Facebook Twitter

ბს-1706-1678 (კ-11) 8 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი;

კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ა-ი, წარმომადგენელი-ნ. ქ-ე;

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, წარმომადგენელი- ლ. ბ-ე; საქართველოს მთავრობა, წარმომადგენელი _ი. კ-ი;

მესამე პირი_ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი- გ. ჭ-ე;

გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. ა-მა მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთაA სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ¹62 ბრძანების ბათილად ცნობას; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთაAსამინისტროს დავალდებულებას- სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გაეცა ვ. ა-ზე საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მაისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ს 16.2 მუხლით ჩაება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ამავე საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ს 16.1 მუხლით ჩაება სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების მიღების დროიდან ვ. ა-ი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის წარდგენილ, საკომპენსაციო თანხის მიმღებთა სიებში შეყვანილი არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ¹62 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან იგი არ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის წარდგენილ სიაში, რომელშიც აღნიშნული განკარგულებით დადგენილი წესით მიეთითებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ (კომპენსაციის მიმღები უფლებამოსილი ოჯახის) პირის სახელი, გვარი პირადობის მოწმობის მონაცემები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე სასამართლო იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, თუ ამ ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი ამ მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქმედება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულება, რომლითაც დადგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის საკითხები, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული, ან ახალადაშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე, საკომპენსაციო თანხის მიღებისათვის აუცილებელ წინაპირობად ითვალისწინებდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სიების წარდგენას. კერძოდ, ზემოხსენებული განკარგულების მე-6 ნაწილის თანახმად, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეთხოვათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები_ სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების მიღების დროიდან ვ. ა-ი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის წარდგენილ, ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირთა სიაში შეყვანილი არ ყოფილა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე. მით უმეტეს, რომ ვ. ა-ის 5 სულიან ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა 2 წილი საკომპენსაციო თანხა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ¹62 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზეც, ვინაიდან ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული არ არის მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ იგი ირიცხებოდა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის წარდგენილ, საკომპენსაციო თანხის მიმღებთა სიებში და დაედასტურებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქმედებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ¹62 ბრძანების კანონით დადგენილი ბათილად ცნობის საფუძვლები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და მიუთითა, რომ აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების მე-6 მუხლის თანახმად, ეთხოვა ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.

ამავე განკარგულების მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად უნდა დაეზუსტებინა ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სიები სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ 2008 წლის 22 დეკემბერს გაგზავნილ სიაში მისი ყოფნა საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო მისი საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების გამოცემის შემდგომ, ამ განკარგულების მოთხოვნათა შესაბამისად, დაზუსტდა საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირთა წრე, რომელშიც ვ. ა-ი წარდგენილი არ ყოფილა.

შესაბამისად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების არ არსებობის გამო, ადმინისტრციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ზემოთ ხსენებულ განკარგულებით გათვალისწინებული კომპენსაცია განეკარგა ვ. ა-ის სასარგებლოდ.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა მტკიცებულებები და დაედგინა, ვ. ა-ი წარმოადგენდა თუ არა დამოუკიდებელ ოჯახს. კასატორის განმარტებით, ვ. ა-ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირთა სიაში არის შეყვანილი და ეს მონაცემები მოპასუხე სამინისტროს გადაეგზავნა 2008 წლის 22 დეკემბერს. ამასთან, ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საქმის განხილვისას განმარტა, რომ 22 დეკემბრის სიები სწორედ კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით იქნა გაგზავნილი სამინისტროში.

კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც, თუ დადასტურდება, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის სამინისტროსათვის წარდგენილ სახელობით სიაში ვ. ა-ი არ იყო მითითებული, ეს მაინც არ ჩაითვლებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. მართალია, კომპენსაციის გაცემის წესის მარეგულირებელი ზემოთ დასახელებული განკარგულებები ითვალისწინებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ სამინისტროსათვის სიების წარდგენის პროცედურას, თუმცა ეს ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ოჯახი რამოდენიმე წევრისაგან შედგება და საჭირო ხდება კომპენსაციის მიმღები ოჯახის ერთი წარმომადგენლის განსაზღვრა, რომელსაც უშუალოდ გადაეცემა ოჯახის კუთვნილი თანხა. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების მე-6 პუნქტზე და მისი აზრით, მართალია ტექსტის დასაწყისში საუბარია ზოგადად ოჯახების შესახებ მონაცემების წარდგენაზე, თუმცა შემდგომი ტექსტი ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ ოჯახებზე, სადაც რამოდენიმე პირი ირიცხება. კასატორმა ჩათვალა, რომ სამინისტრო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა იმის მიუხედავად, იყო თუ არა მოსარჩელე მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ სიაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკამყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალება, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქმედებას განიხილავს როგორც ვ. ა-ის განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნულის კანონიერებას, ისევე როგორც ,,ვ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წ. 2 მარტის ¹62 ბრძანებას, ამოწმებს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რაც დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სპეციალური ნორმატიული აქტებით.

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა ვ. ა-ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულება. მითითებული განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე.

