Facebook Twitter

ბს-1563-1542 (2კს-11) 4 აპრილი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ე. წ-ის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპერქტიული განვითარების სამსახურის, მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქმშენინსპექციისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც ე. წ-ის საკუთრებაში არსებული 270 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე თბილისში, ...ის ქ. ¹20-ში მდებარე ლიტერ “ს”-ს სახურავისა და კედლის აღდგენის ე. წ-ისათვის დავალება მოითხოვა.

მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპერქტიული განვითარების სამსახურის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, შპს “კ-ისა” და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც ე. წ-ის საკუთრებაში არსებული 270 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.03.04 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. საოქმო განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სახელმწიფო მიმღების კომისიის დამთავრებული საამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტით რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა და მოსარჩელეთათვის არ მიუყენებია პირდაპირი და უშუალო ზიანი. 16.10.03 წ. ¹251 აქტი დამტკიცებულ იქნა გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებისა და მისგან გამომდინარე შედეგების, აგრეთვე 16.10.03 წ. ¹251 აქტისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ე. წ-ის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებულება მოითხოვეს. მოსარჩელე მ. თ-მა აგრეთვე თბილისის არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ე. წ-ი, ასევე მესამე პირი _ შპს “კ-ა”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე, მოპასუხე _ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. თ-ის სარჩელზე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ თბილისის არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა თბილისის არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში იყო ხანდაზმული. სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში დაუშვებელად იქნა მიჩნეული სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო. ამავე განჩინებით სსსკ-ის 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელი თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი, იმავე დავაზე სასამართლოში საქმის არსებობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მიმღები კომისიის დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე 16.10.03 წ. ¹251 აქტით განხორციელდა სანებართვო პირობების შესრულების დადასტურება, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებით დამტკიცდა. სასამართლო ვერ იმსჯელებდა ამ უკანასკნელი დადგენილების კანონიერებაზე, ვინაიდან 16.10.03 წ. ¹251 აქტის დაუშვებლად ცნობის განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. თ-მა და თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივრები შეტანილი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კომისიის აქტის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. განჩინება. პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს, სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემულ გასაჩივრებულ აქტს, მიუხედავად იმისა, რომ არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტი შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელ გარკვეულ რეკვიზიტებს, თავისი ბუნებით იგი არ ჩაითვლება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტად, ვინაიდან მისი შინაარსით არავის უფლება არ შეზღუდულა, იგი წარმოადგენს შუალედურ, წინმსწრებ, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის და მისი შეფასება უნდა მომხდარიყო არა ცალკე, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, არამედ ვაკე-საბურთალოს გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებასთან ერთობლიობაში, ვინაიდან ამ აქტით რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08 წ. მეორე განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივრები შეტანილი 30.07.07 წ. განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა არქმშენინსპექციის ექსპლუატაციაში მიღების აქტი და დაუშვებლად იქნა ცნობილი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნები, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. განჩინება მ. თ-ისა და თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის – თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად დატოვებისა და მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის _ თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საკითხში და აღნიშნა, რომ 06.12.06 წ. საოქმო განჩინება საქმის წარმოების დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის თაობაზე არა თუ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, არამედ იგი მხარეებს საერთოდ არ ჩაბარებიათ. რაც შეეხება თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნას, იგი არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარისათვის მისი კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს მ. თ-მა და თ. მ-მა. კერძო საჩივრების ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ არის შეუძლებელი სააპელაციო საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე მაშინ, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილების კანონიერებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, რადგანაც თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის თაობაზე სარჩელი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იყო მიჩნეული. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებულ საოქმო განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ იმ მოსაზრებითაც, რომ მასში არ არის მითითება თუ როგორ უნდა განიხილოს პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის კანონიერება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.10.08 წ. განჩინების არსებობის პირობებში, რომელმაც დაადგინა, რომ ამ უკანასკნელი აქტის კანონიერება შემოწმებული უნდა ყოფილიყო ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებასთან ერთობლიობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.11 წ. და 07.12.11 წ. განჩინებებით თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

დადგენილია, რომ თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹20-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ე. წ-ისათვის ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე სახელმწიფო მიმღები კომისიის 16.10.03 წ. ¹251 აქტით დადასტურდა სანებართვო პირობების შესრულება. აღნიშნული აქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებით ...ის ქ. 20-ში მდებარე ე. წ-ის მიერ ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნებს, შედგენილი უნდა იყოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების პირობების დაცვით და შეთანხმებული დადგენილი წესით. მოსარჩელე მ. თ-ი თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს იმის გამო, რომ პროექტის ახაზვისა და ბრძანების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული მიწის თანამესაკუთრეთა ინტერესები, პროექტი არ შეესაბამება არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას და სხვ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანება მშენებლობის პროექტის შეთანხმების თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მშენებლობის პროექტს სძენს სახელმძღვანელო ხასიათს, წარმოებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა განაპირობებს მომდევნო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გამგეობის დადგენილების კანონიერებას. ამდენად, თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პასუხობს ზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილება წარმოადგენს ერთგვარ შემაჯამებელ აქტს, რომელიც ეყრდნობა მშენებლობის წარმოებისათვის ერთიანი პროცედურის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ აქტებს და განხორციელებული მშენებლობის შემაჯამებელ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორი გადაწყვეტისათვის მართებულია ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერება თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის განხილვამდე.

რაც შეეხება კერძო საჩივრების ავტორების მითითებას იმაზე, რომ სააპელაციო პალატის 07.10.08 წ. განჩინების მიხედვით არქმშენინსპექციის მიმღები კომისიის 16.10.03. წ. ¹251 აქტის შეფასება უნდა მოხდეს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილებასთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადღეისოდ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. საოქმო განჩინება, რომლითაც კომისიის 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა, რაც ქმნის ამ მოთხოვნის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ამასთანავე, აღნიშნული არ გამორიცხავს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹10.4.255 დადგენილების კანონიერებაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატის შესაძლებლობას მოახდინოს კომისიის შუალედური, წინმსწრები, სარეკომენდაციო აქტის შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.