ბს-1651-1623 (კ-11) 11 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ რ. ბ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი- ს. შ-ა;
გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 16 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ბ-მა მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010629049-07 წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების; ამავე სამსახურის 2010 წლის 27 სექტემბრის ¹882010629049-10 წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 27 ოქტომბრის ¹279195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას - მოეხდინა 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე საცხოვრებელი ბინის რ. ბ-ის სახელზე რეგისტრაცია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010629049-07 და 2010 წლის 27 სექტემბრის ¹882010629049-10 გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 27 ოქტომბრის ¹279195 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე საცხოვრებელ ბინაზე რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკამყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემობები:
2010 წლის 27 მაისს რ. ბ-მა განცხადებით მიმართა ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ყაზბეგის რაიონი, სოფელი ... (ზონა - ყაზბეგი, სექტორი - ...). ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს მოეთხოვა სოფელ ...ს თემის საკრებულოს ცნობის წარდგენა. ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო საქმის წარმოება ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკამყოფილდა რ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 ივნისის ¹882010629049-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმეობის შეჩერების შესახებ და ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 ივლისის ¹882010629049-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმეობის შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმავე გადაწყვეტილებით ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმეობა განახლდა. ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს მოეთხოვა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე სოფელ ...ს თემის საკრებულოს რწმუნებულის ცნობის წარდგენა იმის შესახებ, თუ რამდენ ნაკვეთად ერიცხება სარგებლობაში არსებული 900 კვ.მ. მიწის ფართობი. 2010 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო საქმის წარმოება ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკამყოფილდა რ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2010 წლის 27 სექტემბრის ¹882010629049-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე;
გორის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 12 ნოემბრის ცნობის თანახმად, გორის საგადასახადო ინსპექციისათვის გადამოცემული სოფელ ...ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელთა სიის მიხედვით, რ. ბ-ს ერიცხება 0.09 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
საარქივო ცნობის მიხედვით, სტეფანწმინდის არქივში დაცულ საკომლო ჩანაწერებში 1948-1950 წლებში კომლის წევრებად ირიცხებიან ბ-ი მანო და ბ-ი რ.ი, მათ აწერიათ ბინა, აშენებული 1900 წელს; 1951-1953 წლების საკომლო ჩანაწერებში კომლის წევრად ირიცხება ბ-ი რ.ი, აწერია მიწა 0.20 ჰექტარი; 1955-1957 წლების საკომლო ჩანაწერებში კომლის წევრად ირიცხება ბ-ი რ.ი, აწერია 0.15 ჰექტარი, ნაგებობის ქვეშ 0.01 ჰექტარი; 1958-1960 წლების საკომლო ჩანაწერებში კომლის წევრად ირიცხება ბ-ი რ.ი, აწერია 0.15 ჰექტარი.
გორის საგადასახადო ინსპექციის გადამახდელთა მომსახურების სამმართველოს ყაზბეგის ტერიტორიულ ერთეულში არსებული 2007 წლის მონაცემებით სოფელ ...ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელთა სიის მიხედვით აღრიცხულია რ. ბ-ი, რომელსაც ერიცხება 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია 510 კვ.მ მიწის ფართი, მაგრამ არ დგინდება, თუ რამდენ ნაკვეთად ერიცხება აღნიშნული 900 კვ.მ. მიწის ფართი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010629049-07 გადაწყვეტილებით რ. ბ-ს მართებულად მოეთხოვა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე სოფელ ...ს თემის საკრებულოს რწმუნებულის ცნობის წარდგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 2 ,,თ”, 8.2, 9.1, 21 ,,ა”, 22 ,,ბ”, მუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” მე-18 მუხლით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლით და განმარტა, რომ მატერიალური და პროცედურული უფლებების რეალიზაცია უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებული და განპირობებულია პირის მხრიდან მთელი რიგი მატერიალური და ფორმალური მოვალეობების შესრულებაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ბ-ის მიერ დადგენილი ხარვეზის (დამატებთი დოკუმენტის წარდგენის) შევსების ფაქტი, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში მოთხოვნილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა, რომ საჯარო რეესტრში საბოლოოდ მის მოთხოვნას წარმოადგენდა არა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, არამედ 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, როგორც საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აპელანტის განცხადებით, 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მის საკუთრებას და საჯარო რეესტრის შესაბამისი სამასახური ვალდებული იყო მოეხდინა ამ უძრავ ქონებაზე რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 2 ,,თ”, ,,ლ”, 8.2, 8.3, 9.1, მუხლებით და განმარტა, რომ თუ პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მაშინ აუცილებელია საჯარო რეესტრში წარადგინოს ყველა ის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებენ ამ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით და სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, თუ რამდენ ნაკვეთად ერიცხება რ. ბ-ს 900 კვ.მ. მიწის ფართი. ასევე ვერ დგინდება, რომ 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იყო მოთხოვილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მთლიანად წარმოადგენს რ. ბ-ის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ” პუნქტზე და განმარტა, რომ სოფელ ...ს თემის საკრებულოს რწმუნებულს, კანონმდებლობის თანახმად ჰქონდა საჯარო რეესტრის შესაბამისი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ცნობის გაცემის უფლება, მასზედ თუ რამდენ ნაკვეთად ერიცხებოდა რ. ბ-ს 900 კვ.მ. მიწის ფართი.
სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21 ,,ა”, 22 ,,ბ”; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” მე-18 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, ვინაიდან აღნიშნული არ ავალდებულებს საკრებულოს რწმუნებულს გასცეს ცნობა, თუ რამდენ ნაკვეთად ერიცხება მოქალაქეს მიწის ნაკვეთი.
კასატორის მოსაზრებით, მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, საარქივო ცნობა, ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 29 დეკემბრის ¹333435 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არავისზე არ არის რეგისტრირებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არასრულადაა დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა მათი გადამოწმებისა და მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობის დადგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მხარეთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო შესაძლებლობის გამოყენებას და თვლის, საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევისათვის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, რაც გამორიცხავს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
როგორც საქმის მასალებიდან და კასატორის ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება, მოთხოვნა შეეხება საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში ს.ფ. 43 წარმოდგენილ საარქივო ცნობას, რომელიც შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ კასატორს მიწის ნაკვეთთან ერთად საკომლო ჩანაწერების საფუძველზე ეწერა ნაგებობა, განთავსებული 0,01 ჰა მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. ანალოგიური შინაარსის რეგულაციები იყო დადგენილი მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც, კერძოდ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში გადადიოდა კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით საკასაციო სასამართლოს სურს ყურადღება მიაქციოს კანონით დეკლარირებულ უფლებაზე და თვლის, რომ სარჩელის უარყოფის შემთხვევაში, ცალსახად უნდა გამოირიცხოს საკუთრების უფლების ხელყოფის შესაძლებლობა. რა მიზნითაც, გამოთხოვილ უნდა იქნას ის დოკუმენტები (მაგალითად მიღება-ჩაბარების აქტი), რომელიც საფუძვლად უდევს კასატორის სახელზე ამჟამად რეგისტრირებულ 0,05 ჰა მიწის ნაკვეთს. რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას გამოარკვიოს, ხომ არ მოიცვა უკვე რეგისტრირებულმა მიწის ნაკვეთმა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმავე საარქივო ცნობაში მითითებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მანო ილიკოს ასულ ბ-ს და რ. ბ-ს საკომლო ჩანაწერების საფუძველზე აწერიათ 1900 წელს აშენებული სახლი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მნიშვნელოვანია შემოწმდეს, აღნიშნული სახლი მდებარეობს თუ არა იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის რეგისტრაციასაც კასატორი ითხოვს, ხომ არ იმყოფება სახლი მე-3 პირის საკუთრებაში, არსებობს თუ არა სახლზე უფლებადამდგენი რაიმე დოკუმენტი, ვინ იყო (ან არის) კომლის უკანასკნელი წევრი და არის თუ არა კასატორი სახლის მართლზომიერი მფლობელი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიწათსარგებლობის საკითხების დადგენა წარმოებდა ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მეშვეობით, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მოწვევას, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დაადგინოს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და გამორიცხოს მხარეთა და/ან მე-3 პირთა უფლებების ხელყოფის შესაძლებლობა.
მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძვლების ცვალებადობის გამო საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დაზუსტდეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. თუ მოთხოვნა გამომდინარეობს მართლზომიერი მფლობელობიდან, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი. (18.01.2011 N 27) (22.01. N 2010 N 46)
საქმის ხელახლა არსებითად განხილვის პროცესში გამოკვლეული უნდა იყოს, რამდენად იძლევა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები სამართლებრივ საფუძველს, დადგინდეს კასატორის მხრიდან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე შესაძლებელს გახდის რეგისტრაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.