Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-355-351(კ-12) 20 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. პ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14, 21 და 28 თებერვლის სხდომის ოქმებზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

2011 წლის 17 ოქტომბერს ა. პ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 23 489 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ამასთან, ა. პ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14, 21 და 28 თებერვლის სხდომის ოქმებზე დამოუკიდებელი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა. ასევე, მან აღნიშნულ საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობით შპს კარდეოლოგიური კლინიკა “...ის” საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ა. პ-ს განუმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სხდომის ოქმზე შენიშვნებთან დაკავშირებით და სასამართლოს ის განჩინებები (საოქმო განჩინებები), რომლებიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, შპს კარდეოლოგიური კლინიკა “...ის” საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე ა. პ-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირის ჩაბმა არ დაიშვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. პ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14, 21 და 28 თებერვლის სხდომის ოქმებზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით, 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ა. პ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14, 21 და 28 თებერვლის სხდომის ოქმებზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე