ბს-1471-1453 (კ-11) 16 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ქ. აბესაძე
კასატორები –ა. ზ-ი (მოსარჩელე), მ. ბ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე –სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი- მ. ბ-ი;
მესამე პირები_ც. კ-ე, შპს «მ-ი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ზ-მა მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის ¹882010873538-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ც. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს «მ-ი».
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 2 თებერვალს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. ზ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹42-ში მდებარე 35,63 კვ.მეტრი ფართის საცხოვრებელ ბინაზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2009 წლის 29 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული დ. ხ-სა და ა. ზ-ს შორის საჯარო რეესტრში. თავის მხრივ, დ. ხ-მ (დ-მ) საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე შეიძინა ნ. შ-ისაგან 2002 წლის 24 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი ¹...
2010 წლის 16 ნოემბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ც. კ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹42-ში მდებარე 35,63 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინაზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1993 წლის 10 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ნ. შ-ასა და ც. კ-ეს შორის სანოტარო წესით. უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი ¹....
სასამართლოს მითითებით, არც ა. ზ-ისა და არც ც. კ-ის კუთვნილი უძრავი ქონება არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაში დამზადებული ნახაზის (გეგმის) საფუძველზე, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნულ უძრავ ქონებათა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ¹... და ¹... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთთა იდენტურობა ვერ დგინდებოდა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის ¹882010873538-03 გადაწყვეტილება არ აყენებს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს ა. ზ-ის საკუთრების უფლებას და არც არანაირად ზღუდავს მას, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია, მას აქვს მინიჭებული დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი; ც. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ ხერხდება, შესაბამისად-გასაჩივრებული რეგისტრაციით მოსარჩელის კანონიერი უფლება-ინტერესის შელახვის ფაქტი არ დგინდება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1993 წლის 10 ნოემბერს, ნ. შ-ამ გააჩუქა ...ის ქუჩა ¹42-ში მდებარე ბინა ც. კ-ეზე, რომელმაც 2010 წლის 16 ნოემბერს დაირეგისტრირა საკუთრებაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო 2010 წლის 16 ნოემბრის ¹882010873538-03 გადაწყვეტილებით, მოეხდინა რეგისტრაცია, ვინაიდან რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტის-ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს ა. ზ-ის საკუთრების უფლებას და არც არანაირად ზღუდავს მას, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია, მას აქვს მინიჭებული დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი; ვინაიდან ც. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ ხერხდება, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციით მოსარჩელის კანონიერი უფლება-ინტერესის შელახვის ფაქტი არ დგინდება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა.
კასატორმა აღნიშნა, რომ «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 და 23-ე მუხლების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის განხორციელებისას ხელმძღვანელობს განმცხადებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებით, რა დროსაც იგი ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული უფლება, რომელიც გამორიცხავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, ან ხომ არ არის საკუთრების უფლება გადასული ახალ მესაკუთრეზე.
კასატორის მოსაზრებით, სარეგისტრაციო დოკუმენტების შემოწმების წესი განისაზღვრება კანონის ზოგადი ნორმებიდან გამომდინარე, კერძოდ, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, ამ შემთხვევაში «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის «ბ» და «ვ» პუნქტების აღსრულების მიზნით აღნიშნული დოკუმენტების შემოწმება უნდა მოხდეს უძრავი ქონების მისამართის, მესაკუთრისა და უძრავი ქონების ფართის საფუძველზე. ე.ი. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში აღრიცხული საკუთრების უფლების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში აღრიცხული საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს შეუძლებელია როგორც საკადასტრო კოდის, ასევე საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაში დამზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით იდენტიფიცირება, ვინაიდან მას ჯერ არ გააჩნია საკადასტრო კოდი, საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაში დამზადებული გეგმა და მას შეიძენს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ, რაც უნდა განხორციელდეს აუცილებლად «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის «ბ» Dდა «ვ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესის შესრულების შემდეგ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო რეესტრის შესახებ» კანონი და «საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹4 ბრძანება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც იძლევა განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: უძრავი ქონების ნასყიდობის 2002 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე დ. დ-მ (დ. ხ-მ) ნ. შ-ასაგან შეიძინა ქ. თბილისში, ...ის ქ. 42-ში მდებარე ბინა. რეგისტრაციის შედეგად უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹....
