Facebook Twitter

საქმე ¹ბს-1465-1447(კ-11) 2 მაისი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ს-ე, წარმომადგენელი _ ნ. ლ-ი (27.03.11წ. მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ ლ. ბ-ე (14.02.11წ. ¹02/02-02/618 მინდობილობა); საქართველოს მთავრობა, წარმომადგენელი _ ი. კ-ი (11.02.11წ. ¹40 ბრძანება); საქართველოს ფინანასთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ ნ. წ-ა (14.02.11წ. ¹08-01/2217 მინდობილობა); საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი _ მ. კ-ი (04.04.12წ. ¹01-32/62 მინდობილობა)

დავის საგანი – თანხის გადახდა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.11წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ 02.02.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის (გარდა ფინანსთა სამინისტროსი) 10000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ ცხომარეთში. 1991 წელს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა მისი საცხოვრებელი სახლი და დარჩა უსახლკაროდ, იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თავს აფარებს ნათესავების ბინას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მიწისძვრის შედეგად ნ. ს-ეს სახლი დაენგრა. საჩხერის რაიონის ცხომარეთის თემის საკრებულოს 26.07.06წ. ¹44 და ¹45 ცნობებით დასტურდება, რომ ნ. ს-ე იყო 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, ფლობდა მიწის ნაკვეთს სოფელ ცხომარეთში, მისი სახლი დაინგრა მიწისძვრის შედეგად და იგი შეყვანილია მიწისძვრით დაზარალებულთა სიაში 37-ე ნომრად.

საქართველოს მთავრობის მიერ 23.06.05წ. მიღებულ იქნა ¹264 განკარგულება ,,საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ”, რომლითაც განისაზღვრა დაზარალებული მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლტოლვითა და განსახლების სამინისტროსათვის უნდა გამოეყო 500 000 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან _ 910 000 ლარი. აღნიშნული თანხებიდან თითოეულ დაზარალებულ ოჯახს უნდა გადასცემოდა 5000 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 07.10.10წ. ¹01-32/112 წერილით აღიარა მოსარჩელისათვის დახმარების გაწევის ვალდებულება, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად მას თანხა არ მიუღია. ამასთან, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2005 წლიდან ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, იგი დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს 10000 ლარით.

ნ. ს-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ სრულად შეასრულა მთავრობის განკარგულებით დაკისრებული ვალდებულება და ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოუყო 500 000 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან _ 910 000 ლარი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მოეხდინა დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა.

სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იმ მოტივით, რომ მთავრობის ¹264 განკარგულებით კომპენსაცია გამოეყო მხოლოდ რკინიგზის ვაგონებში განთავსებულ დაზარალებულ მოსახლეობას და ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი კომპენსაცია გაეცა მოსარჩელეზე.

სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიმართ არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ მთავრობის ¹264 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თანხის გამოყოფა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა დაზარალებული ოჯახებისათვის თანხების გადაცემა. შესაბამისად, დაზარალებულებისათვის თანხის ჩარიცხვაზე პასუხისმგებელ ორგანოს ლტოლვილთა სამინისტროს წარმოადგენდა.

მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედიოდა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა დაფინანსება, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ევალებოდა მიწისძვრისაგან დაზარალებულთა სიებისა და რეკვიზიტების წარდგენა. გამგეობამ სამინისტროს წარუდგინა 221 ოჯახის სია, რომელთაგან დახმარება მხოლოდ რკინიგზის ვაგონებში მცხოვრებმა 139-მა ოჯახმა მიიღო, დახმარება არ მიუღია 82 ოჯახს, რომლებსაც მართალია დაენგრათ საცხოვრებელი სახლები, მაგრამ ცხოვრობდნენ ქირით, სახელდახელოდ მოწყობილ ფიცრულებში ან დამხმარე ნაგებობებში. ასეთ ოჯახთა კატეგორიას განეკუთვნებოდა მოსარჩელეც, რომელმაც ვერ მიიღო დახმარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.11წ. გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულებით კომპენსაციის გაცემა გათვალისწინებული იყო მხოლოდ რკინიგზის ვაგონებში განთავსებულ დაზარალებულ მოსახლეობისათვის. ნ. ს-ე არ წარმოადგენს განკარგულებით განსაზღვრულ ფულადი დახმარების მიმღებ სუბიექტს. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გასცეს ნ. ს-ეზე განკარგულებით გათვალისწინებული დახმარება, ხოლო დანარჩენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული აქვთ განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათ მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.

აპელანტმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, თავისი ინიციატივით შეეგროვებინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რათა დაედგინა რა მიზეზით არ ცხოვრობდა ნ. ს-ე რკინიგზის ვაგონში.

ნ. ს-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების საფუძველზე 10000 ლარის გადახდის დაკისრება.

ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.11წ. განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, მიიჩნია, რომ აპელნატის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ.

კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.11წ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელოს მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. ნ. ს-ის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეისწავლეს საქმის გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.12წ. განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნ. ს-ე რკინიგზის ვაგონში არ ცხოვრობდა არა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ვაგონზე, არამედ იმის გამო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უგზოობის გამო ვერ შეძლო უზრუნველეყო რკინიგზის ვაგონის მიწოდება და ამიტომ ნ. ს-ე ცხოვრობდა კარავში, შესაბამისად, რკინიგზის ვაგონში მოსარჩელის შესახლება არ მოხდა ფორმალური მიზეზის გამო.

მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულებით განისაზღვრა საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის, კერძოდ, 282 ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით თითოეული ოჯახისათვის 5000 ლარის გადაცემა. განკარგულების თანახმად, საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იყო 282 ოჯახი, მათ შორის საჩხერის რაიონში 221 ოჯახი, რომლებიც ცხოვრობდნენ რკინიგზის ვაგონებში. განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 500 000 ლარისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 910 000 ლარის გამოყოფა. განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5000 ლარის გადაცემა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს დაევალა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიებისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.

საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სრულად შეასრულა განკარგულებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების შესაბამისად, ფინანსური დახმარების მიზნით ბიუჯეტის ასიგნებებიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი სახსრები გამოუყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. თავის მხრივ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა ასევე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა, რომლის ვალდებულება შემოიფარგლებოდა დაზარალებულთა სიების შედგენითა და სათანადო დოკუმენტაციის სამინისტროსათვის მიწოდებით. რწმუნებულის მითითების შესრულების მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 27.07.05წ. გამოსცა ¹621 განკარგულება საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. განკარგულების შესაბამისად შეიქმნა კომისიები დაზარალებულთა აღრიცხვისა და სათანადო დოკუმენტაციების შესადგენად, შედგა დაზარალებულთა სია, სიები წარედგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თანხა არ გაიცა 82 ოჯახზე, რომლებიც მიწისძვრის შედეგად მართალია დარჩნენ უსახლკაროდ, მაგრამ ცხოვრობდნენ სახელდახელოდ მოწყობილ ფარდულებში, დამხმარე ნაგებოებში ან ქირით.

