Facebook Twitter

ბს-1073-1062(კ-11) 30 მაისი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი – თ. ც-ა

მოწინააღმდეგე მახარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

დავის საგანი – წელთა ნამსახურების გაანგარიშება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

18.01.10წ. თ. ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მოპასუხისათვის წელთა ნამსახურობის კანონის შესაბამისი გაანგარიშების დავალება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში სამხედრო მფრინავად. 2007 წლის 10 ივლისს სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ... ოპერატიული სამმართველოს, ... დაგეგვმისა და ... განყოფილების უფროსად. 2008 წელს მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ იქნა წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა პენსია 65.29 ლარის ოდენობით, რასაც არ დაეთანხმა და წელთა ნამსახურობის კანონის შესაბამისი გაანგარიშება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.10წ. გადაწყვეტილებით თ. ც-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სასამრთლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების, 2007 წლის 21 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის 20-ე მუხლი ითვალისწინებდა სამხედრო მფრინავების ნამსახურობის ერთი დღის ნამსახურობის სამ დღედ ჩათვლას, აღნიშნული კატეგორიის შემადგენლობის ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, აღნიშნული მუხლი ავტომატურ რეჟიმში არ ითვალისწინებდა სამხედრო მფრინავების წელთა ნამსახურეობის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლას. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოაქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. N560 ბრძანების მე-16 მუხლით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამხედრო მფრინავთა შემადგენლობის იმ მოსამსახურეთა ნუსხას, რომელთაც ნამსახურების ერთი დღე ჩაეთვლებათ სამ დღედ. სასამართლოს განმარტებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ არ გამოცემულა ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დამტკიცებული იქნებოდა სამხედრო მფრინავთა შემადგენლობის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომელთაც ნამსახურების ერთი დღე ჩაეთვლებათ სამ დღედ. შესაბამისად, მოსარჩელეს წელთა ნამსახურეობის კანონის შესაბამისად გადაანგარიშების და ნამსახურების ერთი დღის სამ დღედ ჩათვალზე ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-ამ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.10წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.10წ განჩინებით თ. ც-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.11წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.03.11წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკამყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.05.11წ. განჩინებით თ. ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-20 მუხლის მიხედვით სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცემათ სამმაგი ოდენობით და ნამსახურების ერთი დღე ჩაეთვალათ ნამსახურების სამ დღედ, ხოლო მფრინავ შემადგენლობას - ორმაგი ოდენობით და ნამსახურების ერთი დღე ჩაეთვლებათ – ორ დღედ, აღნიშნული კატეგორიის შემადგენლობის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა მითითებული ნორმით განსაზღვრულ სუბიექტს, საქმეში წარმოდგენილი წელთა ნამსახურეობის ნუსხის მიხედვით მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ ეკავა სამხედრო მფრინავის თანამდებობა. წელთა ნამსახურობის ნუსხით დადგენილია, რომ მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მსახურობდა 2005 წლის იანვრიდან ოფიცრად, 2006 წლის 17 თებერვლიდან დანიშნული იყო მეთაურის თანამდებობაზე უსაფრთხოების დარგში, 2007 წლის 02 ივლისიდან დაკავებული ჰქონდა ... და ... განყოფილების უფროსის თანამდებობა, მოსარჩელე 2008 წლის 02 მაისიდან დათხოვნილი იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. მოსარჩელეს საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-20 მუხლის საფუძველზე, როგორც სამხედრო მფრინავს არ აქვს მოთხოვნის საფუძველი თანამდებობრივ სარგოზე სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღის ნამსახურობის სამ დღედ ჩათვლაზე. თ. ც-ას 2005 წლის იანვრიდან 2007 წლის ივლისამდე შესაბამისი ბრძანებებით დაკისრებული ჰქონდა მფრინავის მოვალეობა და შესრულებული აქვს საფრენოსნო სამუშაოები 2005-2006 წლებში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ექცეოდა საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-20 მუხლით განსაზღვრულ მფრინავი შემადგენლობის კატეგორიაში, ვინაიდან მითითებული კატეგორიისათის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-20 მუხლით განსაზღვრული შეღავათების გავრცელება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა სამხედრო მფრინავთა კატეგორიას, რაც მას კანონისმიერად წარმოუშობდა შეღავათების მიღების უფლებას, ხოლო თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული არ იყო მფრინავთა შემადგენლობის ის კატეგორია, რომელზეც გავრცელებული უნდა ყოფილიყო შეღავათები, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ც-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული ის სამართლებრივი ნორმები, რომელთა საფუძველზეც ის მიჩნეული იქნა არა ,,სამხედრო მფრინავად”, არამედ ,,მფრინავი შემადგენლობის” კატეგორიად. საკასაციო პალატის დავალების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუთხოვია თავდაცვის სამინისტროდან რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ. ც-ა არ იყო სამხედრო მფრინავი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცულია საფრენოსნო სამუშაოების აღრიცხვის ფურცელი, 10.07.07წ. ¹98 ბრძანება, ნამსახურობის ნუსხა, რომლებშიც მითითებულია, რომ არის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი. არც ერთი დოკუმენტი არ შეიცავს მინიშნებას კასატორის მფრინავი შემადგენლობის კატეგორიისადმი კუთვნილების. განჩინებაში უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროში ასრულებდა მფრინავის მოვალეობას, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში დაცული თ. ც-ას ნამსახურობის ნუსხით დასტურდება, რომ 1993 წლის 15 ოქტომბრიდან კასატორს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ეკავა ... თანამდებობა, ხოლო 2000 წლის 25 აგვისტოდან მფრინავის თანამდებობა. თ. ც-ა 2005 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში მფრინავის თანამდებობაზე, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის (02.05.08წ.) იყო სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ... ოპერატიული სამმართველოს ... და ... განყოფილების უფროსი (ტ.I, ს.ფ.39-52). საქმეში დაცული საფრენოსნო სამუშაოს აღრიცხვის ფურცელი ასახავს ნაფრენი საათების რაოდენობას წლების მიხედვით, რომლითაც დასტურდება, რომ თ. ც-ა 1993 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, მათ შორის 1993-2004 წლებში შინაგანი ჯარების შემადგენლობაში, ხოლო 2005-2006 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში პრაქტიკულად ასრულებდა ფრენებს მი-8 და მი-2 ტიპის შვეულმფრენით, სხვადასხვა საათობრივი დატვირთვით (ტ.I, ს.ფ.53).