2009 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. ზ-ის საკუთრების უფლება თბილისში, ...ის ქ. ¹42-ში მდებარე 35,63 კვ/მ საცხოვრებელ ბინაზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2009 წლის 29 იანვარის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული დ. ხ-სა და ა. ზ-ს შორის.
დადგენილია, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ც. კ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹42-ში მდებარე 35,63 კვ/მ ფართის საცხოვრებელ ბინაზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1993 წლის 10 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ნ. შ-ასა და ც. კ-ეს შორის. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹....
საკასაციო სასამართლო არაარგუმენტირებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორის უფლებების ნაწილში და თვლის, მხოლოდ ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სხვადასხვა კოდი, სასამართლოს არ აძლევს მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ ც. კ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს კასატორის საკუთრების უფლებას, რამდენადაც ძალაშია ამ უკანასკნელის სახელზე მომხდარი რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული მოტივაციით დავა დაიყვანება ფორმარულ ნიშნამდე და ვერ უზრუნველყოფს მხარეთა შორის წარმოშობილი კომფლიქტის სამართლებრივ გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, თუმცა საყურადღებოა, რომ მისი მინიჭება ხდება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტის პროცესში მარტოოდენ საიდენტიფიკაციო კოდზე მითითება არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ დავა შეეხება სხვადასხვა უძრავ ნივთს. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ც. კიკვიძის სახელზე სადავო ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია პირველადი რეგისტრაციით, ხოლო დავა ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ უფლების რეგისტრაციის მომენტში ბინას მიენიჭა სხვა კოდი, რამაც განაპირობა უფლებრივად დატვირთული ნივთის სხვა პირზე აღრიცხვა.
საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ბინის სხვადასხვაობის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა აღნიშნული მოსაზრების უპირობო გაზიარების შესაძლებლობას.
საქმეში ს.ფ. 60 წარმოდგენილია ნ. შ-ას სახელზე განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დათარიღებულია 1993 წლის 26 აგვისტოთი და რეგისტრირებულია მე-2 სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ ნომრით 26 – 1588.
საქმეში ს.ფ. 18 დაცულია 1993 წლის 10 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ნ. შ-ასა და ც. კ-ეს შორის. ჩუქების ობიექტზე ნ. შ-ას საკუთრება დასტურდება თბილისის მე-2 სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ 1993 წლის 26 აგვისტოს რეესტრი ¹26 – 1588 დამოწმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულებით.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ნ. შ-ასა და დ. დ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, გასასხვისებელ ობიექტზე გამსხვისებლის _ ნ. შ-ას საკუთრება ასევე დასტურდება იმავე საპრივატიზაციო ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს ფაქტს ობიექტის სხვადასხვაობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და განსაზღვროს, მოხდა თუ არა ერთი და იგივე ობიექტის გასხვისება, რასაც შედეგად მოჰყვა ერთ ობიექტზე ორი მესაკუთრის აღრიცხვა.
საკასაციო სასამართლო არაარგუმენტირებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ც. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი მდებარეობის დაუდგენლობის თაობაზე, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს მოსარჩელის უფლებების შელახვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ც. კ-ის მიერ დავის პროცესში ობიექტი გასხვისებულია რამოდენიმეჯერ, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია მოსარჩელის (კასატორის) და არა ც. კ-ის ბინის მდებარეობა და რაც მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და შეფასებები არ ემყარება საქმეში წარმოდგენილი მასალების სამართლებრივ ანალიზს.
საკასაციო სასამართლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35.2 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე არ უარყოფს მარეგისტრირებელი ორგანოს შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები მიიჩნიოს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძვლად, თუმცა, საკასაციო სასამართლო ცალსახად გამორიცხავს მითითებული ნორმის იმ პირობებში გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ნივთის მიმართ შენარჩუნებული არ არის თავდაპირველი სამართლებრივი მდგომარეობა. ანუ, წინამდებარე შემთხვევაში ჩუქების ობიექტი კვლავ უნდა იმყოფებოდეს გამჩუქებლის საკუთრებაში და რაიმე სამართლებრივი გზით გამოსული არ უნდა იყოს მისი მფლობელობიდან.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 3.6 მუხლის შესაბამისად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის შესაბამისად, ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე.
აღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება შეემოწმებინა არსებობდა თუ არა წინააღმდეგობა მასთან ჯერ კიდევ 2002 წელს დ. ხ-ზე, 2009 წელს ა. ზ-ზე და შემდგომ უკვე ც. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, საქმე არასრულყოფილადაა გამოკვლეული, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.