საქმეში წარმოდგენილი სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ასევე საჩხერის რაიონის ცხომარეთის თემის საკრებულოს 26.07.06წ. ¹45 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. ს-ე ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ ცხომარეთში, არის 1991 წელს საქართველოში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული, მას დაენგრა საცხოვრებელი სახლი და დარჩა უსახლკაროდ, რის შედეგადაც ცხოვრობდა სახელდახელოდ მოწყობილ კარავში. კომპენსაციის მისაღებად მოსარჩელემ ყველა ზომა მიიღო, კერძოდ, განცხადებით მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იგი შეყვანილ იქნა დასაფინანსებელი ოჯახების სიაში 37-ე ნომრად, ანგარიში გახსნა სს “ს...”, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად თანხა ანგარიშზე არ ჩარიცხვია მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობდა რკინიგზის ვაგონში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. განკარგულებით განისაზღვრა მიწისძვრით დაზარალებული იმ ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, რომლებიც დარჩნენ უსახლკაროდ, საცხოვრებელის გარეშე. განკარგულებით კონკრეტულად განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, ვისზეც უნდა გავრცელებულიყო განკარგულების მოქმედება, კერძოდ, განკარგულების მიხევით, უსახლკაროდ დარჩენილი იყო 282 ოჯახი, მათ შორის საჩხერის რაიონში 221 ოჯახი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპენსაცია მიიღო 139-მა ოჯახმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განკარგულებით განისაზღვრა რა კონკრეტულ პირთა წრე, აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა თანხის ოდენობა, რომელიც უნდა გამოყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო 500 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან, ხოლო 910 000 ლარის – მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა. განკარგულებაში მითითებული თანხა ზუსტად იმდენი იყო, რაც საკმარისი იქნებოდა უსახლკაროდ დარჩენილი თვითოეული 282 ოჯახისათვის მთავრობის განკარგულებით დადგენილი ხუთი ათასი ლარის გამოყოფისათვის. ამდენად, განკარგულების მიხედვით, ვაგონში ცხოვრება არ წარმოადგენდა საკომპენსაციო თანხის მიცემის პირობას, განკარგულება რკინიგზის ვაგონებზე მითითებას შეიცავდა იმ კონტექსტში, რომ უსახლკაროდ დარჩენილები ცხოვრებას განაგრძობდნენ რკინიგზის ვაგონებში, რაც არ წარმოადგენს თანხის გაცემისათვის განმსაზღვრელ ფაქტორს, ფინანსური დახმარება უნდა გასწეოდა უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, მით უფრო, რომ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ყველა ოჯახი არ იქნა უზრუნველყოფილი რკინიგზის ვაგონით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ მიუთითეს რაიმე სახის სამართლებრივ აქტზე, რომლითაც რეგულირდებოდა რკინიგზის ვაგონების გადაცემა ცალკეული ოჯახისათვის. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სასამართლოს პროცესზე დაადასტურა, რომ რკინიგზის ვაგონები არ იყო საკმარისი ოდენობის, შესაბამისად ყველა ოჯახი ვერ იქნა უზრუნველყოფილი ვაგონით, რაც არ მომხდარა თავად დაზარალებულთა მხრიდან გვაგონებზე უარის თქმის გამო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რკინიგზის ვაგონებით დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა არ წარმოადგენდა რაიმე აქტით მოწესრიგებულ პროცესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებლობის ფარგლებში გადასცეს ვაგონები დაზარალებული ოჯახების ნაწილს, ხოლო ნაწილი ოჯახები უზრუნველყოფილ იქნენ კარვებით, სხვა დროებითი ნაგებობებით ან ცხოვრობდნენ ქირით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაგონში ცხოვრების ფაქტი არ უნდა გამხდარიყო საკომპენსაციო თანხის გაცემის განმსაზღვრელი პირობა, თანხა უნდა გაცემულიყო მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახზე, რომლებიც შეყვანილი იყვნენ შესაბამის სიაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი საკომპენსაციო თანხის გაცემაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი არ ცხოვრობდა რკინიგზის ვაგონში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ნ. ს-ე მიწისძვრის შედეგად დარჩა უსახლკაროდ, 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კარავში, რომელიც შემდეგ განადგურდა, შეყვანილი იყო საკომპენსაციო თანხის გასაცემი ოჯახების სიაში. შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულებით გათვალისწინებულ სუბიექტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე პერიოდულად მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოებს კომპენსაციის თანხის გამოყოფის მოთხოვნით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი უნდა დაკმაყოფილეს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული კომპენსაციით – 5000 ლარით. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა 2005 წლიდან ლარის გაუფასურების გამო საკომპენსაციო თანხის სახით 10000 ლარის გადახდის შესახებ, რამდენადაც განკარგულებით ზუსტად განისაზღვრა თითოეული ოჯახისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, ამასთან, კასატორს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია მოთხოვნის ამ ნაწილის სათანადო საფუძვლიანობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა გაზიარებულ უნდა იქნეს ნაწილობრივ და მოპასუხეს _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2011წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. მოპასუხეს _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის _ ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. სხირტლაძე/

მოსამართლეები: /ნ. ქადაგიძე/

/ლ. მურუსიძე/