ბს-12-12(კ-12) 2 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები)– ა. მ-ი, ნ. მ-ი;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია;
მესამე პირები_ლ. მ-ი; ვ. მ-ი;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ა. მ-მა და ნ. მ-მა მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის ¹000323 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის ¹492 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის ¹000323 დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ს 16.1 მუხლით ჩაებნენ ვ. მ-ი და ლ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ 2010 წლის 11 ნოემბერს შეადგინეს მითითება №000323, რომლითაც მხარეს განესაზღვრა 14 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. მითითებაში დაფიქსირდა, რომ ა. და ნ. მ-ების მიერ განხორციელდა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, კერძოდ, პირველ სართულზე განხორციელებულია კაპიტალური ამოშენება, რის შედეგადაც შექმნილია დამატებითი ფართი, მეორე სართულზე მიშენებულია აივანი და მოწყობილია კიბე, ასევე ქუჩის მხრიდან მოწყობილია კარის ღიობი.
2010 წლის 26 ნოემბერს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №000323, რომელშიც დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
2011 წლის 24 იანვრის №000323 დადგენილებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა. მ-ი და ნ. მ-ი დააჯარიმა 10000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №4-ში საცხოვრებელი სახლის უნებართვო რეკონსტრუქციისათვის.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის №492 განკარულებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და ა. მ-ების ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი №000323 დადგენილების მე-2 პუნქტი: პირველ სართულზე განხორციელებული კაპიტალური ამოშენებით შექმნილი დამატებითი ფართის, მე-2 სართულზე მიშენებული აივნისა და მოწყობილი კიბის დემონტაჟის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხდეველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის №000323 დადგენილება.
სასამართლომ გამოარკვია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით №000137 აშ. მ-ი დაჯარიმდა 6000 ლარით საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენებითი სამუშაოებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით აშ. მ-ის სარჩელზე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ 2006 წლის 22 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, გარდაცვლილი აშ. მ-ის უფლებამონაცვლის ჩაბმის დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აწ გარდაცვლილმა აშ. მ-მა უნებართვოდ აწარმოა საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, სახლს მიაშენა აივანი, მიაშენა სათავსო, გადაიტანა კიბე. ამდენად, ფანჯრის ღიობის გაფართოება და კარის ღიობად გადაკეთება აშ. მ-ს არ განუხორციელებია.
სასამართლომ მიუთითა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონმდებლობით განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც უნდა გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ‘’ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მრავალბინიან სახლზე მშენებლობის მწარმოებელი პირი.
სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე ობიექტის მფლობელები არიან ა. მ-ი და ნ. მ-ი, რომლებიც აწ გარდაცვლილი აშ. მ-ის მემკვიდრეებს წარმოადგენენ. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის ღიობი გაფართოვდა და გადაკეთდა კარის ღიობად, რასაც ადგილი არ ჰქონია აშ. მ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პერიოდში. მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სასამართლომ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილი იყო სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე მითითება შეედგინა მოსარჩელეების მიმართ.
სასამართლოს მითითებით ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის 50-ე ნაწილის შესაბამისად, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილების არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მითითებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად რეკონსტრუქცია არის მშენებლობის ერთ-ერთი სახე, ხოლო ამავე მულის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობაზე ახალი სართულის დამატება, ან სართულის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 12 მეტრზე მეტად, ხოლო ,,ბ’’ ბუნქტის თანახმად, ექსტერიერის რეკონსტრუქცია არის ექსტერიერის (ე.ი. შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლა, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრა, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახამად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე. მითითებული დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, მე-2 კლასს განეკუთვნება ექსტერიერის რეკონსტრუქცია, რომელზეც 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის საფუძველზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2010 წლის 08 აპრილს მიღებულ იქნა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო კონკრეტული სამართალდარღვევის გამოვლენის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით ეხელმძღვანელა და განეხორციელებინა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სასამართლოს მითითებით ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კანონით. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახამად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/დემონტაჟის წარმოება გამოიწვევეს დაჯარიმებას 10000 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების ძალაში არსებული პუნქტები და ქ. თბილისის მერიის განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სადავო აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და ნ. მ-მა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ისა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ფანჯრის ღიობის გაფართოება და კარის ღიობად გადაკეთება განხორციელებულია აშ. მ-ის მიერ, რომელიც გარდაიცვალა, მის მემკვიდრეებს კი წარმოადგენენ ა. და ნ. მ-ები, რომლებსაც არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებიათ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა აშ. მ-ის მიმართ შედგენილ 2006 წლის 31 ივლისის ¹000137 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე აშ. მ-მა თავის საცხოვრებელ სახლს ჩაუტარა შემდეგი სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები - სახლს მიაშენა აივანი, მოუმატა სათავსოები, გადაიტანა კიბის მარში. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 11 ნოემბრის №000323 მითითებითა და დადგენილებით კი, ნ. და ა. მ-ების მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე სახლის ფასადის მხარეს ფანჯრის ღიობის გაფართოება და კარის ღიობის გადაკეთება განხორციელდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების ძალაში არსებული პუნქტები და ქ. თბილისის მერიის განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგებოდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, სადავო აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომელიც გახდებოდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და ნ. მ-მა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ 2010 წლის 11 ნოემბერს შეადგინეს მითითება ¹000323, რომლითაც ა. მ-სა და ნ. მ-ს განესაზღვრათ 14 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოსადგენად, მითითებაში დაფიქსირდა, რომ ა. და ნ. მ-ების მიერ განხორციელდა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, კერძოდ, პირველ სართულზე განხორციელებულია კაპიტალური ამოშენება, რის შედეგადაც შექმნილია დამატებითი ფართი, მეორე სართულზე მიშენებულია აივანი და მოწყობილია კიბე, ასევე ქუჩის მხრიდან მოწყობილია კარის ღიობი.
