ბს-133-132(კ-12) 2 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს დ. ბ-ის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ბ-მ და დ. ს-მა 2009 წლის 16 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის – შპს ,,...ის’’ მონაწაწილეობით და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება 2008 წლის ივნისში შპს ,,...ის’’ სახელზე განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე ლანჩხუთის მინიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება 2008 წლის 24 ივნისის ¹353 პასუხში ცვლილებების შეტანისა და მოსარჩელეთა საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან სამი მეტრის დაცილებით შპს ,,...ის’’ სასაზღვრო მიჯნის გატარების თაობაზე ან აღნიშნული წერილის არარად ცნობა.
დ. ბ-მ და დ. ს-მა დააზესტეს სარჩელი და ძირითად მოთხოვნებთან ერთად მოითხოვეს შპს ,,...ის’’ დავალდებულება სასაზღვრე ღობის დემონტაჟისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ისა და დ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-მ და დ. ს-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით დ. ს-ისა და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტიმბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-მა და დ. ბ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ და არსებითად გადაწყვეტისათთვის საქმის განსახილველად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით დ. ს-ისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შესაბამისად გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ისა და დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24.06.20087 წლის ¹353 წერილის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ბ-ის და დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24.06.2008 წლის ¹353 წერილი ცნობილ იქნა არარა ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დ. ბ-მ და დ. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ისა და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ბ-ისა და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ლ. ბ-ისა და დ. სერბიანის სახელზე კახაბერ ქართველიშვილს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ისა და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ. ბ-ისა და დ. სერბიანის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კახაბერ ქართველიშვილს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIჩ კოდი: ..., მიმღების IBAN ანგარიშის ¹..., დებეტი ანგარიშის ¹...).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.