ბს-1671-1643 (კ-11) 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი;
კასატორი (მოსარჩელე) _ ი/მ “ი. დ-ი”, წარმომადგენელი-ა. ბ-ე, შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი მ. კ-ე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური; შ. ბ-ი;
გასაჩივრებული განჩინება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქონების დარეგისტრირების დავალდებულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ინდ. მეწარმე “ი. დ-მა” მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის ¹41271 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება დაერეგისტრირებინა მოსარჩელის სახელზე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9 (7) ფეხსაცმლის ¹4 ჯიხური (4.30მ) მიწის ნაკვეთთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სამხარეო სამმართველოს დავალდებულება მოსარჩელისათვის გაეცა ცნობა იმის თაობაზე, რომ მის მიერ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9 (7)-ში შეძენილი ქონება (4 ჯიხური) აუქციონზე შეძენილია, როგორც უძრავი ნივთი.
2011 წლის 8 ივნისს ი. დ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის ¹41271 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ინდ.მეწარმე “ი. დ-ის” მიერ კანონიერად შეძენილი ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9(7)-ში მდებარე ფეხსაცმელების ¹4 ჯიხურის, როგორც უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლებით; აღიარებული ყოფილიყო ი. დ-ის მიერ სახელმწიფოსაგან აუქციონის წესით შეძენილი ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9 (7) მდებარე ქონება_ ¹4 ჯიხური, როგორც უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთის ფართი 5,85 კვ.მ.)
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ინდ.მეწარმე “ი. დ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. დ-მა 1993 წლის 16 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 253 435 კუპონად შეიძინა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხური სასარგებლო ფართით 3,5 კვ.მ., რაზეც 1993 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ¹13 სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1993 წლის 13 დეკემბერს გაიცა ¹48-03-ა საკუთრების დამდასტურებელი მოწმობა;
2010 წლის 23 დეკემბერს ი. დ-მა განცხადებით მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9-ში (ყოფილ ¹7-ში) მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელზეც დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 2010 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით და განმცხადებელს დაევალა დასარეგისტრირებელი ნივთის, როგორც უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო 2011 წლის 27 იანვარს შეწყდა სარეგისტრაციო წარმეობა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით; აღნიშნული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2011 წლის 23 მარტს სადავო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, თუმცა ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ, რის საფუძველზეც განახლდა ადმინისტრაციული წარმოება;
მოსარჩელის მიერ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების ბალანსზე რიცხული ქონება აუქციონის წესით შეძენილ იქნა როგორც მოძრავი ქონება, რაც დასტურდება, როგორც მისი დანიშნულებით, ასევე იმ გარემოებით, რომ ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხურთან დაკავშირებით არ არსებობს დადგენლი წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი და ამასთან იგი გასხვისებისას წარმოადგენდა ლითონის კარკასით შემოფარგლულ დაპრესილი ფანერის იატაკის მქონე ნივთს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე, 150-ე მუხლებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების ბალანსზე რიცხული ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხური აუქციონზე შეძენის მომენტისათვის არ წარმოადგენდა უძრავ ნივთს, რამე თუ არ არსებობს მასზე მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი და მისი ტექნიკური მონაცემების ამსახველი დოკუმენტების შესწავლით იგი დრობითი ფორმის ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის ტიპის შენობას წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, პრივატიზების სამმართველოს 2004 წლის წერილის ჯიხურის, როგორც უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოყენება შეუსაბამო იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არსებულ კანონიერი ნდობის პრინციპთან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილებით მართალია არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა გაუქმდა რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განახლდა ადმინისტრაციული წარმოება, რის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი/მ “ი. დ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და თავის მხრივ აღნიშნა შემდეგი:
