Facebook Twitter

ბს-110-109(კ-12) 10 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ჟ. ქ-ის სარჩელისა გამო ქუთაისის მერიისა და გ. ა-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ჟ. ქ-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიისა და გ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მერიასა და გ. ა-ს შორის 1997 წლის 13 თებერვალს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის 2797) გაუქმება და თანხის დაკისრება.

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...ის ¹13/21-22-ში მდებარე გ. ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება (იხ. ს.ფ. 1-10).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 37-44).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ჟ. ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო გ. ა-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. ¹13/21-22 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹...; ზონა ქუთაისი 03; სექტორი ავტოქარხანა 01; კვარტალი 03; ნაკვეთი 258; კოდი 01/501; ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი 385.000 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:3; ფართი ბინა ¹21-22 69.31 კვ.მ.) (იხ. ს.ფ. 50-52).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, სამეში მესამე პირად ჩაებნენ ი. და ბ. შ-ები (იხ. ს.ფ. 75).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჟ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ჟ. ქ-ის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე გ. ა-ისათვის 16000 ლარის დაკისრების თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გ. ა-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. ¹13/21-22 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹...; ზონა ქუთაისი 03; სექტორი ავტოქარხანა 01; კვარტალი 03; ნაკვეთი 258; კოდი 01/501; ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი 385.000 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:3; ფართი ბინა ¹21-22 69.31 კვ.მ.) გათავისუფლდა ყადაღისაგან (იხ. ს.ფ. 100-109).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 116-125).

სააპელაციო შესაგებლით გ. ა-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 145-153).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ჟ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 179-185).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიისა და გ. ა-ს შორის დადებული 1997 წლის 13 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 196-203; 221-224).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 227-228).

გ. ა-მა საკასაციო შესაგებლით მოითხოვა ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 240-248).

მესამე პირმა – ი. შ-მ მოითხოვა ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 250-252).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჟ. ქ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ჟ. ქ-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ი. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ჟ. ქ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. შ-ის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4881895) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...ის” მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.