ბს-91-91(კს-12) 2 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ფ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 23 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. ფ-მ მოპასუხეების - ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ლ. ფ-ის მიმართ, მესამე პირის - თ. მ-ის მონაწილეობით და მოითხოვა დამფუძნებელი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-მ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2010 წლის 8 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხ. გ-მა წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა 1996 წლის 7 მარტის ¹50 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნულ ნაწილში შეწყდა წარმოება ნ. ფ-ის სარჩელზე და ამ ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2010 წლის 8 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხ. გ-მა წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე, კერძოდ, მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარით გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტსა და მაღაზია “თ-ს” შრომით კოლექტივს შორის 1996 წლის 10 აპრილს შედგენილი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ის წარმომადგენლის ხ. გ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის სარჩელი 1996 წლის 10 აპრილის პირდაპირი წესით მიყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, დარჩა განუხილველი,
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება (ნ. ფ-ის წარმომადგენლის ხ. გ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-ის, ნ. ხ-ი-ჯოხაძისა და ე. გ-ის წარმომადგენელმა ხ. გ-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ. ფ-ის, ნ. ხ-ისა და ე. გ-ის ადვოკატის ხ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება.
ნ. ფ-ის, ნ. ხ-ისა და ე. გ-ის ადვოკატმა ხ. გ-მა 2011 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2011 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ფ-ის, ნ. ხ-ისა და ე. გ-ის ადვოკატმა ხ. გ-მა და მოითხოვა 2007 წლის 01 ნოემბრის განჩინების ბოლო გვერდის მეოთხე სტრიქონში სიტყვა “დამფუძნებელი” იქნას ამოღებული, როგორც შეცდომით მითითებული, იმ მოტივით, რომ ის არის ტექნიკური უზუსტობა. Aასევე მოითხოვა განცხადების განხილვისათვის დანიშნულ იქნას ზეპირი სხდომა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ხ. გ-ის განცხადება 2007 წლის 01 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით ის, რაც განმცხადებლის მიერ ტექნიკურ უზუსტობად არის მიჩნეული - კანონიერ ძალაში შესული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული დამფუძნებელი ხელშეკრულება, საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ სადავოდ იყო გამხდარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სარჩელის საგანს წარმოადგენდა 1996 წლის 10 აპრილის თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება, ხოლო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან მოსარჩელეებს არ გადაუციათ ხელშეკრულების სახელწოდება სრულად, ითვლება, რომ პირველ სარჩელში მითითებული დამფუძნებელი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება წარმოადგენს სასამართლოს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში სიტყვა “დამფუძნებელი” წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, აღნიშნული არ შეიცავს არანაირ უსწორობასა და არითმეტიკულ უსწორობას და იგი მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნიდან გამომდინარე იქნა მითითებული 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უზუსტობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რადგან კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ისეთი სახის უსწორობის გასწორებას, რომელიც გულისხმობს არსებითი ცვლილების შეტანას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსში, რაც სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების განხორციელების ფარგლებს. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 1 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ 1996 წლის 10 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესახებ მსჯელობის არარსებობა გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. სასამართლოს მიერ დაშვებული ტექნიკური უზუსტობის არარსებობა სწორად იქნა დადგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მართებულად ეთქვა უარი ნ. ფ-ს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე,420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.