Facebook Twitter

ბს-162-160(კს-12) 3 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი/მ ,,ნ. ს-ე”; ი/მ ,,გ.

ნ-ი”; ი/მ ,,ი. მ-ე”

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 5 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – ი/მ ,,მ. კ-ის”, ი/მ ,,გ. ტ-ის”, ი/მ ,,ნ. ს-ის”, ი/მ ,,გ. ნ-ის”, ი/მ ,,დ. ხ-ის”, ი/მ ,,ზ. რ-ის”, ი/მ ,,კ. ბ-ის”, ი/მ ,,ი. მ-ის”, ი/მ ,,ა. ა-ის”, ი/მ ,,ი. ო-ის”, ი/მ ,,თ. ბ-ის”, ი/მ ,,გ. ს-ისა” და ი/მ ,,ი. რ-ის” მიმართ დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-12).

Gგორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი მოპასუხე – ი/მ ,,ი. რ-ის” მიმართ დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო (იხ. ს.ფ. 100-102).

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი მოპასუხეების – ი/მ ,,ა. ა-ის”, ი/მ ,,ი. ო-ის”, ი/მ ,,გ. ტ-ის”, ი/მ ,,მ. კ-ისა” და ი/მ ,,გ. ს-ის” მიმართ დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო (იხ. ს.ფ. 120-121).

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელზე მოპასუხეების – ი/მ ,,დ. ა-ის (ხ-ის)”, ი/მ ,,კ. ბ-ის”, ი/მ ,,თ. ბ-ისა” და ი/მ ,,ზ. რ-ის” მიმართ შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო (იხ. ს.ფ. 122-125).

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი მოპასუხეების – ი/მ ,,ნ. ს-ის”, ი/მ ,,გ. ნ-ისა” და ი/მ ,,ი. მ-ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 126-129).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ 178-181).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დაცვით, კერძოდ: გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2011 წლის 7 დეკემბერს და არა 25 ნოემბერს როგორც ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებაშია მითითებული, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სასამართლოდან შესული გზავნილის კონკრეტულ პასუხისმგებელ საჯარო მოხელისათვის გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 190-196).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 303-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ამასთან იგი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებაში გაკეთებულ დასკვნას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ასეთ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2011 წლის 25 ნოემბერს, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოს უწყებაზე ხელმოწერით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმის წარმოების საკადრო პოლიტიკისა და კადრების საორგანიზაციო განყოფილების ბეჭდითა და უწყების ჩაბარების თარიღის მითითებით. სსსკ-ის 60.2 მუხლის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სააპელაციო საჩივრის შეტანის სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი ვადა იწურებოდა 2011 წლის 9 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2011 წლის 15 დეკემბერს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი სტრუქტურა ექვემდებარება შიდა საქმის წარმოების გარკვეულ წესრიგს. ადმინისტრაციულ ორგანოში შესული ყოველი კორესპონდენცია ტარდება რეგისტრაციაში და ნებისმიერ პირს, რომელსაც მასთან გააჩნია ურთიერთობა, აქვს კანონიერი მოლოდინი, რომ რეგისტრაციის მომენტი განაპირობებს ამ ორგანოს ინფორმირებას საკითხზე. ადმინისტრაციული ორგანოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კორესპონდენციათა განაწილება, მისი ვადები ისე ოპტიმალურად უნდა იყოს შიდა რეგლამენტით განსაზღვრული, რომ რჩებოდეს საკმარისი ვადა მათზე ზემოქმედების მოსახდენად.

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოში შესული ოფიციალური დოკუმენტის დარეგისტრირების და არა კონკრეტული პასუხისმგებელ საჯარო მოხელისათვის გადაცემის მომენტი ითვლება მისთვის ჩაბარებულად და საიდანაც აითვლება შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა.

აღნიშნული დანაწესი სრულად ვრცელდება სასამართლო ხელისუფლების მიერ გადაგზავნილ ოფიციალური საბუთების მიმართაც. კანონით დადგენილ საპროცესო ვადის დენა აითვლება დოკუმენტის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ თვალსაზრისით, რაიმე გამონაკლისს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოტივი არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობით გასაჩივრების ვადის დენის ათვლის დადგენილი დანაწესიდან, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინება;

3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.