¹ბს-1657-1629(კ-11) 29 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ დ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები _ მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება _ ქ. Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: დ. გ-ი
წარმომადგენელი: გ. ფ-ე
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ვ. ჯ-ა
სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და საჯარო რეესტრის დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე.
სარჩელის საგანი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის №26479 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011055026 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შევა ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში (საკადასტრო კოდი: 71.27.09.041);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება, საჯარო რეესტრის ამონაწერში (საკადასტრო კოდი: 71.27.09.041) სიტყვა ,,დაუზუსტებელი” შეცვალოს ,,დაზუსტებულით”.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების N¹72 მოწმობის საფუძველზე, განახორციელა დაზუსტებული მონაცემებით 7500 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და 2008 წლის 21 აპრილს გაიცა ამონაწერი. შემდგომ, 2011 წლის 9 თებერვალს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში 7500 კვ/მ მიწის ნაკვეთი დაფიქსირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით. დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი განაცხადა ხარვეზის გამოსწორებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის ვითარებაში გარკვევის გარეშე იდენტური, დაუსაბუთებელი და აუხსნელი პასუხი გასცა, ისე რომ არც გამოიკვლია, თუ რატომ მოხდა დაზუსტებული მიწის ნაკვეთის მოულოდნელად დაუზუსტებლად გადაქცევა.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 26-36).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინებით, საქმე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად _ მცხეთის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 48-49).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი :
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის ზეპირი მოსმენის დროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
სამართლებრივი : მოპასუხის მითითებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. (იხ. ს.ფ. 68-75).
საქმის გარემოებები:
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 2008 წლის 12 მარტის სხდომაზე განიხილა დ. გ-ის განცხადება, დუშეთის რაიონის სოფ. ... არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7500 კვ/მ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიამ დააკმაყოფილა განცხადება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 17 მარტს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №72, რომლის თანახმად, დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა სოფ. ... მდებარე 7500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
2008 წლის 21 აპრილს დ. გ-მა №1074 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა, დუშეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაცემა. 2008 წლის 21 აპრილის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დუშეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ფართობი მითითებულია - 0,75 ჰა (დაზუსტებული). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – 2008 წლის 17 მარტის საკუთრების უფლების მოწმობა №72; უფლების განაცხადის რეგისტრაციის №1074/08; უფლების განაცხადის რეგისტრაციის თარიღი - 2008 წლის 21 აპრილი; უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2008 წლის 25 აპრილი.
დ. გ-მა 2009 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა დუშეთის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვის: ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2008 წლის 21 აპრილის მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი და სხვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკადასტრო კოდით - ... და ..., რომლის მესაკუთრეები არიან ნ. ს-ი და გ. მ-ე. დ. გ-ს ასევე განემარტა, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
დ. გ-მა 2011 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში (ზონა: დუშეთი, სექტორი: ბაზალეთი) ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, ,,დაუზუსტებელის” ნაცვლად მიეთითოს ,,დაზუსტებული”. განცხადებას თან ერთვის დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რეგისტრაციის №882011047538, განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, დ. გ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დასტურდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის 2011 წლის 18 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011055026-03 გადაწყვეტილების გაუქმების და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მომზადებულ ამონაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერებში არ არსებობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
2011 წლის 9 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დუშეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 7500 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ... დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – 2008 წლის 17 მარტის საკუთრების უფლების მოწმობა №72; უფლების განაცხადის რეგისტრაციის №712008001074; უფლების განაცხადის რეგისტრაციის თარიღი - 2008 წლის 21 აპრილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ის 2008 წლის 21 აპრილის №1074 განცხადებასთან ერთად დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი იყო შპს ,, ...” მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია, რომელსაც თან არ ახლდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამის ფორმატში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და 2008 წლის 24 აპრილს განხორციელებული 0.74 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე დ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია დაუზუსტებელი მონაცემებით. შესაბამისად არ არსებობდა საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” 28-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დოკუმენტაციიდან მონაცემების არაზუსტი გადატანის და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზი. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოსცა აქტები.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული და დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
რაიონული სასამართლოს მითითებით, რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანების ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს AრცGIშ (სჰპ) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.“ იმავე ინსტრუქციის 74-ე მუხლის თანახმად, ,,მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სარეგისტრაციო წარმოებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აწარმოებს.“
2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,თუ საჯარო რეესტრში უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო დაგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.“
2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.“ იმავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემასა და UთM პროექციაში. სასამართლოს მითითებით, დ. გ-ის მიერ 2008 წლის 21 აპრილის №1074 განცხადებით წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია, რომელსაც თან არ ახლდა რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამის ფორმატში შესრულებული ელექტრონული ვერსია, შესაბამისად, რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი შედეგი, ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, სწორად შეაფასა ისინი და მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის №26479 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011055026 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზეც. (იხ. ს.ფ. 137-147).
