Facebook Twitter

ბს-153-152(კს-12) 2 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “ე-ის” (დირექტორი ა. გ-ე) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2001 წლის 11 იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა სს “ე-ამ” მოპასუხეების - თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და გ. და უ. კ-ების მიმართ და მოითხოვა 1. მის კუთვნილ მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997 წლის 24 აგვისტოს, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2000 წლის 17 აგვისტოსა და მიწის მართვის დეპარტამენტის 2000 წლის 6 დეკემბრის აქტებით შეტანილი ცვლილებების გაუქმება; 2. გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის აღდგენა ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობი; 3. სს “ე-ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმის აღდგენა 1997 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ე-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოების მიერ და საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ე-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

2011 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს “ე-ის” დირექტორმა ა. გ-მ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო აღნიშნული ის მოთხოვნები, რაც დაკმაყოფილდა და იქმნებოდა პრობლემა გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სს “ე-ს” დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და მიეცა 5 დღის ვადა, დაეზუსტებინა სასამართლოსათვის განცხადების მოთხოვნა.

სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში, 2011 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სს “ე-მ” წარადგინა განცხადება ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომლითაც განმცხადებელმა მოთხოვნა უცვლელი დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სს “ე-ის” განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატის განმარტებით, სს “ე-ის” წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობა მდგომარეობდა იმაში, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული ის სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს “ე-ის” მოთხოვნა არ გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა დაშვებული უსწორობა ან არითმეტიკული შეცდომა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ე-მ”და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მოყვანილი მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ე” პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანისას დაშვებულ იქნა მექანიკური უსწორობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა მითითებული სს “ე-ის” ის სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული მექანიკური უსწორობა ქმნის პრობლემას გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ, რადგან სააღსრულებო ფურცელში ვერ მიეთითება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ის სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “ე-ის” კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ე-ა”, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების განმარტებას საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული ის სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ის გარემობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელიც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ ქმნის სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საფუძველს, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილი უფლებამოსილება სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს მაშინ, როცა სახეზეა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა. შესაბამისად ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული არ ანიჭებს სასამართლოს უფლებას აღნიშნული მიიჩნიოს უსწორობად და შესაბამისად შესწორება შეიტანოს მასში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს, რომლის თანახმად გადაწყვეტილების განმარტებისათვის აუცილებელია: მხარის ან აღმასრულებლის განცხადება; გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული; გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი უნდა იყოს ბუნდოვანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სს “ე-ამ”, სასამართლოს განცხადებით მიმართა არა სსსკ-ის სსსკ-ის 262-ე მუხლით მინიჭებული უფლებით გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, არამედ სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე უსწორობის გასწორების მოთხოვნით, მაშინ, როცა პროცესუალურად, სახეზე არ არის სსსკ-ის 260-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ე-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო საამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რამდენადაც სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 260--ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ე-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.