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 8.1. მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დათხოვნის მომენტისათვის ხელფასიდან კანონით დადგენილი განსაზღვრული პროცენტული განაკვეთის მუშაობის სტაჟზე ნამრავლით. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი არ არის მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის მისი ხელფასის ოდენობა და არც გამოყენებული განაკვეთი, რომელიც სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის მომენტისათვის ასაკზეა დამოკიდებული. ამასთან, ამავე კანონის 23-ე, 26-ე მუხლების თანახმად, კომპენსაციის გადაანგარიშება კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა და კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” 15.1 მუხლის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სოციალური მომსახურების სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროსათვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების დავალების შესახებ თავისთავად გულისხმობდა სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული გაანგარიშების საფუძველზე დანიშნული კომპენსაციის სახეობის და ოდენობის, წელთა ნამსახურობის ოდენობის და დათხოვნის მომენტისათვის ხელფასის პროცენტული განაკვეთის დადგენას, რაც ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-8 მუხლისა და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის გამოანგარიშების სავალდებულო პირობას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 09.01.93წ. ¹N7-1 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, მფრინავ შემადგენლობას ერთი დღის სამსახური ჩაეთვალა ორ დღედ ნაფრენი საათების ნორმების და ფრენის კატეგორიის გათვალისწინებით, კერძოდ, განსაზღვრული იყო გამანადგურებელი ავიაციით ნაფრენი საათების რაოდენობა - 40 საათი, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით (თვითმფრინავები) ნაფრენი საათების რაოდენობა – 70 საათი, ავიაციის დანარჩენი სახეობის შემთვევაში ნაფრენი საათების რაოდენობა - 50 საათი. მინისტრთა კაბინეტის 09.01.93წ. N7-1 დადგენილების მე-5 პუნქტში, 26.07.96წ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, მფრინავ შემადგენლობას ერთი დღის სამსახური ჩაეთვალა ორ დღედ თუ ისინი პრაქტიკულად ასრულებენ ფრენებს. თ. ც-ა 1993 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ყოველწლიურად პრაქტიკულად ასრულებდა ფრენებს სხვადასხვა საათობრივი დატვირთვით, რაც დასტურდება თავდაცვის მინისტრის 23.03.1998წ. N94 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა N2/პს შესაბამისად შედგენილი ,,საფრენოსნო სამუშაოს აღრიცხვის ფურცელით“ (ტ.1, ს.ფ. 53). ამასთანავე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მფრინავი შემადგენლობა იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრის აქტით არ იყო განსაზღვრული, ,,მფრინავი შემადგენლობის მოსამსახურეების“ კატეგორია მოგვიანებით, კერძოდ ამჟამად მოქმედი თავდაცვის მინისტრის 10.12.07წ. N773 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭების წესის“ 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა. მინისტრთა კაბინეტის 09.01.93წ. დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობრივი განაკვეთების გაანგარიშება ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 07.07.93წ. N545 დადგენილების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სამმართველოს შემადგენლობაში გაერთიანდა შეიარაღებული ძალებისა და საჯარისო ფორმირებათა ყველა საავიაციო ნაწილი და შენაერთი. საქმეზე დადგენილია, რომ მიუხედავად აღნიშნული დადგენილებისა, თ. ც-ა 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურს აგრძელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში და ის საავიაციო ესკადრილია (ს/ნ 2051), რომელშიც თ. ც-ა მსახურობდა, მხოლოდ ,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹N616 ბრძანებულების საფუძველზე, შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში სამსახურის პერიოდისათვის კასატორზე თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დადგენილი შეღავათების გავრცელების მოთხოვნა.

ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში თ. ც-ა 2005 წლის 1 იანვრიდან იყო შვეულმფრენის საავიაციო ესკადრილიის ოფიცერი (მფრინავი), 2006 წლის 17 თებერვლიდან შვეულმფრენების საავიაციო ბაზის ესკადრილიის მეთაურის მოადგილე უსაფრთხოების დარგში (მფრინავი), ხოლო 2007 წლის 2 ივლისიდან სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ... სამმართველოს განყოფილების უფროსი. ამასთან, საფრენოსნო სამუშაოს აღრიცხვის ფურცლით დგინდება, რომ 2005-2006 წლებში თ. ც-ა ფრენებს ასრულებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული თ. ც-ა მფრინავად და რატომ არ გავრცელდა მასზე ამ პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები. სააპელაციო სასამართლოს განჩინება წინააღმდეგობრივია, ერთის მხრივ სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ ეკავა სამხედრო მფრინავის თანამდებობა, ხოლო მეორეს მხრივ, საქმეში დაცული წელთა ნამსახურობის ნუსხის საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. ც-ას 2005 წლის იანვრიდან 2007 წლის ივლისამდე შესაბამისი ბრძანებებით დაკისრებული ჰქონდა მფრინავის მოვალეობა და 2005-2006 წლებში ასრულებდა საფრენოსნო სამუშაოებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენას საჭიროებს ის გარემოება, თუ რა ტიპის ავიაციითა და რა საათობრივი დატვირთვით ახორციელებდა თ. ც-ა საფრენოსნო სამუშაოებს და აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგენდა თუ არა შეღავათიანი გაანგარიშების სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹N493-ე ბრძანებულების 2007 წლის 21 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-20 პუნქტის თანახმად, სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცემოდათ სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლებოდათ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავ შემადგენლობას – ორმაგი ოდენობით და ერთი დღე ჩაეთვლებოდათ ორ დღედ. უკანასკნელი კატეგორიის შემადგენლობის ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მითითებული ბრძანებულებიდან 21.09.07წ. ბრძანებით გაუქმდა მე-20 მუხლი, მაგრამ ანალოგიური შინაარსის დებულება გათვალისწინებულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. N560 ბრძანებით, რომლის მე-16 პუნქტის თანახმად, სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცემოდათ სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლებოდათ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავი შემადგენლობის იმ მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ორმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლებოდათ ნამსახურობის ორ დღედ. აღნიშნული ნორმატიული აქტები ერთმანეთისაგან მიჯნავს ,,სამხედრო მფრინავსა” და ,,მფრინავი შემადგენლობის მოსამსახურეების” კატეგორიას, ამ გრადაციის მიხედვით განსხვავებულად დაწესდა მათთვის თანამდებობრივი სარგოსა და ნამსახურობის გამოთვლის წესი. შესაბამისად, სამხედრო მფრინავის კატეგორია არ საჭიროებდა დამატებით განსაზღვრას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა თ. ც-ა წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშების სუბიექტს, ამასთან უნდა გაირკვეს კასატორისათვის უკვე დანიშნული კომპენსაციის დროს ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშების გამოყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.11წ. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), საქმის საბოლოო გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე