ბს-160-158 (კ-2კს-12) 4 აპრილი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. და 20.01.12 წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-მ 23.08.11 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც დროებით შეჩერებული იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.11 წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ს უარი ეთქვა დროებით შეჩერებული იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, მოპასუხე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მ. მ-მ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.11 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. განჩინებით გასწორდა ამავე პალატის 15.12.11 წ. სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. სხდომის ოქმის შესავალ ნაწილში სხდომის დაწყების დროდ მიეთითა 11:16 სთ. და დამთავრების დროდ _ 12:14 სთ.
მ. მ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინებით მ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხდომის ოქმი შედგენილი იყო სსსკ-ის 288-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმში სრულად იქნა ასახული საქმის განხილვისა და ცალკეული საპროცესო მოქმედებების ყველა არსებითი მომენტი, მათ შორის მხარეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის შენიშვნა სასამართლო სხდომის დაწყებისა და დასრულების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული უსწორობა უკვე შესწორებული იყო 16.12.11 წ. განჩინებით.
მ. მ-მ 27.12.11 წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.12 წ. განჩინებით მ. მ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 261.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, კერძოდ აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს დავის განმხილველი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გარკვეული გარემოებების შეუფასებლობის გამო მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის შეცვლას მხარის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. და 23.12.11 განჩინებებზე მ. მ-მ 04.01.12 წ. წარმოადგინა კერძო საჩივარი. მ. მ-ე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო 16.12.11 წ. განჩინებით შეეცადა შეესწორებია აშკარა უსწორობა, თუ როდის დაიწყო და დამთავრდა სხდომა. ამასთან, სხდომის ოქმის შესწორების თაობაზე მიიღო ორი განჩინება, მათგან 16.12.11 წ. განჩინებით განუსაზღვრა გასაჩივრების უფლება, ხოლო 23.12.11 განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა არ დაუდგენია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.12 წ. განჩინებით კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე თარიღის განჩინებით კერძო საჩივარი 23.12.11 განჩინების ნაწილში დარჩა განუხილველი.
მ. მ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ასევე კერძო საჩივრით, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.12 წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებეზე და ახსნა-განმარტებებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ რომ ყოფილიყო გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლოს აღარ დასჭირდებოდა სხდომის ხელახლა დანიშვნა განცხადების განხილვის მიზნით. აღნიშნულ სხდომაზე არ მიეცა საშუალება გამოეთქვა თავისი მოსაზრება, დაეყენებინა შუამდგომლობები, სასამართლომ არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.12 წ. განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინების ნაწილში დატოვებულია განუხილველად და აღნიშნული განჩინების კანონიერებაზე საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს. ამასთან, აღნიშნულ განჩინებას მ. მ-ე სადავოდ ხდის ასევე საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით. რაც შეეხება კერძო საჩივარს სააპელაციო პალატის 16.12.11 წ. განჩინების ნაწილში, იგი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. განჩინებით გასწორდა სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობა, კერძოდ თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. სხდომის ოქმის შესავალ ნაწილში სხდომის დაწყების დროდ მიეთითა 11:16 სთ. და დამთავრების დროდ _ 12:14 საათი. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 15.12.11 წ. სხდომა დანიშნული იყო 11:00 საათზე. მ. მ-ე 22.12.11 წ. წარდგენილ განცხადებაში თავად აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმი არის უსწორო, მასში დაწყების ნაცვლად 11:20 საათისა მითითებულია 14:11 საათი, ხოლო დასრულების დრო ნაცვლად 12:20 საათისა _ 14:48 საათი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 15.12.11 წ. სხდომა დაიწყო და დამთავრდა იმ დროს, რომელიც მითითებულია სააპელაციო პალატის 16.12.11 წ. განჩინებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მისი კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 16.12.11 წ. განჩინებაზე საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ამ უკანასკნელი განჩინების გასაჩივრების წესს, სსსკ-ის 260.2 მუხლის თანახმად, შესწორების შეტანის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მართალია, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, მაგრამ ამ ნორმის გამოყენება სხდომის ოქმში დაშვებული აშკარა უსწორობის გამოსწორების მიზნით არ ეწინააღმდეგება საპროცესო ნორმის ზოგად პრინციპს.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მ. მ-ის 07.02.12 წ. კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.12 წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან კერძო საჩივრის მოთხოვნაა არა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და ახსნა-განმარტებებზე, არამედ სარჩელის დაკმაყოფილება. 27.12.11 წ. განცხადებით განმცხადებელი ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მისთვის შეჩერებული დევნილის სტატუსისა და ყოველთვიური დახმარების აღდგენას. სსსკ-ის 261.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. აღნიშნული მუხლი გადაწყვეტილების (განჩინების) მიმღებ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას გაასწოროს ისეთი ნაკლოვანებები, რომლებიც არ გამოიწვევს გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, არამედ იმჯელოს მხარის ახსნა-განმარტებებზე, ან მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაყენებული და განხილული იქნა, თუმცა მასზე მსჯელობა არ ასახულა გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). მ. მ-ის კერძო საჩივრის მოთხოვნა თავისი შინაარსით გულისხმობს არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, არამედ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, რაც არსებითად შეცვლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ამ სახით შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკასაციო საჩივრით, რომელიც უნდა განიხილოს ზემდგომმა, საკასაციო სასამართლომ.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საკითხის გადაწყვეტა არ საჭიროებდა ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვას, ვინაიდან სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მ. მ-ის 27.12.11 წ. განცხადების განხილვის მიზნით მხარეები მოეწვია სხდომაზე და მოესმინა მათი მოსაზრებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. და 20.01.12 წ. განჩინებების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.11 წ. და 20.01.12 წ. განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.