ბს-1686-1658 (2კ-11) 23 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. აბესაძე
კასატორები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი-ნ. წ-ა; სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. მ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”, წარმომადგენელი ა. ვ-ი;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 18 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “...-ს” წარმომადგენელმა მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 9 აგვისტოს ¹4905/21-18 საბაჟო შეტყობინების, 2010 წლის 11 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ¹035541, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2541 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “...-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 9 აგვისტოს ¹4905/21-18 საბაჟო შეტყობინება, 2010 წლის 11 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹035541, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2541 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 15 თებერვალს გ/ჯ ფოთში გამოწერილი დ10671 აღრიცხვის მოწმობის თანახმად შპს “...-ს” ეკისრებოდა ვალდებულება “...”-ის მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენა 2010 წლის 7 მარტს საბაჟო დეკლარირების განხორციელების მიზნით.
2010 წლის 11 ივლისს რუსთავის რეგიონული ცენტრის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ¹034541 ოქმი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ იქნა ¹4905/21-18 საბაჟო შეტყობინება, რომლის თანახმად სამართალდამრღვევი დაჯარიმებულ იქნა 1 500 ლარით.
საბაჟო შეტყობინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაც 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2541 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. Dდავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ 2011 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს “...-ს” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმეზე წარმოდგენილია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2010 წლის 21 თებერვალს დამოწმებული გარიგება შპს “...-ს” და სომხეთის მოქალაქე ე. ჰ-ის შორის.
საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2010 წლის 30 ნოემბრის ¹12/5/8/1/793583 წერილით დასტურდება, რომ 2010 წლის 14 თებერვლიდან სომხეთის მოქალაქე ე. ჰ-ის მიერ “...-ის” მარკის ავტომანქანით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2011 წლის 7 ივნისის ¹663447 წერილით დასტურდება, რომ 2010 წლის 21 თებერვალს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ იქნა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების ¹115765 გარიგებაზე ხელმოწერების ნამდვილობა შპს “...-ს” წარმომადგენლის მ. ვ-ის ვ-ს და ე. ჰ-ს შორის, ხოლო მონაცემები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესახებ ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად მიეწოდა საბაჟოOორგანოს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე, 45.1, 47.1.2, 61-ე, 116.1 მუხლებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი) ¹1745 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და განმარტა, რომ ე. ჰ-ი გახდა ის პირი, რომელმაც იკისრა უკვე რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემდგომი ტრანსტორტირება და შესაბამისად მასზე და არა მოსარჩელე შპს “...-ზე” ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები. ამასთან შპს “...”, როგორც პირი, რომლის საქონელიც მოექცა რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში, განთავისუფლდა საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი) ¹1745 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. სასამართლოს განმარტებით, მოსაჩელის მიერ საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისთანავე განხორციელდა ზოგადი დეკლარირება, თუმცა მის მიერ წინასწარ არ ყოფილა განსაზღვრული საქონელი რეექსპორტის რეჟიმში მოექცეოდა თუ დაექვემდებარებოდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენის სავალდებულობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე, 246-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 201-ე, 202-ე მუხლებზე მითითებითYმიიჩნია, რომ შპს ,,...-ს” მიერ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვისის გამოკვლეულ არ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. ამდენად სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის ¹500-653 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 24.1, 25.1.2. მუხლებით და განმარტა, რომ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შპს ,,...-მ” სრულად შეასრულა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, მან კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მოახდინა ავტომანქანის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რაც დადასტურდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს მიერ. ამის შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის ¹500-653 ერთობლივი ბრძენებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად საქონელი ჩაითვალა საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში მოქცეულად და როგორც თვითონ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2011 წლის 7 ივნისის ¹663447 წერილშია აღნიშნული, მონაცემები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერციის შესახებ ანუ შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდა საბაჟო ორგანოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...” აღარ იყო ვალდებული საბაჟო ორგანოში წარედგინა დამატებითი რაიმე დეკლარაცია, ვინაიდან ავტომანქანის შესახებ ასეთი დეკლარაცია და მონაცემები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერციის შესახებ, ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 25-ე მუხლით დადგენილი წესით, სააბჟო ორგანოს წარუდგინა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველომ. ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოში რეგისტრაციის შემდეგ შპს ,,...-ს” საქონელი მოექცა რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში, ამიტომ იგი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი) ¹1745 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 21 თებერვალს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ იქნა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების ¹115765 გარიგებაზე ხელმოწერების ნამდვილობა შპს “...-ს” წარმომადგენლის მ. ვ-ის ვ-ს და ე. ჰ-ს შორის. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ე. ჰ-ი გახდა ის პირი, რომელმაც იკისრა უკვე რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქნოლის შემდგომი ტრანსპორტირების ვალდებულება. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ კანონით დადგენილი წესით ხელშეკრულების დადასტურებისა და საბაჟო ორგანოში ელექტრონული ინფორმაციის წარდგენის მიუხედავად, დამატებით აუცილებელიც რომ ყოფილიყო საბაჟო ორგანოში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის წარდგენა, 2010 წლის 21 თებერვლის შემდეგ ასეთი ვალდებულება უკვე ეკისრებოდა არა შპს ,,...-ს”, არამედ ე. ჰ-ს, რომელიც გახდა ავტომანქანის მესაკუთრე და იკისრა მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად საბაჟო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, მის სუბიექტს წარმოადგენდა არა შპს ,,...”, არამედ ე. ჰ-ი.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი – საქართველოს ფინანასთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2010 წლის 15 თებერვალს გ/პ ,,ფოთში" გამოწერილი D10671 აღრიცხვის მოწმობის მიხედვით, შპს ,,...-ს” ეკისრებოდა ვალდებულება ,,..."-ს მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარედგინა 2010 წლის 7 მარტს და განეხორციელებინა საბაჟო დეკლარირება, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნულ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ოქმი №034541, რომლის განხილვის შედეგად შპს ,,...-ს” პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა სანქცია იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, 1500 ლარის ოდენობით.
კასატორის განმარტებით, სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45.1, 47.1, 65.1, 246.1, 238-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება, რომ ავტომობილის წარდგენაზე ვალდებული იყო ახალი მეპატრონე, ვერ გახდება დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სადავო საქონლის თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირად მითითებულია შპს ,,...-ს” დირექტორი მ. ვ-ის ვ-ი.
კასატორი - შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, არასწორი შეფასება მიეცა საქმის ირგვლივ არსებულ გარემოებებს. კასატორის მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2010 წლის 15 თებერვალს საქართველოში შემოიყვანა ავტომანქანა. იმავე დღეს საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა №დ10671, რომელშიც საბაჟო ორგანოში გამოცხადების ვადა მიეთითა იმავე წლის 7 მარტი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე, 47-ე, 65-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის საფუძველზე კასატორი მიიჩნევს, რომ არ არის შესრულებული საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით საქონელზე, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეჟიმი, სავალდებულოა გამოყენებული იქნეს საბაჟო დეკლარაცია. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. ამდენად, მოსარჩელეზე საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება კანონშესაბამისია.
ამასთან კასატორის მითითებით, საპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (საქონელზე) დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, იმავდროულად ნიშნავდა ე. ჰ-ის მიერ რეექსპორტის საბჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შემდგომი ტრანპორტირების თავის თავზე აღებას, არ შეესაბამება არსებულ რეალობას. მსგავსი ვალდებულების თაობაზე რაიმე განაცხადი არც ერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 15 თებერვალს გ/ჯ ფოთში გამოწერილი დ10671 აღრიცხვის მოწმობის თანახმად, შპს ,,...ს”, საბაჟო დეკლარირების განხორციელების მიზნით დაეკისრა ,,...ის” მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება 2010 წლის 7 მარტისათვის წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოში.
სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2010 წლის 21 თებერვალს დამოწმდა გარიგება შპს ,,...სა” და სომხეთის მოქალაქე ე. ჰ-ს შორის, რომლის საფუძველზეც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საკუთრებაში გადაეცა ე. ჰ-ს.
შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2010 წლის 30 ნოემბრის ¹12/5/8/1/793583 წერილით დადასტურებულია, რომ სომხეთის მოქალაქე ე. ჰ-ის მიერ ,,...ის” მარკის ავტომანქანით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა არ დაფიქსირებულა.