ი. დ-მა 1993 წლის 16 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 253 435 კუპონად შეიძინა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხური სასარგებლო ფართით 3,5 კვ.მ, რაზეც 1993 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ¹13 სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1993 წლის 13 დეკემბერს გაიცა ¹48-03-ა საკუთრების დამდასტურებელი მოწმობა;
მიწის ფართი 3,5 კვ.მ-ზე აუქციონზე გატანილი არ ყოფილა, ის არც ი. დ-ს შეუძენია და საკუთრების მოწმობა მასზე არ გაცემულა;
1993 წლის 21 სექტემბრის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის, ანუ ¹4 ჯიხურის შეფასებისას მიწის ფართი შეფასებული არ ყოფილა;
ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1995 წლის 25 მარტის ¹241 წერილის შესაბამისად ირკვევა, რომ ი. დ-მა ჯიხურის პროექტისათვის მიმართა მათ და ჯიხური მოიხსენია, როგორც ,,უსახო ამორტიზირებული”(ს.ფ. 37);
სამმართველოს უფროსი ს. ლექვინიძე 2004 წლის ნოემბრის ¹1276 წერილში უთითებს, რომ ¹4 ფეხსაცმლის საწმენდი ჯიხური პრივატიზებულია, როგორც უძრავი ქონება და საფუძვლად უთითებს ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების შეფასების აქტის ¹1 დანართს (ს.ფ. 27);
1993 წლის 21 სექტემბრის ¹4 ფეხსაცმლის საწმენდი ჯიხურის ძირითად საშუალებათა ნაწილის ღირებულბის შეფასების აქტი მოიცავს 10 გრაფას, საიდანაც არც ერთი არა თუ არ მიუთითებს, არამედ არც ერთი არ შეიცავს მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ვარაუდის დონეზეც იყოს გაკეთებული მინიშნება იმის შესახებ, რომ ხსენებული ჯიხური წარმოადგენდა უძრავ ნივთს. ქ. ქუთაისის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ობიექტების საქალაქო საპრივატიზაციო კომისიის დასკვნაში, რომელიც 1993 წლის 30 სექტემბერს დამტკიცებულია სამმართველოს უფროსის მიერ, აღნიშნულია, რომ ჯიხური მიეკუთვნება ცალკე მდგომ ობიექტს, შენობა შეფასდა ფიზიკური ცვეთის ხარისხის ვიზუალური შეფასების კრიტერიუმის ცხრილით, ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მიღებულ იქნა 1,35 ტერიტორიული კოეფიციენტი, ის ცალკე სამეურნეო ანგარიშზე არ იმყოფება, არც შიდასამეურნეო ანგარიშის მიხედვით ხდებოდა ძირითადი სამეურნეო მაჩვენებლის გამოყვანა (ს.ფ. 105-106);
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგი.ლური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 17 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7 (9) არსებული ფეხსაცმლის წმენდისა და შეკეთების ¹4 ჯიხურს გააჩნია საძირკველი. ის მყარად დგას მიწაზე და წარმოადგენს უძრავ ქონებას. კვლევის ნაწილში ექსპერტი აღნიშნავს, რომ შენობის სარინელის გვერდით ამოღებულ იქნა გრუნტი, დაახლოებით 10 სმ ქვევით გამოჩნდა ბეტონის სხვა ფენა, რომელიც უფრო ღრმად გრძელდება მიწაში და წარმოაგენს საძირკველს. სააპელაციო საამართლოს მითითებით, ექსპერტს ნიადაგის გამოკვლევა არ უწარმეობია და გაურკვეველია ,,ბეტონის სხვა ფენა” როდის იქნა ჩასხმული, ჯიხურის აუქციონზე შეძენამდე თუ 1995 წლიდან მისი რეკონსტრუქციის შემდგომ (ს.ფ.168-172);
2010 წლის 23 დეკემბერს ი. დ-მა განცხადებით მიმარა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9-ში (ყოფილ ¹7-ში) მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელზეც დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 2010 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით და განმცხადებელს დაევალა დასარეგისტრირებელი ნივთის, როგორც უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო 2011 წლის 27 იანვარს შეწყდა სარეგისტრაციო წარმეობა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 ,,ა”, 5.2 ,,ა” მუხლებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების 16.1 მუხლით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 ,,კ”, მე-4, მე-5 მუხლბით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-10 მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ აპელანტს სარეგისტრაციო სამსახურში კანონით დადგენილი წესით არ წარუდგენია მიწის მართზომიერი მფლობებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად არ დასტურდება მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც ზემოაღნიშნული კანონების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველია. ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების ბალანსზე რიცხული ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხური აუქციონზე შეძენის მომენტისათვის არ წარმოადგენდა უძრავ ნივთს, რამე თუ არ არსებობს მასზე მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი და მისი ტექნიკური მონაცემების ამსახველი დოკუმენტების შესწავლით იგი დრობითი ფორმის ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის ტიპის შენობას წარმოადგენს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა აუქციონზე შეძენილი ქონების მახასიათებლები, ასვე 2004 წლის 9 ნოემბრის ¹1276 წერილი, სადაც გარკვევით წერია, რომ ¹4 ჯიხური რელიზებულია, როგორც უძრავი ქონება. ¹4 ჯიხურმა 1995 წელს დამტკიცებული რეკონსტრუქცია-დაგეგმარების პროექტით განიცადა ცვლილებები, აიგო თანამედროვე ტიპის ნაგებობა, რომელიც საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს უძრავ ქონებას.
