Facebook Twitter

ბს-1402-1385(კ-11) 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორები _ ო. ბ-ი და ლ. ბ-ი

წარმომადგენელი _ მ. ე-ი; გ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური

წარმომადგენელი _ თ. გ-ი

მესამე პირი _ გ. მ-ი (ი. მ-ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი _ ა. ქ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 5 ნოემბერს ო. ბ-მა და ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებისა და მესამე პირის _ ი. მ-ის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2002 წლის 27 დეკემბერს მოქალაქე ვ. კ-მ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001 წლის 17 ოქტომბრის ¹2/1325 სამოქალაქო საქმეზე (ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების შესახებ) გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 1138-ე მუხლის შესაბამისად, გამოხატა ნება და ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებაში განქორწინების რეგისტრაცია მოითხოვა. ვინაიდან, ვ. კ- ავადმყოფობის გამო მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში, ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ...ის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში, თანხმობა განქორწინების მოწმობის მიღებაზე მინდობილობით გადასცა დისშვილს - ო. ბ-ს, რომელმაც იმავე დღეს - 2002 წლის 27 დეკემბერს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებაში წარადგინა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001 წლის 17 ოქტომბრის (ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების შესახებ) გადაწყვეტილება და მინდობილობა, განაცხადა ვ. კ-ს სურვილის შესახებ და განქორწინების რეგისტრაცია მოითხოვა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგემ – ლ. ზ-მა შეამოწმა რა მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა, სამოქალაქო კოდექსის 1131-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა მოითხოვა, რაც ვ. კ-ს სახელით მეორე დღესვე - 2002 წლის 28 დეკემბერს იქნა გადახდილი საქართველოს ეროვნულ ბანკში. 2002 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა ვ. კ-ი, რის გამოც მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები მოგვიანებით წარადგინა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ვ. კ-მ სიცოცხლეში დატოვებული ანდერძით, ლ. ბ-ს გადასცა მემკვიდრეობა, რისთვისაც მათ კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართეს შესაბამის სანოტარო ბიუროს და ვ. კ-ს დანაშთ ქონებაზე ლ. ბ-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვეს. გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემ - ი. მ-მა ანალოგიური განცხადებით მიმართა იმავე სანოტარო ბიუროს. ნოტარიუსმა ვ. კ-ს განქორწინების მოწმობის წარდგენა მოითხოვა, რის გამოც 2003 წლის 11 ოქტომბერს ო. ბ-მა განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგეს - ლ. ზ-ს და სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განქორწინების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაზეც წერილობით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი ბაჟის გადახდის ქვითარი და ასევე, არ იყო დასაბუთებული იმ შესაძლო ზიანის საფრთხე, რაც წარმოექმნებოდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს განქორწინების მოწმობის გაუცემლობით.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, უსაფუძვლოა განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა, ვინაიდან, ვ. კ-მ სიცოცხლეშივე 2002 წლის 27 დეკემბერს ო. ბ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებით დააფიქსირა და გამოხატა ნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაში შესულიყო ცვლილება და გაცემულიყო შესაბამისი განქორწინების მოწმობა.

ამდენად, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებისათვის, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ო. ბ-ის 2002 წლის 27 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება მოითხოვეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებას, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ვ. კ-ს რწმუნებულის - ო. ბ-ის 2002 წლის 27 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის არსებული განქორწინების რეგისტრაციისა და ვ.Kკ-ს განქორწინების მოწმობის გაცემა დაევალა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - ი. მ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმე განსახილველად გადასცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სამოქალაქო რეესტრის დიდუბის სარეგისტრაციო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ი. მ-ი მიჩნეულ იქნა მესამე პირად. ამავე საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. და ლ. ბ-ების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. და ლ. ბ-ების შუამდგომლობა საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 და 18 ივლისის საოქმო განჩინებებზე ო. და ლ. ბ-ებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ლ. ბ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ო. და ლ. ბ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 და 18 ივლისის საოქმო განჩინებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ო. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება და 4 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აპელანტი ი. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ვ. კ-ს მიერ ი. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება 2011 წლის 10 აპრილამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით სამოქალაქო რეესტრის დიდუბის სარეგისტრაციო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტ ი. მ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გ. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის, 1986 წლის 10 ოქტომბერს, რეგისტრირებული ქორწინება. გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი აღრსულების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განქოწინების შესახებ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, განქორწინების რეგისტრაციისათვის ვ. კ-ს და ი. მ-ს შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკდ. ნ. ...ის სახელობის ცენტრალური კლინიკის 2003 წლის 25 ივნისის წერილზე, რომლის თანახმად, ვ. კ- 2002 წლის 24 ნოემბრიდან 2002 წლის 29 დეკემბრამდე გადიოდა მკურნალობას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე სამკურნალო დაწესებულების მიერ, დამოწმებულ იქნა ვ. კ-ს მინდობილობა _ ო. ბ-ს მისი სახელით ემოქმედა განქორწინების მოწმობის აღების გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 27 დეკემბერს ო. ბ-მა განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებას და განქორწინების მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაზეც განყოფილების გამგის - ლ. ზ-ის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მას წარდგენილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2002 წლის 30 დეკემბერს ვ. კ- ისე გარდაიცვალა, რომ მის სიცოცხლეში არ მომხდარა მის მეუღლესთან - ი. მ-თან განქორწინების რეგისტრაცია.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ. ბ-ი გარდაცვლ. ვ. კ-ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს.

