ბს-1423-1405(კ-11) 19 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ო. გ-ე; წარმომადგენელი _ რ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) ბ. მ-ე; წარმომადგენელი _ თ. კ-ე; 2) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სიყალბის აღიარება; ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 13 სექტემბერს ო. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ბ. მ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი 1985 წლიდან სარგებლობდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში ე.წ. მე-3 ბრიგადაში მდებარე
0.0845 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. 2007 წლის 23 დეკემბერს მან განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილებით ო. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში ე.წ. მე-3 ბრიგადაში მდებარე 0.0845 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ო. გ-ის საკუთრების უფლება. ამავე დღეს გაიცა ¹3917 საკუთრების უფლების მოწმობა და მიწის ნაკვეთი 2008 წლის 11 თებერვალს საჯარო რეესტრში აღირიცხა ო. გ-ის საკუთრებად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში ე.წ. მე-3 ბრიგადაში მდებარე 0.0845 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების ფაქტი სადავოდ გახადა ბ. მ-მ, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილების, ¹3917 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 11 თებერვლის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ბ. მ-ე მიუთითებდა გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის დათვალიერება _ შერჩევის აქტზე, გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილებაზე და საკომლო წიგნიდან ამონაწერზე.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილების, ¹3917 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 11 თებერვლის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილობის ცნობის თაობაზე მიმდინარე დავის სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება _ შერჩევის აქტზე კომისიის წევრების ხელმოწერები იყო გაყალბებული, კერძოდ, აქტში მითითებული ი. ბ-ისა და გ. ბ-ის ხელმოწერები არ იყო შესრულებული ამ პირების მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება _ შერჩევის აქტის სიყალბის აღიარება, გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება _ შერჩევის აქტის და 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ბ. მ-ისათვის ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში ბათილად ცნობა და ბ. მ-ზე არსებული საკომლო ჩანაწერების ნაწილობრივ, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე გამოყოფილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება _ შერჩევის აქტის სიყალბე; ბათილად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება _ შერჩევის აქტი, რომლითაც ბ. მ-ს სოფ. ...ში, მე-3 ბრიგადის ტერიტორიაზე, ციტრუსების ხარჯზე 0.08 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო; ბათილად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილება ნაწილობრივ კერძოდ, ბ. მ-ისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბ. მ-ზე არსებული საკომლო ჩანაწერები, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2001 წლის 18 აპრილის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტზე შესრულებული ხელმოწერები არ ეკუთვნოდათ უფლებამოსილ პირებს ანუ ხელმოწერები არ იყო შესრულებული კომისიის წევრების ი. ო-ის ძე ბ-ისა და გ. ბ-ეის მიერ.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, 2001 წლის 18 აპრილის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტზე არსებული ხელმოწერები იყო გაყალბებული და იურიდიული ძალის არ მქონე. შესაბამისად, 2003 წლის 28 იანვრის გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა იურიდიული ძალის არ მქონე დოკუმენტს იყო არამართლზომიერი და არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებაზე და განმარტა, რომ მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწების რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სოფლის მმართველობის ადგილობრივ ორგანოსთან, მოცემულ შემთხვევაში, სოფლის თემის საკრებულოსთან იქმნებოდა სპეციალური მიწის რეფორმის კომისია, რომელიც შეისწავლიდა მიწების გამოყოფის თაობაზე მოსახლეობისაგან შესულ განცხადებებს და ამზადებდა სათანადო დასკვნებსა სოფლის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) საკითხის განსახილველად. სოფლის ყრილობის (საერთო კრება) გადაწყვეტილებას ამტკიცებდა რაიონის მმართველობითი ორგანო (გამგეობა), რის შემდეგ მოქალაქეს ადგილზე მიეზომებოდა გამოყოფილი მიწა და უფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. შემდეგ მოქალაქეზე გაიცემოდა მიწის სარგებლობის სახელმწიფო აქტი, რომლის გრაფიკულ ნაწილზე (ნახაზზე) სათანადო ბეჭდით კეთდებოდა აღნიშვნა ,,დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ’’, აგრეთვე ხელმოწერა, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და ტარდებოდა მიწის აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დოკუმენტის გაყალბებით უხეშად დაირღვა კანონის მოთხოვნები, რაც საფუძვლად დაედო სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის მარტის თვეში ბ. მ-მ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის მიწის რეფორმის კომისიას და როგორც პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლემ შევსების სახით სარეფორმო მიწის გამოყოფა მოითხოვა. 