Facebook Twitter

ბს-173-171(კ-12) 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 1 ივნისს მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე (მდებარე – ქ. ქუთაისი, ...ის ¹40/22) საკუთრების უფლების დადგენა მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი ¹3/110-09.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ყ-ი.

2010 წლის 4 იანვარს მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ს. ჩ-ის მიმართ.

მოსარჩელემ 2004 წლის 21 იანვრის უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, 2005 წლის 10 მაისს ს. ჩ-სა და მ. ყ-ს შორის ქ. ქუთაისში, ...ის ¹40/22-ში მდებარე სამოთახიანი ბინიდან საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართის 27.00 კვ. მეტრის ნაწილში ორი ოთახისა და დამხმარე ფართის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მითითებულ ფართზე თანამესაკუთრის უფლებით აღრიცხვა მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი ¹3/2-10.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები ¹3/110-2009 და ¹3/2-2010 გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი ¹3/110-2009.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე მ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ს. ჩ-ის და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, უძრავ ქონებაზე საკუთრების დადგენის მოთხოვნის, 2005 წლის 10 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ მ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით განსახილველ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ს. ჩ-სა და მ. ყ-ს შორის 2005 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხედ ს. ჩ-სთან ერთად მ. ყ-ი მიუთითა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ 2005 წლის 10 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (27.00 კვ.მ. დამხმარე ფართის ნაწილში) ბათილად ცნობა, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში ქ. ქუთაისში, ...ის ¹40/22-ში მდებარე უძრავი ქონების დამხმარე ფართზე 27.00 კვ. მეტრის თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვის დავალდებულება და იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის 2004 წლის 21 იანვრის უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის აქტში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

2012 წლის 23 აპრილს მ. გ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მ. ყ-ის საკუთრებაში არსებული ბინის (მდებარე – ქ. ქუთაისი, ...ის ¹40/22) ორ ოთახზე (საერთო ფართით – 59.61 კვ.მ.) ყადაღის დადება და თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საბინაო ფონდის მართვასა და განვითარების სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით განუხილველი დარჩა მ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.