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების 2003 წლის 23 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-ს, როგორც გარდაცვლ. ვ. კ-ს წარმომადგენელს უარი ეთქვა მინდობილობის საფუძველზე ვ. კ-ს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია მართებულად სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,ა” პუნქტით დამდგარი შემთხვევის გამო, ო. ბ-ს გაეგრძელებინა გარდაცვლ. ვ. კ-ს მიერ დავალებული მოქმედების შესრულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის (როგორც დავის აღძვრის პერიოდში ისე დღეის მდგომარეობით) თანახმად, ქორწინება წყდება ა)ერთი-ერთი მეუღლის გარდაცვალებით, ბ)კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით, გ)განქორწინებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, როგორც ქორწინების შეწყვეტის საფუძველი - ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება, ასევე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების შესახებ, რის რეგისტრაციასაც სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ითხოვს მოსარჩელე მხარე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-ის მიერ, ვ. კ-ს სახელით გაცემული მინდობილობისა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც შეწყვეტილი იქნა ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის 1986 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება), განქორწინების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა ვ. კ-ს სიცოცხლეში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის ქორწინების შეწყვეტა განაპირობა უკვე ვ. კ-ს გარდაცვალებამ (პირის გარდაცვალება იწვევს ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას), აღარ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე აპელირება, რომლის თანახმად, ,,თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი ქმედუუნარობის დადგომის გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, ვიდრე მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი არ მიიღებს აუცილებელ ზომებს; ამასთან, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად”, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუდასტურებელია ვ. კ-სადმი, როგორც ო. ბ-ის მარწმუნებლისადმი, ასევე, ლ. ბ-ისადმი როგორც, ვ. კ-ს ანდერძისმიერი მემკვიდრისადმი, ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის ვითარების დადგომის შესაძლებლობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე თარიღით, რომელსაც უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. ამდენად, ვ. კ-ს და ი. მ-ის ქორწინების პერიოდში წარმოშობილ სამემკვიდრეო უფლებებზე, გავლენას ვერ მოახდენს, სამკვიდროს გახსნის შემდეგ განქორწინების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და არასწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით გაბათილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ლ. ბ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს. ამასთან, კასატორებმა გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 2011 წლის 5 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განხილულ იქნა ო. და ლ. ბ-ების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, კასატორების მითითებით, 2011 წლის 24 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განქორწინების აქტი არსებობს და დარეგისტრირებულია. ამდენად, გარდა იმისა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასევე, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა 2011 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მინდობილობისა და განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების არსებობას, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო რეესტრისადმი მიმართვა 2002 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა, მაშინ, როდესაც ვ. კ- გახლდათ ცოცხალი. ამდენად, განქორწინების გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია ვ. კ-ს სიცოცხლეში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვ. კ-ს გარდაცვალების გამო აღარ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად აღნიშნავს, რომ განქორწინების რეგისტრაცია ვ. კ-ს სიცოცხლეში არ მომხდარა. კასატორების მითითებით, როგორც საქმეში არსებული მასალებით, ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ ვ. კ-მ თავისი მინდობილი პირის - ო. ბ-ის სახით 2002 წლის 27 დეკემბერს, თავისივე სიცოცხლეში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც დაიწყო კიდეც სათანადო ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, ვ. კ-ს ნება გამოვლენილ იქნა.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად არ იყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილს იმ საფუძვლით, თითქოს დაუდასტურებელია ლ. ბ-ისადმი, როგორც ვ. კ-ს ანდერძისმიერი მემკვიდრისადმი, ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის ვითარების დადგომის შესაძლებლობა. კასატორების მითითებით, აშკარაა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომა, ვინაიდან, განქორწინების შესახებ 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმავდროულად ყოფს ქონებას ყოფილ მეუღლეებს - ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის, ხოლო სასამართლო თავადვე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ი ვ. კ-ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს. ამდენად, ლ. ბ-ის უფლებები ვ. კ-ს დანაშთ ქონებაზე დადასტურებულია თავად სასამართლოს მიერვე, ამიტომ სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ დაუდასტურებელია ვ. კ-ს ანდერძისმიერი მემკვიდრის ლ. ბ-ისადმი ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის ვითარების დადგომის შესაძლებლობა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და კასატორების მოსაზრებით, გადაწყვეტილება ამ საფუძვლითაც ექვემდებარება გაუქმებას.

