Facebook Twitter

ბს-1576-1555(კ-11) 5 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისი-დიდგორის მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინება

სარჩელის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 25 მარტს გ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისი-დიდგორის მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი დედა _ ა. მ-ის ასული ა-ი ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, იმ მოტივით, რომ იგი 1949-1956 წლებში მშობლებთან ერთად გადასახლებული იყო ყაზახეთში და იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. კ-ა (გ. ა-ი 1973 წლის 2 სექტემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ტ. კ-თან, ქორწინების შემდეგ მან მიიღო ქმრის გვარი და გახდა კ-ა) დაიბადა 1955 წლის 17 იანვარს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დედა _ ა. ა-ი გადასახლებაში იმყოფებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულ პირად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ის ასული ა-ი (მოსარჩელის დედა) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ და რეაბილიტირებულ პირს წარმოადგენდა, იმ მოტივით, რომ იგი გადასახლებული იყო ყაზახეთში. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-ი (კ-ა) 1955 წლის 17 იანვარს დაიბადა ყაზახეთში. 1973 წელს მან იქორწინა ტ. კ-ზე და მიიღო ქმრის გვარი _ კ-ა.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დედა _ ა. მ-ის ასული კ-ი სსრკ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 11 აპრილის ¹1007-430 დადგენილების საფუძველზე მოიხსნა სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან. შესაბამისად, მოსარჩელის დაბადების მომენტისათვის მის მშობლებს უფლება ჰქონდათ დაუბრკოლებლად დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, რაც 1956 წლამდე არ განხორციელებულა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნეოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. ამდენად, მშობლებთან ერთად შვილი მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ მშობელს ეკრძალებოდა მიეტოვებინა გადასახლების ადგილი და დაბრუნებულიყო სამშობლოში.

,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ა ვერ ჩაითვლებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რადგან მისი დაბადების მონეტში მის მშობლებზე გადასახლების სამართლებრივი რეჟიმი აღარ მოქმედებდა და მათ შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მისი დედა _ ა. მ-ის ასული ა-ი ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რადგან იგი 1949-1956 წლებში მშობლებთან ერთად გადასახლებული იყო ყაზახეთში და იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში.

კასატორმა აღნიშნა, რომ გ. კ-ა (გ. ა-ი 1973 წლის 2 სექტემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ტ. კ-თან, ქორწინების შემდეგ მან მიიღო ქმრის გვარი და გახდა კ-ა) დაიბადა 1955 წლის 17 იანვარს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დედა _ ა. ა-ი იმყოფებოდა გადასახლებაში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის Mმთაწმინდის რაიონის 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ გ. კ-ს დედა _ ა. ა-ი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ და რეაბილიტირებულ პირს წარმოადგენდა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ა-ი 1949 წლიდან გადასახლებული იყო ყაზახეთში და 1956 წლამდე იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში. გ. კ-ა კი სწორედ მშობლების გადასახლებაში ყოფნის პერიოდში 1955 წლის 17 იანვარს დაიბადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 9 თებერვალს 12:00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2012 წლის 5 აპრილს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის ასული ა-ი (კასატორის დედა) მიჩნეულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ და რეაბილიტირებულ პირად, იმ მოტივით, რომ იგი 1949 წლიდან გადასახლებული იყო ყაზახეთში და 1956 წლამდე იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში (ს.ფ. 3).

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასატორი _ გ. კ-ა (1973 წელს გ. ა-მა იქორწინა ტ. კ-ზე და მიიღო ქმრის გვარი _ კ-ა) 1955 წლის 17 იანვარს დაიბადა ყაზახეთში (ს.ფ. 4-6; ს.ფ. 7).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ-ა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუკი იგი მშობელთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. ამდენად, მშობლებთან ერთად შვილი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ მშობლებს ბავშვის დაბადების მომენტისათვის ეკრძალებოდათ მიეტოვებინათ გადასახლების ადგილი და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებების დადგენას თუ როდის და რომელი დადგენილების საფუძველზე გადასახლდნენ გ. კ-ს მშობლები ყაზახეთში, როდის განხორციელდა მათი სპეცკომენდატურიდან მოხსნა და სპეცკომენდატურიდან მოხნის შემდგომ, გ. კ-ს დაბადების მომენტისათვის შეეძლოთ თუ არა მათ სამშობლოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაბრუნება. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა თუ რა საფუძვლით გადაასახლეს კასატორის მშობლები ყაზახეთში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლო ისე მიიჩნევს დადგენილად 1955 წელს (გ. კ-ს დაბადების პერიოდში) კასატორის მშობლებზე იძულებითი შეზღუდვების არარსებობის ფაქტს, რომ ამის დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, კერძოდ, დაუდგენელია გ. კ-ს დედა _ ა. ა-ი ყაზახეთში გადასახლდა 1949 წელს მშობლებთან ერთად თუ 1951 წელს მეუღლესთან _ მ. ა-თან ერთად. ამასთან, იგი სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოიხსნა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 11 აპრილის ¹1007-430 დადგენილების თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 22 სექტემბრის ¹144/29 დადგენილების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს 2010 წლის 9 ივნისის ¹121219-გ-30 ცნობაზე, რომლის თანახმადაც, კასატორის დედა _ ა. ა-ი სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის ¹4893-2113 დადგენილების საფუძველზე, 1951 წელს გადასახლებული იყო საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 11 აპრილის ¹1007-430 დადგენილების საფუძველზე მოიხსნა სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან (ს.ფ. 47). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს 2009 წლის 21 სექტემბრის ¹12/2/29-ა-55 ცნობის თანახმად, მ. ა-ი გ-ის ძე (გ. კ-ს მამა) სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის ¹4893-2113 დადგენილების საფუძველზე, 1951 წელს გადასახლებული იყო საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 11 აპრილის ¹1007-430 დადგენილების საფუძველზე მოიხსნა სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან. მასთან ერთად გადასახლებული იყო და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა მისი მეუღლე _ ა. მ-ის ასული კ-ი-ა-ი (ს.ფ. 48). კანონიერ ძალაში შესული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი ა. მ-ის ასული ა-ი (კასატორის დედა) მიჩნეულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ და რეაბილიტირებულ პირად, იმ მოტივით, რომ იგი 1949 წლიდან მშობლებთან ერთად გადასახლებული იყო ყაზახეთში და 1956 წლამდე იმყოფებოდა სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე (ს.ფ. 3).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 3 აპრილს კასატორის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის 2012 წლის 1 მარტის ¹276800 ცნობაზე (რომლის თანახმად, ა. მ-ის ასული კ-ი საქართველოდან გადასახლდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1949 წლის 29 მაისის ¹2214-856 დადგენილების საფუძველზე) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 17 დეკემბრის 7/6/2-ა-405 საარქივო ცნობაზე (რომლის თანახმად, ა. მ-ის ასული კ-ი საქართველოდან ყაზახეთში გადასახლდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1949 წლის 29 მაისის ¹2214-856 დადგენილების საფუძველზე. სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე 1956 წლამდე იმყოფებოდა. სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოიხსნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 22 სექტემბრის ¹144/29 დადგენილების საფუძველზე).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს თუ როდის და რომელი დადგენილების საფუძველზე გადასახლდა გ. კ-ს დედა _ ა. ა-ი ყაზახეთში, როდის მოიხსნა იგი სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან და ვრცელდებოდა თუ არა მასზე იძულებითი შეზღუდვები, რომლითაც გარკვეულ პირებს სპეცკომენდატურიდან მოხნის მიუხედავად არ ჰქოდნათ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.