2001 წლის 18 აპრილს სარეფორმო კომისიამ განიხილა ბ. მ-ის განცხადება და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შევსების სახით მიუზომა სოფ. ...ში, მე-3 ბრიგადის ციტრუსების ტერიტორიის 0.8 ჰა მიწის ფართი, რაზედაც ამავე დღეს შედგა დათვალიერება - შერჩევის აქტი. 2003 წლის 25 იანვრის ¹1 საოქმო გადაწყვეტილებით, აღნიშნული აქტი განიხილა და დაადასტურა გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიამ, რაც ასევე დამტკიცდა გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ო. გ-ის არგუმენტები, 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება–შერჩევის აქტის სიყალბის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტი შედგენილი იყო გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიერ და აქტს ხელს აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე ზ. კ-ე და კომისიის წევრები: ვ. ზ-ე, ი. ბ-ე, გ. ბ-ე, ს. ნ-ე. აღნიშნულ შერჩევის აქტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხული ზ. კ-ის და ვ. ზ-ის ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ კომისიამ იმსჯელა ბ. მ-ის განცხადებაზე მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და კომისიის გადაწყვეტილებით სოფ. ...ში, მე-3 ბრიგადის ციტრუსების ტერიტორიაზე განხორციელდა ბ. მ-ისათვის 0.8 ჰა მიწის ფართის შერჩევა და მიზომვა, რაზედაც ამავე დღეს შედგა დათვალიერება-შერჩევის აქტი. ზ. კ-მ და ვ. ზ-მ დაადასტურეს აქტზე არსებული მათი ხელმოწერების ნამდვილობის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ი. ნ.ის ძე ბ-ემაც დაადასტურა აქტზე მისი ხელმოწერისა და მიწის დათვალიერება - შერჩევაში მონაწილეობის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა - გ. ბ-ემ უარყო დათვალიერება – შერჩევის აქტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა და მიწის დათვალიერება - შერჩევაში მისი მონაწილეობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, მხოლოდ ის გარემოება, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრის (გ. ბ-ეის) ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მის ავტორს, არ იყო სადავო დათვალიერება – შერჩევის აქტის ყალბ დოკუმენტად მიჩნევის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, აქტი მიღებული იყო კოლეგიური ორგანოს – მიწის რეფორმის კომისიის მიერ, რომელმაც იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ბ. მ-ისთვის მიწის შერჩევა-მიზომვის შესახებ. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ ამ სადავო აქტის გამოცემას წინ უსწრებდა ამავე კომისიის გადაწყვეტილება ბ. მ-ისთვის მიწის შერჩევის თაობაზე, ხოლო შერჩევის აქტის შედგენის შემდეგ, კომისიამ კვლავ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2003 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაადასტურა ბ. მ-ისთვის სადავო მიწის გამოყოფა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დოკუმენტის სიყალბის დადგენასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე. შესაბამისად, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად არ იყო სრულად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხებოდა ო. გ-ის დანარჩენ მოთხოვნებს, კერძოდ, გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება - შერჩევის აქტის ბათილად ცნობას, ამავე კომისიის 2003 წლის 25 იანვრის ¹1 საოქმო გადაწყვეტილების და გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნული მოთხოვნას საფუძვლად ედო 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება - შერჩევის აქტის ყალბ დოკუმენტად აღიარება და იყო მისი თანამდევი შედეგი. შესაბამისად, პირველი მოთხოვნის უარყოფა გამორიცხავდა დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-მ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება - შერჩევის აქტზე მითითებული ი. ბ-ისა და გ. ბ-ეის ხელმოწერები არ იყო შესრულებული ამ პირების მიერ. აღნიშნული გარემოება უდავოდ იყო დადასტურებული საქმის მასალებში წარმოდგენილი ი. ბ-ისა და გ. ბ-ის ახსნა-განმარტებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. გ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი ო. გ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 9 თებერვალს 13:15 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება _ შერჩევის აქტის სიყალბის აღიარება, გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება _ შერჩევის აქტის და 2003 წლის 28 იანვრის ¹2 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ბ. მ-ისათვის ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში ბათილად ცნობა და ბ. მ-ზე არსებული საკომლო ჩანაწერების ნაწილობრივ, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე გამოყოფილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა წარმოადგენს. კასატორი _ ო. გ-ე სადავოდ ხდის გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის მიერ 2001 წლის 18 აპრილს შედგენილ მიწის ნაკვეთის დათვალიერება _ შერჩევის აქტზე კომისიის წევრების ხელმოწერების სიყალბის ფაქტს, კერძოდ, კასატორის მტკიცებით აქტში მითითებული ი. ბ-ისა და გ. ბ-ეის ხელმოწერები არ არის შესრულებული ამ პირების მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სადავო 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება–შერჩევის აქტზე. აღნიშნული აქტი შედგენილი არის გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიერ და აქტს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე: ზ. კ-ე და კომისიის წევრები: ვ. ზ-ე, ი. (ო-ის ძე) ბ-ე, გ. ბ-ე და ს. ნ-ე (ს.ფ. 97).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რაიონული სასამართლოს მიერ მოწმის სტატუსით დაკითხული გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის ყოფილი წევრის გ. ბ-ეის ჩვენებაზე. გ. ბ-ეის განმარტებით, 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება-შერჩევის აქტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის (ს.ფ. 116-117). ამასთან, მისივე განმარტებით, 2001 წლის 18 აპრილს მიწის ნაკვეთის დათვალიერება _ შერჩევის აქტის შედგენის პერიოდში გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის წევრი იყო ი. ნ.ის ძე ბ-ე და არა აღნიშნულ აქტში დაფიქსირებული ი. ო-ის ძე ბ-ე (ს.ფ. 116-117).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ი. ო-ის ძე ბ-ის ახსნა-განმარტებაზე. ი. ო-ის ძე ბ-ის განმარტებით, მან საკრებულოში მუშაობა 2005 წლის აპრილში დაიწყო და შესაბამისად, 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება-შერჩევის აქტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. მისი განმარტებით 2004 წლამდე გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის წევრი იყო ი. ნ.ის ძე ბ-ე (ს.ფ. 88).
Aამასთან, მართალია 2011 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ი. ნ.ის ძე ბ-მ დაადასტურა 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება-შერჩევის აქტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი, მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის 11 ნოემბერს წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2011 წლის 16 სექტემბრის ¹გრ-21 დასკვნით დადგინდა, რომ დათვალიერება-შერჩევის აქტზე რიგით ¹1, ¹2, ¹4 ხელმოწერები ზ. კ-ის, ვ. ზ-ის, გ. ბ-ის გვერდით შესაძლებელია არ იყო შესრულებული შესაბამისად ზ. კ-ის, ვ. ზ-ის, გ. ბ-ის მიერ, ხოლო რიგით ¹3 ი. ბ-ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო არა ი. ბ-ის არამედ სხვა პირის მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნის) საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 24 დეკემბრის ¹14357 წერილის თანახმად, ექსპერტიზისათვის აუცილებელი შესადარებელი მასალის სასამართლოს მიერ წარუდგენლობის გამო ვერ მოხერხდა (ი. ბ-ისა და გ. ბ-ეის ხელმოწერებზე) კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება (ს.ფ. 101).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საერთოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო დოკუმენტის ნამდვილობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით, 1985 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის სარგებლობდა ო. გ-ის მრავალშვილიანი ოჯახი და ბ. მ-ის მიერ ამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება; რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში ბ. მ-ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მამაპაპისეული მიწის ნაკვეთის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ამ საფუძვლით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიზომვა 2001 წლისათვის მოქმედი კანონმდებლობით აღარ ხორციელდებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრის (გ. ბ-ეის) ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მის ავტორს, არ იყო სადავო დათვალიერება – შერჩევის აქტის ყალბ დოკუმენტად მიჩნევის საკმარისი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ნაწილში არის სრულიად დაუსაბუთებელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბუთზე (მტკიცებულებაზე) ერთი პიროვნების ხელმოწერის გაყალბების ფაქტის დადგენაც კი აღნიშნული აქტის ყალბ დოკუმენტად აღიარების შესაძლებლობას იძლევა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ საერთოდ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.