2010 წლის 26 ნოემბერს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა შეადგინეს აქტი ¹000323, რომელშიც დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
2011 წლის 24 იანვრის ¹000323 დადგენილებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა. მ-ი და ნ. მ-ი დააჯარიმა 10000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹4-ში საცხოვრებელი სახლის უნებართვო რეკონსტრუქციისათვის.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის ¹492 განკარგულებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და ა. მ-ების ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ¹000323 დადგენილების მე-2 პუნქტი: პირველ სართულზე განხორციელებული კაპიტალური ამოშენებით შექმნილი დამატებითი ფართის, მე-2 სართულზე მიშენებული აივნისა და მოწყობილი კიბის დემონტაჟის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის ¹000323 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერის 26.12.2006წ. ¹22 ბრძანებით დამტკიცებული «ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამსახური, უთითებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს» პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ უსაფუძვლოა კასატორთა მტკიცება მათ მიერ სამართალდარღვევის ჩაუდენლობისა და აშ. მ-ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის მათთვის შერაცხვის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2006 წლის 31 ივლისის ¹000137 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე, რომლის თანახმად, აშ. მ-მა თავის საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (სახლს მიშენებული აქვს აივანი, მომატებული აქვს სათავსოები, გადატანილია კიბის მარში) ჩაატარა შესაბამისი ნებართვის გარეშე. 2006 წლის 22 აგვისტოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 31 ივლისის ¹000137 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად მიღებული ¹000137 დადგენილებით აშ. მ-ი დაჯარიმდა 6000 ლარით საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენებითი სამუშაოებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლისს 20 იანვრის განჩინებით აშ. მ-ის სარჩელზე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ 2006 წლის 22 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება გარდაცვლილი აშ. მ-ის უფლებამონაცვლის ჩაბმის დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საქმის მასალებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ აწ გარდაცვლილმა აშ. მ-მა უნებართვოდ აწარმოა საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ სახლს მიაშენა აივანი, მიაშენა სათავსო, გადაიტანა კიბე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს აშ. მ-ის მიერ ფანჯრის ღიობის გაფართოებისა და მისი კარის ღიობად გადაკეთების ფაქტს, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრებას მტკიცებულებების არარსებობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზირებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სწორად იქნა გამოყენებული «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის «ა» პუნქტი, რომლის თანახმად უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და «წყლის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონება და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე-გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარით. თუმცა, აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებასა და საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ 20.12.2011წ. «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აღნიშნული კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 221 –ე მუხლი: უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და «წყლის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული და მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო –სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე-8000 ლარით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელშიც 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მითითებული კანონის 221 –ე მუხლით კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა ახალი სანქცია –ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით.
ამდენად, ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე, აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ა. მ-სა და ნ. მ-ს (გამომდინარე იქიდან რომ 22-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია შემცირდა) უნდა შეუმცირდეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით შეფარდებული სანქცია (10000 ლარი) 2011 წლის 20 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში და განისაზღვროს 8000 ლარით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინება ა. მ-ისა და ნ. მ-ისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხის 10000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. მ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის ¹000323 დადგენილებით განსაზღვრული სანქცია (ჯარიმის ოდენობა 10000 ლარი) შემცირდეს 8000 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი;
4. ა. მ-ისა და ნ. მ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარი გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.