აპელანტი: დ. გ-ი
წარმომადგენელი: გ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: ვ. ჯ-ა
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმე სრულად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამართლებრივი : აპელანტს არ უმსჯელია სამართლებრივ მოტივებზე. (იხ. ს.ფ. 152-160)
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება:
მოტივები:
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ს.ფ. 177-182.)(სასამართლო სხდომის ოქმი).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
დამატებითი მოტივაცია სააპელაციო პალატას არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 185-197).
კასატორი: დ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/ :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური:
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც მხოლოდ 6 თვის შემდეგ შევიდა ძალაში, ასევე იუსტიციის მინისტრის მე-4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ძალაში შევიდა 2010 წელს, მითითებული ნორმები კი ვერ მოქმედებენ დ. გ-ის წინააღმდეგ. სასამართლომ არ გამოიყენა იუსტიციის მინისტრის მიერ ¹800 ბრძანებით გათვალისწინებული მუხლები, სადაც საუბარია მხარის მიერ არასრულად წარდგენილი დოკუმენტების თაობაზე.
სასამართლოების მიერ არ იქნა გამოკვლეული თუ როგორ მოხდა დაზუსტებული ფართის დაუზუსტებლად გადაქცევა, სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის მოთხოვნა განცხადების მიღების ბარათის გამოთხოვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის დ. გ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს დ. გ-ის სარჩელი. კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის ¹26479 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო რეესტრის ამონაწერში (კოდი ¹...) სათანადო ცვლილებების ასახვით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტაციო სამსახურს დაევალოს ქმედების განხორციელება: რეესტრის ამონაწერში (კოდი ¹...) სიტყვა ,,დაუზუსტებული” შეცვალოს სიტყვა ,,დაზუსტებულით”; შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაუქარწყლებია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, არ გადმოუცია გადაწყვეტილებაში სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი არგუმენტაციის იურიდიული დასაბუთება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ ობიექტურად დადგენისა და კანონიერი შეფასებების თაობაზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 12 მარტის ¹8 ოქმით დაკმაყოფილდა დ. გ-ის მოთხოვნა და მართლზომიერი მფლობელობის უფლებით საკუთრებაში იქნა აღიარებული 7500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებულ საზღვრებში (იხ. ს.ფ. 20-21).
ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ¹72 საკუთრების უფლების მოწმობით დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობი 7500 კვ.მ. სოფ. ... (იხ. ს.ფ. 19). მითითებულ მოწმობას ახლდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
2008 წლის 21 აპრილს დ. გ-მა ¹1074 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურს და მოითხოვა დუშეთის რ/ნ, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაცემა (იხ. ს.ფ. 127).
2008 წლის 21 აპრილის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, დუშეთის რ/ნ, სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 71.27.09.041 რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ფართობი მითითებულია – 0,75 ჰა (დაზუსტებული) უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 2008 წლის საკუთრების უფლების მოწმობა ¹72; უფლების განაცხადის რეგისტრაციის ¹1074/08; უფლების განაცხადის რეგისტრაციის თარიღი – 2008 წლის 21 აპრილი; უფლების რეგისტრაციის თარიღი – 2008 წლის 25 აპრილი (იხ. სფ. 46).
დ. გ-მა 2009 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა დუშეთის რ/ნ-ის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2008 წლის 21 აპრილის მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი და სხვა (იხ. სფ. 104).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკადასტრო კოდით - ... და ..., რომლის მესაკუთრეები არიან – ნ. ს-ი და გ. მ-ე. დ. გ-ს ასევე განემარტა, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (იხ. სფ. 112).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია(იხ. სფ. 113).
2011 წლის 9 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დუშეთის რ/ნ, სოფ. ... მდებარე 7500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ... დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 2008 წლის საკუთრების უფლების მოწმობა ¹72; უფლების განაცხადის რეგისტრაციის ¹712008001074; უფლების განაცხადის რეგისტრაციის თარიღი – 2008 წლის 21 აპრილი (იხ. სფ. 14).
