებს. თ.ნ-ის საჩივრის გამო სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი კომისიის აქტი იწვევს უსამართლო შედეგებს და მიღებულია კომპეტენციის გადაჭარბებით. სიღნაღის რაიონის სასამართლოს 08.07.99 წ. გადაწყვეტილებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩ.ე-ს უარი უთხრა კომისიის 23.03.99 წ. აქტის გაუქმებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ჩ.ე-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. ა.წ.18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამაპრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ჩ.ე-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა სიღნაღის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სიღნაღის რაიონის გამგეობის კომისიის 1999 წლის 23 მარტის აქტი უკანონოდ სცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი:

აქტის გაცემისას კომისიისათვის არ იყო ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹130093 აქტის არსებობა, თვით სიღნაღის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი მ.ხ-ე, რომელიც კომისიის შემადგენლობაში შედიოდა, კომისიის აქტს უკანონოდ მიიჩნევს (ს.ფ. 84,101). საქმეში დაცული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹130093 (ს.ფ.20), რომლის მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა ჩ.ე-ს, სასამართლო წესით სადავო არ გამხდარა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით ჩ.ე-ი წლების მანძილზე სარგებლობდა სადავო ნაკვეთით. კომისიის 23.03.99 წ. აქტის თანახმად, თ.ნ-ის სახლის პროექტი არ არის რეგისტრირებული არც საკრებულოში და არც ტექბიუროში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, ვინაიდან სადავო ნაკვეთს სიგრძეზე კვეთს სამანქანო გზა, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ თ.ნ-მაც და სხვა პირებმაც, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება ჩ.ე-ს არ წარმოეშობა.

მოწინააღმდეგე მხარემ – თ.ნ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საკასაციო საჩივრით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹130093 აქტის გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

ვინაიდან სადავო ნაკვეთის ღირებულება არ აღემატება 70 ლარს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად საოლქო სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. აღნიშნულის გამო სასამართლოს მთელი შემადგენლობისათვის გაცხადებული აცილება უმართებულოდ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულ იქნა სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რომელსაც გაეგზავნა თ.ნ-ის შეპასუხება. ვინაიდან დავა ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას ეხებოდა, საქმე განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. უკანასკნელისაგან გზავნილის მიღების შემთხვევაში სხვანაირი შეპასუხება შედგებოდა.

სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებისათვის გამოცხადებული სასამართლო შემადგენლობის მიერ არ იქნა ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმი. ოქმისათვის ხელი არ მოუწერიათ მხარეებს და მოწმეებს, ოქმის შინაარსი არც ადგილზე და არც სასამართლოში მხარეებისათვის არ გაუცნიათ.

კასატორი უმართებულოდ თვლის აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ სადავო ნაკვეთის მიღბა-ჩაბარების აქტის გამცემის – ვ.დ-ის მოწმედ გამოძახებაზე უარის თქმას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის კანონის დარღვევით გაცემაზე, რაც დასტურდება სოფლის გამგებლის ა.ბ-ის, რაიონის გამგეობის წარმომდაგენლის მ.ხ-ის ახსნა-განმარტებებით. კასატორი უკანონოდ თვლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს და უთითებს, რომ აქტი შედგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, მიწის ნაკვეთი იყო სადავო რასაც ადასტურებს საქმის მასალებში დაცული სიღნაღის პოლიციის მიერ გაცემული ცნობა, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გამოაჩინეს მხოლოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს. კასატორის აზრით, ჩ.ე-ი ეწეოდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთით სპეკულაციას, რის დასადასტურებლად საკასაციო საჩივარს ურთავს ე.ე-ის წერილობითი ახსნა-განმარტების ტექსტს. კასატორი თვლის აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს უნდა გამოეტანა დადგენილება, რომლის გასაჩივრების ვადა 10 დღეს შეადგენს. ამასთანავე, რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საკითხზე გამოტანილი დადგენილება არ ექვემდებარება კასაციას. სააპელაციო სასამართლო პროცესი, კასატორის აზრით, მიმდინარეობდა მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ, პროცესი ორჯერ შეწყდა, ერთხელ გამგეობის წარმომადგენლის მიერ რწმუნების წარმოდგენის, ხოლო მეორედ, გამგეობის დებულების გაცნობის საბაბით.

მოწინააღმდეგე მხარე – ჩ.ე-ი, საკასაციო საჩივრის შეპასუხებაში არ ცნობს საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მოსაზრება ნაკვეთის ღირებულების სიმცირის გამო სააპელაციო საჩივრის მიუღებლობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგანაც სადავო ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ამდენად მის ფასს თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს მესაკუთრე. ამასთანავე, დავა ეხება არა ქონებას, არამედ აქტის კანონიერებას, რის გამო, თ.ნ-ს მართებულად ეთქვა უარი სასამართლოს შემადგენლობის მიმართ დაყენებულ აცილებაზე. შეპასუხებაში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ თ.ნ-ის ყველა დანარჩენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადაო ნაკვეთი ადგილზე იქნა დათვალიერებული, საქმე განხილულ იქნა სიღნაღში ჩ.ე-ის აზრით, შეპასუხების შინაარსისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელი პალატა განიხილავდა საქმეს, ხოლო ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება მოხდა კანონის ყველა ნორმის დაცვით, ოქმი მდივნის მიერ გაფორმებულ იქნა მხარეების თანდასწრებით. შეპასუხებაში მითითებულია აგრეთვე, დრომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაცემულა ვ.დ-ის მიერ, მას რამდენიმე პირი აწერს ხელს, აქტი გაიცა მიწის მართვის სამმაპრთველოს მიერ საკითხის არაერთგზის გადამოწმების შემდეგ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელის წარდგენისთანავე, მიღება-ჩაბარების აქტი სასამართლო დავის საგანი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივარზე პასუხის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კასატორს, თ.ნ-ს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო.

