Facebook Twitter

¹98საზ ქ. თბილისი

16 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ო-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის განაჩენით მ. ო-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 27 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ. ო-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. ო-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისხლის სამართლის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. ო-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედება _ ქურდობა არაერთგზის, რომლისთვის კანონი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით.

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი აღნიშნული ქმედებისათვის ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ე.ი. სასჯელი გამკაცრდა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, კერძოდ, ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულ მ. ო-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. ო-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განაჩენი მ. ო-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.