გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3გ/ად-40-კ 20 იანვარი, 2000 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
კასატორის – საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ა.ბ-ის
მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის თ.ც-ს მონაწილეობით
განიხილა საქართველოს ერთიანი კომუნისტრი პარტიის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენეტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ი.წ-ის მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მოსამართლე ნ.კლარჯეიშვილის მოხსენება, შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და დადგენილად ცნო შემდეგი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიამ 1998 წლის 20 და 27 თებერვალს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, ხელახლა რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტიისა (დადგენილება ¹6/2) და საქართველოს კომუნისტური პარტიის (დადგენილება ¹7/13) წესდებები. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აზრით, პარტიების ხელახალი რეგისტრაცია, განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის უხეში დარღვევებით, რის გამოც კომიტეტმა თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტიისა და საქართელოს კომუნისტური პარტიის ხელახალი რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის 20 თებერვლის ¹6/2 და 27 თებერვლის ¹7/13 დადგენილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიიის 1998 წლის 20 თებერვლის ¹6/2 დადგენილება „საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტიის წესდების ხელახალი, რეგისტრაციის შესახებ“, ხოლო „საქართველოს კომუნისტური პარტიის წესდების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის 27 თებერვლის ¹7/13 დადგენილების ბათლად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოსარჩელემ – საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საფუძველზე ითხოვს მის ნაწილობრივ (კომუნისტური პარტიის რეგისტრაციის ნაწილში) გაუქმებას.
მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. კერძოდ:
საკასაციო საჩივრის საფუძველია ის გარემოება, რომ კოლეგიამ კანონის დარღვვით მოპოვებულ და დაუშვებელ მტკიცებულებად ჩათვალა მის მიერ წარმოდგენილი 600 პირის ახსნა-განმარტება (ტ.3-4) იმის თაობაზე, რომ ისინი არასდროს ყოფილან კომუნისტური პარტიის წევრები. გარდა ამისა, საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრთა სიაში შეყვანილ პირთა ნაწილი, 100-მდე წევრი, 1995-97 წლებში გარდაცვლილი პირებია და კასატორის მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ყალბი სიებით მოხდა ე.წ. „კომუნისტური პარტიის“ ხელახალი რეგისტრაცია, რასაც სასამართლო კოლეგიამ შეგნებულად აუარა გვერდი.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება საოლქო სასამართლო კოლეგიიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასადგენად შეუძლებელი იყო წარმოდგენილი 600 პირის ახსნა-განმარტება გამოხატავდა თუ არა მათ ნამდვილ და თავისუფალ ნებას, რელურად ასახავდა თუ არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო პალატის აზრით, დავის – „საქართველოს კომუნისტური პარტიის წესდების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის ¹7/13 დადგენილების კანონიერების გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა სწორედ ამ წერილობით მტკიცებულებებს ჰქონდა. კანონის დარღვვით მოპოვებულ მტკიცებულებად და სანოტარო წესით დაუდასტურებლობის გამო, მათ დაუშვებლად და იურიდიულად ძალის არმქონედ ცნობის შესახებ საოლქო სასამართლოს კოლეგიის აზრს საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ მოითხოვს ახსნა-განმარტებათა სანოტარო წესით დადასტურებას და გადაწყვეტილებაშიც არ არის დასაბუთებული მათი კანონის დარღვევით მოპოვების ფაქტები. ამდენად, გაურკვეველია კოლეგიამ რომელი კანონის საფუძველზე და რა გარემოებებზე დაყრდნობით ცნო წარდგენილი ახსნა-განმარტებები დაუშვებელ მტკიცებულებად. საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გარდა 600 პირის ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტებისა, კასატორის მტკიცებით, პარტიულ სიაში შეყვანილ წევრთაგან 100 პირი 1995-97 წლებშია გარდაცვლილი და საქართველოს კომუნისტური პარტიის წესდების ხელახლა რეგისტრაციის დროს, კასატორის აზრით, დაირღვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მოთხოვნა პარტიულ სიაში 1000 წევრის ყოლის აუცილებლობის შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მითითებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ხელახლა რეგისტრაციისათვის წარადგინა 2010 წევრის სია, საიდანაც სარეგისტრაციო კოლეგიამ 1468 წევრის ნამდვილობა ცნო, რადგან მონაცემები შევსებული იყო ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, ხოლო 542 წევრის სია არასრულყოფილობის გამო ბათილად იქნა ცნობილი და ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის აზრით, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა ორგანული კანონის მოთხოვნების დაცვით.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დავის განხილვის დროს არ გამოარკვია კასატორის მიერ მითითებული 700 წევრი (600 წევრი ახსნა-განმარტებით უარყოფს საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრობას, 100 წევრი – 1995-97 წლებში გარდაცვლილი პირია) იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილ 2010 წევრის საერთო სიაში შედიოდა თუ 1468 ნამდვილად ცნობილ წევრის სიაში, რომლითაც სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიამ მოახდინა საქართველოს კომუნისტური პარტიის რეგისტრაცია. აღნიშნული უმთავრესი გარემოება სასამართლო კოლეგიის მიერ არაა გამოვლეული. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით საკასაციო სასამართლო იხილავს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, იგი არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს ან დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ ყოფილა დადგენილი. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საკასაციო საჩივრის შესაბამისად და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე; 394-ე; 404-ე; 407-ე; 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს კასატორის – საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
2. დაუსაბუთებლობის გამო გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის 27 თებერვლის ¹7/13 დადგენილების ბათილად ცნობის ნ აწილში;
3. საქმე ამ ნაწილში არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
5. განჩინება კანონით დადგენილი წესით გადაეცეთ მხარეებს