ვინიაიდან დავის საგანი ეხება სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ, თ.ნ-ის განცხადების საფუძველზე შექმნილი კომისიის 23.03.99 წ. აქტის მართლზომიერებას, განსახილველი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა რიგს განეკუთვნება. სააპელაციო საჩივარი, აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ, წარმოადგენს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატიდან საქმე განსახილველად მართებულად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. ამასთანავე, შეპასუხების შინაარსი არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი პალატის განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკთუვნებოდა საქმე, მით უფრო, რომ თ.ნ-ის შეპასუხების (ს.ფ. 41-42) ძირითადი ნაწილი დაეთმო არა სააპელაციო ღირებულებას, არამედ საკრებულოს კომპეტენციის, მიწის პასპორტის გაცემის მართლზომიერების, ნაკვეთის აღრიცხვის, საკრებულოს დეპუტატთა განცხადების ნამდვილობის ანუ ადმინისტრაციულ საკითხებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია მიუხედავად სადავო ნაკვეთის ღირებულებისა. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს იმ მოტივით თ.ნ-ის მიერ კოლეგიისადმი დაყენებულ აცილებაზე უარის თქმას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს სხდომის გარეშე შესრულებული საპროცესო მოქმედების ოქმთან დაკავშირებითბ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოქმი მომზადებულ და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ არა მხარეები და მოწმეები, არამედ სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი. უკეთუ დათვალიერების ოქმში, საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იქნა ასახული დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, ოქმის ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს, მათ წარმომადგენლებს შეეძლოთ წარედგინათ შენიშვნები ოქმის მიმართ, რომლებსაც სასამართლო 5 დღის ვადაში განიხილავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ თვლის კასატორის – თ.ნ-ის პრეტენზიებს ადგილობრივი დათვალიერების ოქმის მიმართ.

უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მტკიცება ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის, მისი რაიონეულ სასამართლოში გასაჩივრების 10 დღიანი ვადის და კასაციის დაუშვებლობის შესახებ. ცხადია, რომ აღნიშნული შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა სამართალწარმოებას (ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსის 22-ე თავი) და იგი არ ვრცელდება ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საქმეებზე, რომელთა კატეგორიასაც განეკუთვნება განსახილველი საქმე.

არ წარმოადგენს აგრეთვე პროცესუალურ დარღვევას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს შესვენების გამოცხადება, რაც არ ნიშნავს პროცესის შეწყვეტას და შესაბამისად არ იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის საგანს პირველ და სააპელაციო ინსტანციებში წარმოადგენდა გამგეობის კომისიის 23.03.99 წ. აქტი და არა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გამოაჩინეს, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹130093 (სბფ. 20). საქმის მასალების მიხედვით, ჩ.ე-ის მიერ წარდგენილ იქნა ჯერ კიდევ საქმის პირველი ინსტანციის განხილვის დროს, მისი არსებობის შესახებ ცნობილი იყო თ.ნ-ისათვის, აქტი მოხსენებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ჩ.ე-ის სააპელაციო საჩივარში (ს.ფ.36) და თვით თ.ნ-ის სააპელაციო სასამართლოსადმი გაგზავნილ შეპასუხებაში (ს.ფ. 41-42), რომელშიც თ,ნ-ი ასახელებს აღნიშნულ აქტს, მისი მიღების თარიღს და გამოთქვამ მოსაზრებას აქტის გაცემის უკანონობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თ.ნ-ისათვის ცნობილი იყო ასეთი აქტის არსებობის შესახებ, მას არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ შეუტანია შეგებებული სარჩელი მიწის ნაკვეთის მიღბა-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე, ჩ.ე-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე (14.06.99 წ.), სიღნაღის რაიონის სასამართლოში ნუკრიანის საკრებულობს გამგებლის მიერ 25.05.99წ. შეტანილი სარჩელი (ს.ფ.96), სასამართლოს 25.06.99 წ. დადგენილებით განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 94-95). ამდენად, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹130093 აქტის გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული აქტის მართლზომიერების საკითხი მანამდე არ წარმოადგენდა დავის საგანს, ხოლო სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. გარდა ამისა, აღნიშნული აქტის გაცემის კანონიერების შემოწმება საკასაციო ინსტანციაში შექმნიდა პროცესში მესამე პირად დმიწის მართვის სამმართველოს ჩაბმის აუცილებლობას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც დაპკავშირებულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის მართლზომიერებას ან გამომდინარეობს მისგან (აქტის გამცემის ვ.დ-ის დაკითხვა; ე. ე-ის ახსნა-განმარტება, სიღნაღის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მ.ხ-ის ახსნა-განმარტება და სოფელ ნუკრიანის გამგებლის ა.ბ-ის ჩვენება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ჩ,.ე-ისათვის შეცდომით გადაცემის შესახებ). მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით და მტკიცებულებებით და საქმის გარემოებებს იკვლევს თავისი ინიციატივით, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება სარჩელის შეტანის დისპოზიციურ უფლებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, პალატა შეუძლებლად თვლის აგრეთვე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას და კასატორის 14.XII.99 წ. განცხადებაში (ს.ფ.119) მითითებულ მოწმეთა დაკითხვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 408-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორს, თ.ნ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.10.99 წ. გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.

3. 3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.