კასატორი მიუთიებს, რომ საქმეში არსებული აუქციონის მასალებით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით, საკუთრების მოწმობით იმპერატიულად დგინდება, რომ ი. დ-მა შეიძინა უძრავი ქონება ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში ¹4 ჯიხურის სახით 3.5 კვ. მეტრზე, რომელიც განთავსებულია 4.5 მეტრზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ განჩინება მიღებულია საქმეში დაცული მტკიცებულებების არასწორი შეფასებისა და სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის არასწორი განმარტების საფუძველზე, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 1993 წლის 16 ნოემბერს აუქციონის წესით სამ პირზე გაიყიდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹9 (7)-ში არსებული სახელმწიფო ქონება, საიდანაც საერთო სარგებლობის ეზოში არსებული ფეხსაცმელის საწმენდი ¹4 ჯიხური შეიძინა ი. დ-მა, წყლის კიოსკი დ. კ-ემ, ხოლო აბანო უნგრეთის მოქალაქე ბეატა მაცაკომ, რომელმაც აღნიშნული ქონება მოგვიანებით გაასხვისა ა. წ-ე.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, როდესაც აღნიშნა, რომ ხსენებული ჯიხური არ წარმოადგენს უძრავ ნივთს. ქუთაისის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოს ობიექტების საქალაქო საპრივატიზაციო კომისიის დასკვნის თანახმად, რომლითაც განისაზღვრა რა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹9(7)–ში მდებარე ¹4 ჯიხური მოხვდა ზემოაღნიშნულ ნუსხაში. ხოლო ძირითად საშუალებათა საერთო ერთეულების აქტის შესაბამისად, აღნიშნული ობიექტი, შენობა-ნაგებობის სახით წარმოადგენდა ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილს-უძრავ ქონებას. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის 5 ნოემბრის წერილი, რომლითაც მოპასუხე ადასტურებს, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹7-ში მდებარე ფეხსაცმლის შეკეთებისა და წმენდის ჯიხური პრივატიზებულია როგორც უძრავი ქონება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სფ. 168-ზე წარმოდგენილ დასავლეთ საქართველოს რეგი.ლური ექსპერტიზის დეპარტამენტის ¹2530/15-2011 დასკვნაზე, რომელიც არ იძლევა არაერთმნიშვნელოვანი განმარტებების შესაძლებლობასა და ცალსახად მიუთითებს, რომ ქუთაისში, ...ის ქ. ¹7(9) არსებულ ფეხსაცმლის წმენდისა და შეკეთების ¹4 ჯიხურს გააჩნია საძირკველი, ის მყარად დგას მიწაზე და წარმოადგენს უძრავ ქონებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს “ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 მარტის ¹... გადაწყვეტილებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხემ იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი –ჯიხური მიწის ნაკვეთთან ერთად ფართით 4,72 კვ.მ. ხვდებოდა ქუთაისში, ...ის ქ. ¹9-ში რეგისტრირებულ 2142,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ბათილად ცნო “სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ” ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 29 დეკემბრის ... და “სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ” 2011 წლის 27 იანვრის ... გადაწყვეტილებები. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი. დ-ის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონება წარმოადგენს უძრავ ნივთს, მით უფრო, როდესაც სფ. 31-ზე წარმოდგენილია მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2011 წლის 12 აპრილის ¹54667 ცნობა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9-ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹..., მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართი; 2142.11 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულია დ. კ-ის საკუთრებად. ხოლო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით აღრიცხულია დ. კ-ის, ა. წ-ის, ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხურის სახელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა უძრავი ნივთის ცნება, აღნიშნული მუხლის დანაწესით უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებების შესაბამისად, შენობა (როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) შესაძლოა იყოს ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ჯიხურის ი. დ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შედეგად, მას, როგორც ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის მესაკუთრეს, მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის ნაწილზე აქცესორულ უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მიწის ნაკვეთის არამართლზომიერ ფლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული შეფასება არ ეფუძნება მატერიალური სამართლის შესაბამის ნორმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკანონმდებლო მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულია, რომ პრივატიზაციის ობიექტი- ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხური, აუქციონზე გატანილია, როგორც ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილი (შენობა-ნაგებობა) აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვათა) გარეშე (იხ. სფ. 117). ამასთან, როგორც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, აღნიშნული ქონება მყარად არის დამაგრებული მიწაზე და არ არსებობს კანონით გათვალისწინებული რაიმე გარემოება, რომლითაც იგი უნდა მოვიაზროთ ცალკე უფლების ობიეტად, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9 (7) ფეხსაცმლის შეკეთებისა და წმენდის ჯიხურზე, ისევე როგორც მასზე მიმაგრებულ 4,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ინდ/მეწარმე “ი. დ-ის” საკუთრების უფლება.
