ბს-167-165(კ-12) 8 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. ბ-ის სარჩელისა გამო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მესამე პირის ლ. ბ-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ბ-მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის ლ. ბ-ის მონაწილეობით და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-10).
შესაგებლით სარჩელი არ ცნო მესამე პირმა ლ. ბ-მა და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 30-36).
შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ტ.1; ს.ფ. 44-51).
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით რ. ბ-ის სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ტ.1; ს.ფ. 99-104).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმება (იხ. ტ.1; ს.ფ. 110-111).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით რ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 118-124).
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ტ.1; ს.ფ. 185-193).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მა (იხ. ს.ფ. ტ.1; ს.ფ. 204-215).
სააპელაციო შესაგებლით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ტ2; ს.ფ. 26-33).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 58-66).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 73-81; 110-118).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 119-120).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ რ. ბ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ რ. ბ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ რ. ბ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 1 მარტს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4925455) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ «...ის» მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.