ბს-62-62(კ-12) 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ რ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; 2) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 19 ივლისს რ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-სათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 11 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2011 წლის 13 აპრილს რ. გ-მ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენას იძულებითი აღსრულება არ მოჰყოლია, მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 20 ივნისის ¹513 ბრძანებით რ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 20 ივნისის ¹513 ბრძანების ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების (რომლის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-სათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა) აღსრულების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. გ-ს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი რ. გ-ს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 26 აპრილს 13:30 საათზე.
2012 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ რ. გ-ს წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ იშუამდგომლა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო მესამე პირმა _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დასკვნა (რომელშიც აღნიშნულია, რომ რ. გ-ს მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსი) და დაეთანხმა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე კასატორი მხარის შუამდგომლობას. აღნიშნულ შუამდგომლობას ასევე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 20 ივნისის ¹513 ბრძანების ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების (რომლის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. გ-სათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა) აღსრულების დავალდებულება წარმოადგენდა. სარჩელის საფუძველს კი ქმნიდა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ არ იყო გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. გ-სათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომაზე მესამე პირის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დასკვნის თანახმად, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთ შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში 2012 წელს შეტანილი ცვლილებებისა და ამავე კანონის I და II მუხლების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹124-ე ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, რ. გ-ს მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2012 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ რ. გ-ს წარმომადგენელმა იშუამდგომლა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მესამე პირის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი და მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება) რაც დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეებს და მესამე პირს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის _ რ. გ-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. რ. გ-ს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.