დ. გ-მა 2011 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში (ზონა: დუშეთი, სექტორი: ...) ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, ,,დაუზუსტებელის” ნაცვლად მიეთითოს ,,დაზუსტებული”. განცხადებას თან ერთვის დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რეგისტრაციის №882011047538, განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია (იხ. სფ. 82).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვილის გადაწყვეტილებით, დ. გ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დასტურდება (იხ. სფ. 89).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის 2011 წლის 18 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011055026-03 გადაწყვეტილების გაუქმების და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მომზადებულ ამონაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 17).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის დ. გ-ის კასაციის მოტივს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა საქართველის იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კერძოდ, თუ რა შედგები უნდა დადგეს მხარის მიერ სარეგისტრაციოდ არასრულყოფილი მასალების წარდგენის შედეგად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დ. გ-ის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი საქართველის იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” მე-10 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასატრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზურ კოორდინატა სისტემაში, კერძოდ, ჭGშ 84 კოორდინატთა სისტემისა და UთM პროექციაში.
ამავე ინსტრუქციის 59-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი. ხოლო მე-60 მუხლში ჩამოთვლილია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებას თუ არ ერთვის თან რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება და დაავალოს განმცხადებელს სარეგისტრაციო დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნება წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2008 წლის 21 აპრილს დ. გ-მა ¹1074 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურს და მოითხოვა დუშეთის რ/ნ, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაცემა, რომლის შესაბამისადაც დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დუშეთის რ/ნ, სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ფართობად მითითებულია – 0,75 ჰა (დაზუსტებული) უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 2008 წლის საკუთრების უფლების მოწმობა ¹72; უფლების განაცხადის რეგისტრაციის ¹1074/08; უფლების განაცხადის რეგისტრაციის თარიღი – 2008 წლის 21 აპრილი; უფლების რეგისტრაციის თარიღი – 2008 წლის 25 აპრილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე 2009 წლის 9 თებერვლის განახლებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწის ფართობის – 7500,00 კვ.მ. ,,დაუზუსტებელის” მითითება იმ საფუძვლით, რომ დ. გ-ის მიერ 2008 წლის 21 აპრილის ¹1074 განცხადებით წარდგენილი იყო მხოლოდ აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია, რომელსაც თან არ ახლდა რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამის ფორმატში შესრულებული ელექტრონული ვერსია და ამის გამო რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით, ვერ იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით
მოსარჩელის მტკიცებით მას ეს დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა საჯარო რეესტრში, რის საწინააღმდეგოს მტკიცებაც მოპასუხეს ევალება. არც ერთი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება – დ. გ-ის განცხადების დანართის შესახებ, რომლის შენახვის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა, რაკი თავისი ინიციატივით მოახდინა საკუთრების უფლების საგნის თვისების (დაზუსტებული-დაუზუსტებლით) ახალი რეგისტრაცია.
სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღმჭურველი შინაარსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ვინაიდან აღნიშნული აქტით კასატორს – დ. გ-ს ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კი საქართველოს კანონმდებლობა იცავს და აღიარებს მესაკუთრის უფლებას. პირის ამ ძირითადი უფლების დაცვა ქვეყანაში არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს.
საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლება – საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითად უფლებათაგანია, თუმცა იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს. ეროვნული კანონმდებლობები ითვალისწინებენ შემთხვევებს, როდესაც აღმატებული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
საკუთრების უფლება თავის თავში მოიცავს ამ უფლების ქვეშ მყოფი ობიექტის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნის, შენახვა-მოვლის ვალდებულებას, როგორიც არის მესამე პირთათვის და გარემოსათვის საფრთხის გამომრიცხველ და ზიანის მიუყენებლად ფუნქციობის უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის უფლება ეწოდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 2009 წლის 9 თებერვლის განახლებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწის ფართობის – 7500,00 კვ.მ. ,,დაუზუსტებელის” მითითებით, შეილახა კასატორის დ. გ-ის საკუთრების უფლება, და ამასთან, დაირღვია ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – კანონიერი ნდობის პრინციპი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 21 აპრილს განხორციელებული რეგისტრაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს დ. გ-ის კანონიერი ნდობის საფუძველს, მით უფრო მაშინ, როცა სახეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.2 მუხლში მითითებული საფუძვლები, ამასთან მოპასუხე ვერ ამტკიცებს რა ფაქტებმა განაპირობა ჩანაწერის შეცვლა.