საქმეში წარმოდგენილია ვ. ა-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაცია საიდანაც იკვეთება, რომ ვ. ა-ისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ორი გარემოება: ვინაიდან ვ. ა-ის ორ შვილს აღებული აქვს საკომპენსაციო თანხა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია განმცხადებელზე დამატებით თანხის გაცემა და მე-2 საფუძველი, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში გამოიკვეთა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებას არის ის, რომ ვ. ა-ი არ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილ სიაში, რაც სამინისტროს ართმევდა კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისათვის გადამწყვეტია აქტის კანონიერება მატერიალური თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს გამოცემის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილს და აღნიშნავს, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება შედის ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც შეეხება სასამართლოს, მის ვალდებულებას წარმოადგენს აქტის კანონიერების შემოწმება. ამდენად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვ. ა-ისათვის თანხის მიცემა არის მიზანშეუწონელი, სასამართლოს არ აძლევს მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით გასაჩივრებული აქტების შემოწმების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება და თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დისკრეცია, რაც სამინისტროს მისცემდა არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას და გარკვეულწილად გაამართლებდა პოზიციას მიზანშეწონილობის საკითხთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულება განსაზღვრავს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს და იმ პირობებს, რაც ნორმის მოქმედებას მოჰყვება. რამდენადაც სადავო აქტები ემყარება არა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს, არამედ მიზანშეწონილობის საკითხს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აქტის კანონიერებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოებები ან ფაქტები, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მითითებული ნორმის პარალელურად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საჯარო სამართალში გამოყენებად იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, როგორიცაა კანონიერი ნდობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე ისევე არის გარანტირებული, როგორც უკვე განხორციელებულ ქმედებაზე.

საქმეში წარმოდგენილია როგორც ქურთის მუნიციპალიტეტის, ისე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო) არაერთი პასუხი კასატორისადმი, რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ ხორციელდება თითოეული ოჯახის გადამოწმება, რის საფუძველზეც დადგინდება მასზე კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა.

საქმეში დაცული წერილობითი პასუხებიდან გამომდინარე, პასუხის ადრესატს გააჩნდა ნდობის საფუძველი, რომ მიმდინარეობს მისი საკითხის შესაწავლა, მას არ შეეძლო სცოდნოდა ან ევარაუდა, რომ არ იყო შეყვანილი საკომპენსაციო თანხის მიმღებთა სიაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქმეში ს.ფ. 174 წარმოდგენილია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 22 დეკემბრის მიმართვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსადმი, რომელიც, მართალია, რამოდენიმე დღით უსწრებს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულებას, მაგრამ მიმართვის შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ სია გადაცემულია კომპენსაციის გაცემის მიზნით.

საკასაციო სასამართლო გამორიცხავს საკითხისადმი იმგვარ მიდგომას, რომ სიები არ ექვემდებარებოდა გადამოწმებას, მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულება შეიცავს მითითებას სიების გადამოწმების აუცილებლობის თაობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უპირობო ვალდებულებას გასცეს საკომპენსაციო თანხა.

წინამდებარე სარჩელთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორი შეყვანილი იყო თავდაპირველ სიაში, მას არაერთგზის აქვს მიმართული კომპენსაციის მიღების მოთხოვნით და მისთვის არც ერთ ეტაპზე ცნობილი არ იყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ დაზუსტებულ სიაში არ იმყოფებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აქტი უნდა იყოს კონკრეტული და იმდენად ნათლად ჩამოყალიბებული, რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება, თუ რას მოითხოვენ მისგან. ადმინისტრაციული წარმოების პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ აქტის გამოცემით, აქტის გამოცემას წინ უძღვის იმ გარემოების გამოკვლევა, შესწავლა და შეფასება, რაც შემდგომში საფუძვლად უნდა დაედოს წარმოების საბოლოო შედეგს _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ ვ. ა-ი პრეტენზიას აცხადებდა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხორციელებინა ადმინისტრაციული წარმოება, დაედგინა არსებობდა თუ არა პირის დაზუსტებულ სიაში შეყვანისა და კომპენსაციის გაცემის საფუძველი და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო აქტი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით დაადასტურებდა ან უარყოფდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკითხისადმი იმგვარ მიდგომას, რომ სიაში ყოფნა-არყოფნა არის კომპენსაციის გაცემის მექანიკური საფუძველი, როგორც აღინიშნა სიები ექვემდებარებოდა გადამოწმებას, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი შესაძლოა არასწორად მოხვედრილიყო სიაში, ისევე როგორც, არასწორად ყოფილიყო სიაში გამოტოვებული (ამოღებული). იმ პირობებში, როდესაც პირი სადავოდ ხდის კომპენსაციის გაუცემლობის ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადასტუროს იმ გარემოების არსებობა, რაც შესაბამისი ნორმის საფუძველზე გამორიცხავს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების პირველი პუნქტის შინაარს, რომელშიც საუბარია რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ,,ოჯახებისათვის” საკომპენსაციო თანხის მიცემაზე, ნორმის ამ შემადგენლობის არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ მხარის მოთხოვნის უარყოფა ან დადასტურება უნდა მოხდეს არა მიზანშეწონილობის საკითხიდან გამომდინარე, არამედ ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით და მასთან შესაბამისობით. ნორმა, როგორც აღინიშნა, ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხის გაცემას ოჯახზე და არა ცალკეულ ინდივიდზე, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმოების პროცესში სწორედ აღნიშნული გარემოება უნდა იქცეს კვლევის საგნად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობის გზით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს ვ. ა-თან მიმართებაში ახალი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32.4 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ¹62-ე ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს ვ. ა-თან მიმართებაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.