2010 წლის 11 ივლისს რუსთავის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლების მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹034541, რის საფუძველზეც სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა 2010 წლის 9 აგვისტოს გამოსცა ¹4905/21-18 საბაჟო შეტყობინება, რომლითაც შპს ,,...” დაჯარიმდა 1 500 ლარით. დაჯარიმების საფუძველი გახდა საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო საკითხის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს განისაზღვროს, შპს ,,...” წარმოადგენს თუ არა საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევის სუბიექტს და არსებობს თუ არა მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ს” მიერ საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისთანავე განხორციელდა ზოგადი დეკლარირება, რაც მას აძლევდა საშუალებას, კანონით დადგენილ ვადაში, შეერჩია საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2011 წლის 7 ივნისის ¹663447 წრილით დასტურდება, რომ 1010 წლის 21 თებერვალს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურდა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების ¹115765 გარიგებაზე ხელმოწერების ნამდვილობა შპს ,,...ს” წარმომადგენელსა და ე. ჰ-ს შორის, ხოლო მონაცემები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესახებ მიეწოდა საბაჟო ორგანოს.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სადავო საკითხის რეგულირების მიზნით ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შსს მინისტრის 2008 წლის 09 ივნისის ¹500-¹653 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ მითითებული ინსტრუქციის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საქართველოს შს სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის რეჟიმის და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად.
იმავე ინსტრუქციით განსაზღვრულია სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფის განლაგების ადგილებში შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, აგრეთვე საქართველოს შს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობები, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გაფორმების წესი.
როგორც ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, პირი, რომელსაც განსაზღვრული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, ვალდებულია, აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით დასაწყობებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹1764 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა ¹2-ის”, გამოწერის მიზნით, წარუდგინოს სააგენტოს საბაჟო კონტროლის ზონაში. ხოლო ინსტრუქციის 25-ე მუხლი ადგენს, რომ შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს; საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში მოქცეულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის @1754 ბრძანების 1.3 მუხლის თანახმად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპირტი.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ზემოაღნიშნულ ნორმებს და საჭიროდ მიიჩნევს მითითებულ ნორმებსა და საბაჟო კოდექსის 238-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით გამოკვლეულ და დასაბუთებულ იქნეს სახეზეა თუ არა საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტი და დადებით შემთხვევაში ვის მიერაა აღნიშნული ჩადენილი. საბაჟო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, პირის დაჯარიმებას იწვევს ამ უკანასკნელის მიერ დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა.
როგორც უკვე აღინიშნა, ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შსს მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის ¹500-¹653 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლი ადგენს დეკლარირების განხორციელების გამარტივებულ ელექტრონულ მომსახურებას. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ,,...ის” მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით შსს მომსახურების სააგენტომ დეკლარაცია გადაუგზავნა საბაჟო ორგანოს, რომელმაც მოახდინა მისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭება. ამდენად, სატრანსპორტო საშუალება მოექცა საქონლის რეექსპორტის დამუშავების ოპერაციაში.
არსებული სამართლებრივი ბაზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაადასტუროს, რომ საქონლის რეექსპორტის დამუშავების ოპერაციაში მოქცევის შემდგომ, საბაჟო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ,,...ს” კვლავ რჩებოდა დეკლარირების განხორციელების ვალდებულება.
ანალოგიური მოსაზრება გააჩნია საკასაციო სასამართლოს საბაჟო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციასთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნულების საბაჟო ორგანოში/დანიშნულების ადგილას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 21 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შევსებული დეკლარაცია ელექტრონული ფორმით მიეწოდა საბაჟო ორგანოს. უდავოა, აღნიშნულის საფუძველზე საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მესაკუთრის შეცვლის ფაქტი.
საბაჟო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდგომ აიღო ვალდებულება მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹1754 ბრძანების მე-13 მუხლის მე-21 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20 დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის ფორმა ¹2. ზემოაღნიშნული ორივე ნორმა შეიცავს მითითებას სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის ვალდებულებაზე, რა პირობებშიც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს ნორმა, რომელიც შპს ,,...ს”, როგორც სატრანსპორტო საშუალების შემომტან პირს ავალდებულებს, ნივთის გასხვისების შემთხვევაში, უზრუნველყოს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება და სატრანსპორტო საშუალების საზღვარზე გადაადგილება.
საქართველოს საბაჟოO კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟოO სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ხოლო ამავე კოდექსის 233.1 მუხლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევისთვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული მუხლების მოთხოვნებზე და განმარტავს, სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენისათვის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) გარდა საჭიროა სახეზე იყოს ის კონკრეტული სუბიექტი, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა და რომლის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გამორიცხავს პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ყოველივე ზემოაღნიშნულის დასაბუთებას, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე იძლევა აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის დასაბუთებული აქტების გამოცემის დავალების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 09 აგვისტოს ¹4905/21-18 საბაჟო შეტყობინება, 2010 წლის 11 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹035541, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის ¹2541 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს შპს ,,...სთან” მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,...ს” სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის დაბრუნება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.