Facebook Twitter

ბს-369-365(კ-12) 27 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 17 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-369-365(კ-12) ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ჯ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ჯ. შ-ის მონაწილეობით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 მარტის ¹000620 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 10 ივნისის ¹1217 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 397.1. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორს ჯ. ს-ს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა 2012 წლის 13 მარტს /იხ. ტ. II; ს.ფ 70/, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა 2012 წლის 10 აპრილს /იხ. ტ. II; ს.ფ 78-86, სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაციის ბეჭედი/, ანუ კასატორის – ჯ. ს-ის მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი ოცდაერთდღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.