გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3-გ-ად-34-კ 3 იანვარი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, განიხილა კასატორის – გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ფიზიკური პირის – ე. გ-ისა და საქართველოს „...ის“ მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:
1996 წლის 6 დეკემბრის თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ¹115 გადაწყვეტილებით აგრარული ბაზრის დირექტორი ე. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ბაზრის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევათა გამო და ბაზრის დირექტორად დაინიშნა კასატორი – გ. ს-ე. ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, გამგეობის ¹115 გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელე ე. გ-ი თანამდებობაზე აღდგენილ იქნა. ნაძალადევის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართოლს პრეზიდიუმმა 1998 წლის 14 მაისს და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართოლს 1999 წლის 21 ილვისის გადაწყვეტილებით სარჩელი ასევე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996 წლის 6 დეკემბრის ¹115 გადაწყვეტილება, მოსარჩელე – ე. გ-ი აღდგენილ იქნა ნაძალადევის რაიონის აგრარული ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური – სამი თვის ხელფასი. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელიც საქმეში ჩართული იყო მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ და მატერიალური საპროცესო ნორმების დარღვევებზე მითითებით მოითხოვა რაიონული და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილება – განჩინების გაუქმება.
საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დავა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავაა, რეგულირდება შრომის სამართლით, რომელიც განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოავლეობებს და სამუშაოზე მუშაკის მიღება-დათხოვის წესებს. შრომის სამართალი სამართლის დამოუკიდებელი დარგია, კერძო სამართლის შემადგენელი ნაწილია და არ განეკუთვნება საჯარო სამართალს, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და საგადასახადო-საბაჟო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს, რაც ნათლად იყო გამიჯნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებით, რომელთა მიხედითაც შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს სასამართლო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით განიხილავს სამოქალაქო, საოჯახო, საადგილმამულო დავების განხილვის წესით. ამასთან ამავე მუხლის I ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებით გამოყოფილი იყო სახელმწიფო-ადმინისტრაციული-სამართლებრივი დავები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის X IV თავის გათვალისწინებით განიხილებოდა განსხვავებული წესით, კერძოდ ინკვიზიციურობის პრინციპით.
შრომითი დავები, როგორც კერძო – სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები საჯარო – სამართლებრივი დავებისაგან მკვეთრად გაიმიჯნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული ლეგალური ედეფინიციით: „ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივ გარიეგბა“. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის II ნაწილის თანახმად კი: „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები და ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები“. ამდენად, მე-2 და 65-ე მუხლების მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ნებისმიერი სამოქალაქო გარიგება (იჯარა, ნასყიდობა, ნარდობა), რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით. ვინაიდან მუშაკთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არ არის რეგულირებული სამოქალაქო სამართლის კოდექსით, არამედ მოწესრიგებულია კერძო სამართლის ცალკე დარგით-შრომის სამართლით და არც შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ამიტომ შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს არა საჯარო –სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი წესით. სწორედ ამის გამო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ ცვლილება იქნა შეტანილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, საიდანაც მთლიანად ამოღებულ იქნა X IV თავი – „ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვის თავისებურებანი“, ასევე ამოიღეს მე-11 მუხლის I ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტები, ხოლო შრომითი დავები სამოქალაქო და საოჯახო დავებთან ერთად ისევ დარჩა ამავე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტში.
გარდა ამისა, მოსარჩელე ე. გ-ი ნაძალადევის რაიონის აგრარული ბაზრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996 წლის 6 დეკემბრის ¹115 გადაწყვეტილეით, საფუძველი – შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამართლებრივი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ¹115 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან მიღებულია არა საჯარო-სამართლებრივ სფეროში კონკრეტული შემთხვევის მოსაწესრიგებლად, არამედ შრომითი ურთიერთობის ანუ კერძო-სამართლებრივ სფეროში მიღებული ინდივიდუალური აქტა და მისი განხილვაც კერძო-სამართლებრივი დავების განხილვის წესით უნდა მოხდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრავს საოლქო სასამართლოთა კოლეგიებისა და პალატების ფორმირებისა და მოსამართლეთა შესაბამის კოლეგია-პალატაში მონაწილეობის წესებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი განსჯადობის მიხედვით უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, საოჯახო და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც კერძო-სამართლებრივი ხასიათის შრომითი დავა განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველად, რაც საპროცესო ნორმებთან ერთად კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევასაც წარმოადგენს და არაგანსჯადი სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს გ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.
3. საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.