“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების ერთობლიობა. აღნიშნული კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. სწორედ ასეთ უფლებამოსილებასა და ფუნქციას წარმოადგენს “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმად კანონით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება მართზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისა. ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში მართზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების რეგისტრაციით.
მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელ ი. დ-ს, წარმოდგენილი ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა უძრავი ნივთი, რომლის მართზომიერ მფლობელობასაც ახორციელებდა, საჯარო რეესტრის სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი უარი ეთქვა განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 მარტის მოტივაციას იმ თვალსაზრისით, რომ ი. დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ფართი 4,72 კვ.მ. ოდენობით, რომელზედაც განთავსებულია ჯიხური, ხვდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თანასაკუთრება, რაც დასტურდება უშუალოდ საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ცნობით, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹9-ში, მიწის საკადასტრო კოდით ¹..., ნაკვეთის ფუნქციით: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით: 2142.11 კვ.მ, ნაკვეთის ნომერით: 01. რეგისტრირებულია თანასაკუთრება. ეს ფაქტი კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ფართობი მდებარეობს საერთო თანასაკუთრების მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში და არ არის გადაფარული რომელიმე კონკრეტული პირის საკუთრებით, რაც დაუსაბუთებლად ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებულ არგუმენტაციას. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებილი განჩინების დაუსაბუთებლობა ასევე დასტურდება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივიდან მოპოვებული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, როგორც საერთო თანასაკუთრებაში არსებული ქონება აღირიცხება დ. კ-ის, ა. წ-ისა და ფეხსაცმლის წმენდის ¹4 ჯიხურის სახელზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალუ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე -34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რა დროსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რაც წარმოადგენს მისი სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
რაც შეეხება, ი. დ-ის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვს მოპასუხე_საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სამხარეო სამმართველოს დაევალოს მოსარჩელის სახელზე გასცეს ცნობა, რომ მის მიერ 1993 წლის 16 ნოემბერს აუქციონის წესით შეძენილი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა ¹9 (7)-ში აუქციონზე გაყიდულია უძრავი ქონების სახით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია უსაფუძვლოდ და თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ, სასამართლო განხილვის ეტაპზე, სასამართლომ იქონია რა მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დადგენილად ცნო ფაქტი იმის შესახებ, რომ ი. დ-ის მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს უძრავ ქონებას, რაც არ საჭიროებს სხვა ორგანოს მიერ დადასტურებას. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2004 წლის 5 ნოემბრის წერილით ი. დ-ის მოთხოვნის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრომ ერთხელ უკვე დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹7-ში მდებარე ფეხსაცმლის საწმენდი ჯიხური პრივატიზებულ იქნა, როგორც უძრავი ქონება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
რაც შეეხება სასამართლო ხარჯების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი-300 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილია კასატორის ი/მ “ი. დ-ის” მიერ, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ნაწილში, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ინდ/მეწარმე “ი. დ-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 მარტის ¹41271 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს დაარეგისტრიროს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9 (7) ფეხსაცმლის შეკეთებისა და წმენდის ჯიხურსა და მასზე მიმაგრებულ 4,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ინდ/მეწარმე “ი. დ-ის” საკუთრების უფლება;
5. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სამხარეო სამმართველოსათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ი. დ-ი ითხოვს გაიცეს ცნობა, რომ მის მიერ აუქციონის მეშვეობით ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹9(7)-ში შეძენილი ქონება წარმოადგენს უძრავ ნივთს;
6. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ინდ/მეწარმე “ი. დ-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.