Facebook Twitter

ბს-1552-1531(კ-11) 15 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დ. ბ-ი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სააგენტო

დავის საგანი _ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ხ-მა 2010 წლის 1 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, დ. ბ-ის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან მცხეთის რაიონის სოფ. მუხათგვერდში მიიღო 0,25ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 1997 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹24. მცხეთის რაიონის გამგეობამ 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილებით დაამტკიცა რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დადგენილება. აღნიშნულ დადგენილებაში მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება, «3 ჰექტარი» შეიცვალა «3,5 ჰექტრით». 2004 წლის 1 ივნისს მცხეთის რაიონის გამგეობასა და დ. ბ-ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება. 2004 წლის 4 ივნისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა იჯარის ხელშეკრულება (საკადასტრო კოდი: ...; ფართობი დაზუსტებული 3,5ჰა). 2008 წლის 3 აპრილს მოიჯარე დ. ბ-მა მოახდინა 14212 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: ...; მისამართი: დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის მიმდებარედ). 2009 წლის 10 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითრების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილებისა და 2004 წლის 1 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების არარად აღიარების მოთხოვნით, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დოკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 1 ივნისის, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და დაბა ზაჰესის საკრებულოს მიერ 1994 წლის 15 თებერვლის ¹46 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სარეფორმო მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა, რის გამოც, სამმართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო რაიმე გადაწყვეტილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. ხ-ის კუთვნილი 2500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის გამგეობასა და დ. ბ-ს შორის დადებული 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულება; საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დაევალა 2004 წლის 1 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და საიჯარო ფართიდან ზ. ხ-ის კუთვნილი 2500 კვ.მ. ფართის მიწის ამორიცხვა; მოპასუხე დ. ბ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 33.35 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 22 იანვარს ზ. ხ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (..., ...ის ¹19, ზონა მცხეთა, სექტორი ზაჰესი). მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 9 მარტის ¹882009012855-06 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ Dშეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები მთლიანად იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) საზღვრებში, ამდენად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 მაისის ¹132799 წერილის თანახმად, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის მიმდებარედ მდებარე 25000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ... (წინა ¹...), რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება და იჯარის უფლება, მოიჯარე _ დ. ბ-ი. 2009 წლის 10 თებერვალს, ზ. ხ-მა მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილებისა და 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულების არარად აღიარების მოთხოვნით. სამმართველოს 2009 წლის 18 მარტის ¹3/10 წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან ვერ ხერხდებოდა მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 01 ივნისის, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და დაბა ზაჰესის საკრებულოს მიერ 1994 წლის 15 თებერვლის ¹46 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სარეფორმო მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა, სამმართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო რაიმე გადაწყვეტილება. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ბ-ის სარჩელი. დ. წ-ს, თ. ს-სა და ი. ჯ-ს დაევალათ დ. ბ-ისათვის იჯარით გადაცემული 2,5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და აეკრძალათ დ. ბ-ის მიერ აღნიშნული ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა. დ. ბ-ის სარჩელი ნ. გ-ისა და ზ. ხ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალების მიხედვით, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილებით დამტკიცდა მცხეთის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის საოქმო დადგენილება (სხდომის ოქმი ¹16, 23.12.2002) და ქ. თბილისში მცხოვრებ დ. ბ-ს დიდგორის ს/ს სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან, იჯარით 10 წლის ვადით, გამოეყო 3 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი დიღმის სატყეოს ¹9 კვარტალში, ¹6 უბანში. მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილებით დამტკიცდა მცხეთის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის საოქმო (ოქმი 2) დადგენილება და ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილებაში და 3 ჰექტარი შეიცვალა 3,5 ჰექტარით. 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულება დაიდო მცხეთის რაიონის გამგეობასა და დ. ბ-ს შორის, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილების საფუძველზე. ხელშეკრულებით დ. ბ-ს იჯარით გადაეცა 3,5 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით. 2004 წლის 04 ივნისს, დაბა ზაჰესში, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 3,5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ¹..., განხორციელდა მცხეთის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლებისა და იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია. უძრავი ქონების მისამართად მითითებულია: დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობა, სოფელ ...ს სამხრეთით. მესაკუთრე _ მცხეთის რაიონის გამგეობა, მოიჯარე _ დ. ბ-ი, იჯარის უფლების რეგისტრაციის თარიღი 04.06.2004წ. იჯარის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ იჯარის ხელშეკრულება 01.06.2004წ. მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილება, აღწერილობის ოქმი. 2008 წლის 03 აპრილს, აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატების შეტანა საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მიენიჭა საკადასტრო კოდი .... უფლების რეგისტრაციის ¹882008093449. უფლების რეგისტრაციის თარიღი 03.04.2004წ. ხოლო აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2008 წლის 20 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ უძრავი ქონება 25000 კვ.მ. დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება საკადასტრო კოდი ... (წინა ნაკვეთის ¹...). უძრავი ნივთის მისამართად დაფიქსირებულია: «დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის მიმდებარედ”. 2008 წლის 20 მაისის დ. ბ-ის განცხადების თანახმად, იჯარით გადაცემული აქვს 3,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ვინაიდან დაფიქსირდა სხვისი ნაკვეთებით გადაფარვა, მოახდინა კორექტირება და წარადგინა 4 სხვადასხვა ფართის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 1994 წლის 15 თებერვლის, დაბა ზაჰესის საკრებულოს გამგეობის ¹46 გადაწყვეტილების საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1997 წლის სექტემბრის თვის ¹24 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ზ. ხ-ს გადაეცა 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფელ ...ს მიმდებარედ. ვ. გ-ის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის 17.07.2008წ. ¹5 წერილის თანახმად ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დიდგორის საცდელ-საჩველნებელ სატყეო მეურნეობას, რომელიც საქართველოს კანონის თანახმად არ ითვალისწინებდა პრივატიზაციას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ხ-ი ითხოვდა დ. ბ-თან დადებული 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამმართველოსათვის 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და საიჯარო ფართიდან ზ. ხ-ის კუთვნილი 2500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ამორიცხვის დავალებას; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან და საფუძვლიდან გამომდინარე შეფასებული უნდა ყოფილიყო დ. ბ-თან დადებული 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულების კანონთან შესაბამისობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 1998 წლის 02 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-3 თავის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები და განმარტა, რომ მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში _ კომისია), კომისია საიჯარო კომისიის გადაწყვეტილების ოქმსა და ხელშეკრულების პროექტს წარუდგენს რაიონის გამგეობას (მერიას), რომელიც ვალდებულია ორ კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ წერილობით აცნობოს, როგორც კომისიას, ისე კონკურსში გამარჯვებულს. მეიჯარესა და კონკურსში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტიპიური ფორმის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილებით დამტკიცდა მცხეთის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის საოქმო დადგენილება (სხდომის ოქმი ¹16, 23.12.2002) და ქ. თბილისში მცხოვრებ დ. ბ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდგორის ს/ს სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან, იჯარით 10 წლის ვადით, გამოეყო 3 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი დიღმის სატყეოს ¹9 კვარტალში, ¹6 უბანში. მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილებით დამტკიცდა მცხეთის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის საოქმო (ოქმი 2) დადგენილება და ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილებაში: 3 ჰექტარი შეიცვალა 3,5 ჰექტარით. 2004 წლის 01 ივნისის იჯარის ხელშეკრულება დაიდო მცხეთის რაიონის გამგეობასა და დ. ბ-ს შორის, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადაგენილებები ძალაშია და მას განსახილველი დავის შემთხვევაში გააჩნია იურდიული ძალა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ დ. ბ-თან დადებული 2004 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვით და არსებობდა ამ მიმართებით მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკების შედარების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დიდგორის საცდელ-საჩველნებელ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწას, რომლის კერძო საკუთრებაში გადაცემას კანონი არ ითვალისწინებდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ვერ გახდებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დიდგორის საცდელ-საჩვენებელ სატყეო მეურნეობას, რომელიც საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება განიკარგოს პრივატიზაციის წესით, თუმცა სააპელაციო სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ ვ. გ-ის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის 17.07.2008წ. ¹5 წერილს და მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულების შეფასების საფუძველზე გამოიტანა დასკვნა.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ და ძალაშია დღევანდელი მდგომარეობითაც. ამდენად, იმ პირობებში, როცა ძალაში იყო მიღება-ჩაბარების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა ხელახლა განეკარგა სადავო მიწის ნაკვეთი. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით გაურკვეველია ტყის ფონდის მიწების საზღვები და შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ კასატორზე რეფორმით გადაცემული მიწა განეკუთვნება ტყის ფონდის მიწებს, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას არის მოკლებული.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადგენილი სრულყოფილად და შესაბამისად, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა და შეაფასა მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დიდგორის საცდელ-საჩვენებელ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწას, რომლის კერძო საკუთრებში გადაცემას კანონი არ ითვალისწინებდა და სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ იყო სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2012 წლის 31 იანვრის სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსის წერილი, რომლითაც ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის სამსახურს სააგენტო სთხოვდა განმარტებას, წარდგენილ კოორდინატებში (იხ. წერილი) მითითებული ფართობი (მათ შორის, სადავო მიწის ფართობი) წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ 2012 წლის 2 თებერვლის ¹16391 გაცემული წერილის თანახმად, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი კოორდინატებით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთი მდებარე ზონა _ მცხეთა, სექტორი _ ზაჰესი, არ შედიოდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს ¹299 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.

საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" 1992 წლის 10 მარტი ¹290 დადგენილების საფუძველზე განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. ამასთან, მიწის რეფორმის ფონდი იქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპულიკის ტყის კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე განმარატავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ტყე სახელმწიფო საკუთრებაა, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტყეები ქმნიან ერთიან სახელმწიფო ტყის ფონდს. ერთიან სახელმწიფო ტყის ფონდში შედის სახელმწიფო ტყეები, მიჩენილი ტყეები და ნაკრძალები. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებად ითვლება სატყეო მიწები, აგრეთვე არასატყეო, მაგრამ სატყეო მეურნეობის საჭიროებისათვის განკუთვნილი მიწები. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრები, რომლებიც მათ სხვა კატეგორიის მიწებისაგან მიჯნავს, განისაზღვრება დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საჭიროებს ხელახალ შეფასებას სააპელაციო სასამართლოს მიერ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია აგებულია იმ ფაქტზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დიდგორის საცდელ-საჩვენებელ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწას, რომლის კერძო საკუთრებაში გადაცემას კანონი არ ითვალისწინებს, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს ¹299 დადგენილების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის ტყის ფონდის საზღვრებში და ამდენად, მხარეს _ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უნდა შეაფასოს ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ გამოიტანოს დასკვნა მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ბ-თან, 2004 წლის 1 ივნისს იჯარის ხელშეკრულება დადებულია თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.