ამასთან, კასატორები მიუთითებენ, რომ ქონება რომლის გაყოფაც 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა, სწორედ ვ. კ-ს პირად საკუთრებას წარმოადგენდა.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას არ მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ განქორწინების მოწმობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობს, რომ მის მიმართ ლ. ბ-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა და განქორწინების მოწმობის აღების შემდეგ კიდევაც განახორციელა სამართლებრივი მოქმედებები, კერძოდ, ლ. ბ-მა სრულად მიიღო მემკვიდრეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 26 იანვარს 12:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის 1986 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება და მისი აღსრულების ვადა განისაზღვრა სამი წლით (ტ. I; ს.ფ. 6-7).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ. კ- აკადემიკოს ნ. ...ის სახელობის ცენტრალური კლინიკის ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში 2002 წლის 24 ნოემბრიდან 2002 წლის 29 დეკემბრამდე გადიოდა მკურნალობას. 2002 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა ვ. კ-. გარდაცვალებამდე, 2002 წლის 27 დეკემბერს, ამავე სამკურნალო დაწესებულების მიერ დამოწმებულ იქნა ვ. კ-ს მიერ მისი დისშვილის - ო. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა _ ო. ბ-ს მისი სახელით ემოქმედა განქორწინების მოწმობის მისაღებად (ტ.I; ს.ფ.5).