საკასაციო სასამართლოს ასევე იზიარებს კასატორის საკასაციო საჩივრის მოტივს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით განსაზღვრულ მტკიცების
ტვირთის გადანაწილების თაობაზე, და ვერ დაეთანხმება ქვემო ინსტანციების სასამართლოების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დადგენილად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ დ. გ-ის მიერ 2008 წლის 21 აპრილის ¹1074 განცხადებასთან ერთად დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო მხოლოდ აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია და მას არ ახლდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, და იმის მტკიცების ტვირთი, რომ დ. გ-მა ნამდვილად წარადგინა 2008 წლის 21 აპრილს საკადასატრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, დააკისრა მოსარჩელეს – დ. გ-ს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბებისას ეყრდნობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში საქმეზე ¹ბს-626-596(კ-07) ბ. ნ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ), ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვნებს, კონკრეტულად, საერთო სასამართლოების მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის სწორ გაგება-განმარტებასთან დაკავშირებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება”.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კვლავაც ადასტურებს ზემომითითებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო შეფასებებს და დასკვნებს, თუმცა, წინამდებარე საქმის გარემოებები დამატებით საჭიროებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებების განმარტებას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა თავისი ინიციატივით, ისე რომ მესამე პირის საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა, პრაქტიკულად შეცვალა უძრავი ქონების რეგისტრაცია უძრავი ქონების თვისების მიმართ, რის გამოც რეალურად შეიცვალა უძრავი ქონების ფართის ოდენობა, თანაც ისე, რომ აღნიშნულზე არ ჩაატარა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების სახე, წარმოებაში არ მიიწვია მესაკუთრე, არ მიუღია სათანადო სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე და არც ფაქტობრივად და სამართლებრივად არ დაუსაბუთებია იგი.
საქმის გარემოებების ამგვარი ერთობლიობა საკასაციო სასამართლოს მიანიშნებს, რომ საჭიროა განიმარტოს საჯარო დაწესებულებათა ვალდებულება – მათთან პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დაცულობასთან დაკავშირებით.
უდავოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაციაში ჩანაწერი ,,დაზუსტებული” თავისი ინიციატივით შეცვალა ჩანაწერით ,,დაუზუსტებელი”, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ისე დაარეგისტრირა ფართი, რომ არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტები.
ამ პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტთა ნუსხის შეუსაბამობის დამტკიცება, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთი საერთოდ არ მოუხდენია, არც კონკრეტული მოსამსახურის მიმართ აღუძრავთ და გამოუყენებიათ რაიმე დისციპლინური ხასიათის ზომა არასრულფასოვანი დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს პირებს წლობით ინახავდნენ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენილ, ჩაბარებულ დოკუმენტთა ნუსხის დამადასტურებელ ასლს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების არსი მატერიალურ სამართალში ძევს, ის, რისი ვალდებულებაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით არ ეკისრება პირს, საპროცესო სამართლებრივი ნორმითაც ვერ დაეკისრება.
კონკრეტულ შემთხვევაში, კი ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არ დაუმტკიცებია ის გარემოებები, თუ რის საფუძველზე შეუცვალა დ. გ-ს საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებული ,,დაზუსტებული” ფართი ,,დაუზუსტებელით”, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ დ. გ-ის მიერ სარეგისტრაციო წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო საკადასტრო ნახაზის ელ. ვერსია, რამდენადაც რეგისტრაციის მომენტში მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიის წარდგენა და რის გარეშეც ორგანო ვერ დაარეგისტრირებდა ფართს დაზუსტებული მონაცემებით.
იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციული ორგანო ცვლის რეგისტრაციის მონაცემებს თავისი ინიციატივით, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების ტვირთი მასზეა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომა, მით უფროO დაუსაბუთებელი და ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დამტკიცებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს პირის საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზეზი. მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირი სარგებლობს, აღჭურვილი და დაცულია კანონიერი ნდობის ინსტიტუტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის ¹26479 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდგეო, რამდენადაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის მოთხოვნები, კერძოდ, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებითYადმინისტრაციული წარმოების შესახებ აცნობს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მოწვეული არ ყოფილა საჩივრის ავტორი, ასევე არ გამოუკვლევია დ. გ-ის მიერ სარეგისტრაციო წარდგენილ დოკუმენტებში იყო თუ არ საკადასტრო ნახაზის ელ. ვერსია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლების დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1. მუხლის თანახმად კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაეკისროს დ. გ-ის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი – 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარისა და საკასაციო სასამართლოში - 300 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები და დ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;a) ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 თებერვლის ¹26479 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
b) ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
g) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო რეესტრის ამონაწერში (კოდი ¹...) სათანადო ცვლილებების ასახვით;
d) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ქმედების განხორციელება: რეესტრის ამონაწერში (კოდი ¹...) სიტყვა ,,დაუზუსტებული” შეცვალოს სიტყვა ,,დაზუსტებულით”;
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს დ. გ-ის სასარგებლოდ მის მიერ გაღებული ხარჯის, პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის; ჯამში – 550 ლარის გადახდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/