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2002 წლის 27 დეკემბერს ო. ბ-მა ვ. კ-ს ნების შესაბამისად, განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებას და განქორწინების მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაზეც განყოფილების გამგის - ლ. ზ-ის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მას წარდგენილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 2002 წლის 28 დეკემბრის თარიღით, მაშინ როდესაც ვ. კ- ცოცხალი იყო, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებაში წარსადგენად საქართველოს ეროვნულ ბანკში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, განქორწინების მოწმობის მიღების მიზნით (ტ. I; ს.ფ. 9).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ. ბ-ი გარდაცვლ. ვ. კ-ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის წარმოშობის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს უარი ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებასა და განქორწინების მოწმობის გაცემაზე. შესაბამისად, ო. და ლ. ბ-ებმა სასამართლოს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებისათვის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ო. ბ-ის 2002 წლის 27 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით მიმართეს. ამდენად, განსახილველი დავის საგანს განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაცია უკვე განხორციელებულია და შესაბამისად, გაცემულია განქორწინების მოწმობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების მოწმობის ასლზე, სადაც განქორწინების თარიღად და განქორწინების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2002 წლის 27 დეკემბერი, ხოლო მოწმობის გაცემის თარიღად დაფიქსირებულია 2004 წლის 12 ნოემბერი. მოწმობის გამცემ ორგანოდ მითითებულია ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ი. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (რომლითაც ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა), მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დავის განხილვისას აპელანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უკვე განხორციელებული იყო ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაცია და გაცემული იყო შესაბამისი განქორწინების მოწმობა, მას არც დამოუკიდებელი მოთხოვნით და არც სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია უკვე გაცემული განქორწინების მოწმობის გაუქმება. ი. მ-ის (შემდგომ გ. მ-ის) სააპელაციო მოთხოვნას მხოლოდ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივი შედეგის მომტანი აპელანტი - გ. მ-ისათვის, ვინაიდან, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი განქორწინების რეგისტრაცია უკვე განხორციელებულია და შესაბამისად, გაცემულია განქორწინების მოწმობაც, რაც აპელანტს არ გაუსაჩივრებია, ხოლო, მოცემულ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იძლევა უკვე განხორციელებული რეგისტრაციისა და გაცემული მოწმობის გაუქმების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებმა ასევე გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვეს, იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლზე, სადაც განმარტებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ი. მ-ისათვის გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, ვერ დასტურდება ი. მ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენა და ამასთან, ვერც კასატორებმა შეძლეს სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინათ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მათი შუამდგომლობის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის ეტაპზე, მაშინ, როდესაც უკვე განხორციელებული იყო განქორწინების რეგისტრაცია, გაცემული იყო განქორწინების მოწმობა და მოსარჩელეებიც საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ, არ უმსჯელია ო. და ლ. ბ-ების სარჩელის მატერიალურ დასაშვებობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ ო. და ლ. ბ-ების სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებისათვის ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება წარმოადგენს. ამდენად, სახეზე გვაქვს მავალდებულებელი სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მავალდებულებელი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ან ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ო. და ლ. ბ-ების სარჩელის მიზანს და მათ კანონიერ ინტერესს ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაციისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება წარმოადგენდა და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუსაჩივრებია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებას, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ვ. კ-ს რწმუნებულის ო. ბ-ის 2002 წლის 27 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის არსებული განქორწინების რეგისტრაციისა და განქორწინების მოწმობის გაცემა დაევალა. უფრო მეტიც, ადმინისტრაციულმა ორგანომ წერილობით განაცხადა უარი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე (ტ. I; ს.ფ. 61). ამის პარალელურად, მან აღასრულა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მოახდინა ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის არსებული განქორწინების რეგისტრაცია და გასცა განქორწინების მოწმობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს აღარ აქვთ განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი შედეგი, რაც ო. და ლ. ბ-ების სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს ო. და ლ. ბ-ების სარჩელის მატერიალურ დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დავის განხილვისას აპელანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უკვე განხორციელებული იყო ვ. კ-ს და ი. მ-ის განქორწინების რეგისტრაცია და გაცემული იყო შესაბამისი განქორწინების მოწმობა, მას არც დამოუკიდებელი მოთხოვნით და არც სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია უკვე გაცემული განქოწინების მოწმობის გაუქმება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია განიხლოს დავა მხოლოდ ო. და ლ. ბ-ების სარჩელის ფარგლებში, რომლის მოთხოვნასაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისა და განქორწინების მოწმობის გაცემის დავალდებულება წარმოადგენს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური ნორმების დარღვევასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დარღვეულია მატერიალური ნორმები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული არც მატერიალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ფორმალურად მიუდგა დავის საგანს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ვინაიდან, ვ. კ-ს და ი. მ-ს შორის ქორწინების შეწყვეტა განაპირობა უკვე ვ. კ-ს გარდაცვალებამ აღარ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია ა)ერთი-ერთი მეუღლის გარდაცვალება, ბ)კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება, გ)განქორწინება, მაგრამ საყურადღებოა ის სამართლებრივი შედეგი, რაც ქორწინების სხვადასხვა საფუძვლით შეწყვეტისას დგება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას და განმარტავს, რომ განქორწინებას - ვ. კ-ს გარდაცვალებით და განქორწინებას - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოაქვს მხარეებისათვის. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ რა საფუძვლით განხორციელდა ვ. კ-ს და ი. მ-ის ქორწინების შეწყვეტა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ ვ. კ-მ სიცოცხლეშივე -2002 წლის 27 დეკემბერს ო. ბ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებით გამოხატა ნება განქორწინების მოწმობის აღების თაობაზე; ხოლო თავად ო. ბ-მა მინდობილობის საფუძველზე იმავე დღესვე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განქორწინების მოწმობის აღების მიზნით. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2002 წლის 28 დეკემბრის თარიღით, მაშინ როდესაც ვ. კ- ცოცხალი იყო, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მე-2 განყოფილებაში წარსადგენად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, განქორწინების მოწმობის მისაღებად. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ვ. კ-ს სიცოცხლეში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განქორწინების მოწმობის აღების მიზნით. აქედან გამომდინარე, ო. ბ-ი უფლებამოსილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაეგრძელებინა დავალებული მოქმედების შესრულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გარდა იმისა, რომ არ იმსჯელა სარჩელის მატერიალურ დასაშვებობაზე, ასევე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.