Facebook Twitter
¹ბს-1744-1713(კ-11) 30 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ დ. ი-ი, წარმომადგენლები – ნ. კ-ა, ნ. ბ-ე;

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ ი. ი-ე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი – ი. უ-ე;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება და საჯარო ინფორმაციის გაცემა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. ი-მა მოპასუხეების _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დავალებოდა დ. ი-ისათვის ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მის დაავადებებთან მიმართებაში; ასევე მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, რამდენად მიეკუთვნებოდა დ. ი-ის დაავადება მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნას დავალებოდა მოპასუხე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოსარჩელისათვის ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მის დაავადებებთან მიმართებაში და მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა
_ ეთქვა უარი; მოსარჩელე დ. ი-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2007 წლის 24 აგვისტოს ¹446/32 დასკვნით, ასევე 2008 წლის 31 ივლისის ¹367/40 და 2009 წლის 22 სექტემბრის ¹513./40 დასკვნებით ირკვევა, რომ ჩატარებული გამოკვლევით მსჯავრდებულ დ. ი-ს დაუდგინდა დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, დეკომპენსირებული კეტონურია, მარტივი დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, სომატოფორმული ვეგეტატური დისფუნქცია, ინსომნია. ამავე დასკვნებით ირკვევა, რომ დ. ი-ი საშუალო სიმძიმის ავადმყოფია, 2007_2008 წლებთან შედარებით აღენიშნება დაავადების პროგრესირება და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, საჭიროებს ინსულინის დოზის დადგენას და შესაბამის მკურნალობას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს, 2010 წლის 29 იანვარს ამავე დაწესებულების ქირურგიული განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათით ეცნობა, რომ პაციენტ დ. ი-ს სამკურნალო დაწესებულებაში შესვლიდან ეძლევა შემდეგი დასახელების სამედიცინო პრეპარატები: კარდიომაგნილი 150 მ.გ. -1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ 2009 წლის 24 ნოემბრიდან დღემდე; ვენესცინი 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ჭამის დროს 2009 წლის 24 ნოემბრიდან დღემდე; ესკუზანი 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 2009 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე; დეტრალექსი 1 ტაბლეტი ჭამის დროს 2009 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე; დიაზეპექსი 5 მ.გ. 2 ტაბლეტი ძილის წინ 27.11.09_04.12.09; ზოლომაქსი 0.5 მ.გ. 1 ტაბლეტი დილით 1 ტაბლეტი ძილის წინ 22.11.09_27.11.09; 08.12.09-დან; ტრუქსალი 1 ტაბლეტი ძილის წინ 04.12.09-08.12.09; 30.12.09 წლიდან დღემდე; ოპტიმალი 7,5 მგ. 1 ჯერ დღეში ძილის წინ 11.12.09_18.12.09; ავეკორი 5 მგ. 1/2 ტაბლეტი ძილის წინ 30.11.09 წლიდან დღემდე; ჰეპტრალი 1 ამპულა 12 საათში ერთხელ 02.12.09წ._07.12.09წ; რიბოქსინი 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში 02.12.09 წლიდან დღემდე.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წერილებით დასტურდება, რომ დ. ი-ი 2009 წლის 19 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობის მიზნით.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების სამედიცინო სამსახურის უფროსი ექიმის მიერ 2010 წლის 1 მარტს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მსჯავრდებული დავითYიმნაიშვილი 2009 წლის 11 ნოემბრიდან 2010 წლის 28 იანვრამდე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ასევე ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია, მიეცა შესაბამისი დანიშნულება. შედეგად დ. ი-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უგრძელდება დანიშნულების მიხედვით, იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ავადმყოფი დ. ი-ი, დაბადებული ... წელს, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა 6-ჯერ (04.12.2004წ-06.12.2004წ.) დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, მარცხენა ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი; 02.03.2005წ -23.04.2005წ. დიაგნოზით: მარცხენა ქვედა კიდურის ვარიკოზული დაავადება, ქრ. კონიუქტივიტი, დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური ჰეპატოზი, დიაბეტური რეტინოპათია; 11.02.2006წ-06.03.2006წ. დიაგნოზით: მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირის ფურუნკულოზი, აბსცესის გამო წარმოებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ორივე ქვემო კიდურის ვარიკოზული დაავადება, ღრმა ვენების თრომბოფლებიტი, შაქრიანი დიაბეტი; 27.01.2007წ-10.02.2007წ. დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი (1998წ-დან), ინსულინმომხმარებელი, ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, კალკულოზური ქოლეცისტიტი; 23.06.2008წ-31.07.2008წ. დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი (1998 წლიდან) დიაბეტური ჰეპატოზი, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება კალკულოზური ქოლეცისტიტი, ყბის ქვეშა ჯირკვლების ლიმფადენიტი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ დ. ი-ი ბოლოს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსდა 19.11.2009წ. დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება. შემოსვლისას პაციენტი უჩიოდა: ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას ორივე ქვემო კიდურის არეში, ვარიკოზული ვენების არსებობას ორივე ქვემო კიდურზე, სიარულის გაძნელებას, ქვედა კიდურების დაბუჟებას. ჩაუტარდა კლინიკო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. კონსულტირებულ იქნა ენდოკრინოლოგის, ინფექციონისტის, ანგიოლოგის მიერ. ჩაუტარდა ქვემო კიდურების ღრმა და ზედაპირული ვენური და არტერიული სისტემების ექოდუპლექსსკანირება. ამავე ცნობით დასტურდება, რომ დ. ი-ს დაუდგინდა დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინმომხმარებელი, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ჰეპატოზი; ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მარცხენა დიდი საჩინო ვენის ვარიკოზული გაგანიერება, სარქვლოვანი უკმარისობა.
ანგიოლოგის კონსულტაციის თანახმად, ავადმყოფისათვის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო, იმ დროისთვის რადიკალური ოპერაციული მკურნალობის ჩატარება არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მნიშვნელოვანი თანმხლები პათოლოგიების არსებობის გამო. ოპერაციული მკურნალობის ჩატარება პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებების მაღალ რისკთან იქნა დაკავშირებული, ამავე ცნობით დასტურდება თუ რა მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდა დ. ი-ს, შესაბამისად მკურნალობის ფონზე ავადმყოფი ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო 2010 წლის 28 იანვარს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა სამკურნალო დაწესებულებიდან ამბულატორიულ პირობებში მკურნალობის გასაგრძელებლად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების მთავარი ექიმის 2010 წლის 3 ივნისის ცნობით დასტურდება, რომ დ. ი-ი 2010 წლის 20 მაისს კონსულტირებულ იქნა ექიმის მიერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული იქნა დამაკმაყოფილებლად, ამავე ცნობის თანახმად დ. ი-ს უტარდება მკურნალობა და იმყოფება მედ-პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამავე დაწესებულების მთავარი ექიმის 2010 წლის 7 სექტემბრის ცნობით დასტურდება, რომ დ. ი-ს დასმული აქვს დიაგნოზი შაქრიანი დიაბეტი. დიაგნოზის შესაბამისად დღე_ღამის განმავლობაში მიეწოდება შემდეგი დასახელების მედიკამენტები: დილით აქტრაპიდი 10 ერთეული, ინსულატარდი 28 ერთეული, საღამოს აქტრაპიდი 8 ერთეული, ინსულატარდი 14 ერთეული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ისევე როგორც მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართალურთიერთობის დროს მოქმედი “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კოდექსით ასევე “პატიმრობის კოდექსით” განსაზღვრულია პატიმართა უფლებები. “პატიმრობის კოდექსის” მე-14 მუხლით განსაზღვრულია ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლით მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს /მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
აღნიშნული კოდექსის XX თავი ეხება სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას, კერძოდ, 119-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. 120-ე მუხლის თანახმად, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისვლისთანავე ბრალდებული/მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. დაავადებულ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. ხოლო 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით განმარტა, რომ მსჯავრდებულის/პატიმრის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული ეგზემპლარის მიღებისთანვე, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი მსჯავრდებულის/პატიმრის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უდავოდ დადგენილია, რომ დ. ი-ი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არაერთხელ იქნა გადაყვანილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში, როგორც სამკურნალოდ, ასევე დიაგნოზისა და დანიშნულების მიღების მიზნით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც ნათლად მიგვანიშნებს, რომ თითქმის ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლება შეიძლება მოხვდეს ცალკეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონკრეტული დებულებების მოქმედების ფარგლებში, მათ შორის, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით და მკურნალობით. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დებულებების შესაბამისად, სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ პატიმრები სათანადო და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურებითა და მკურნალობით. ჯანმრთელობის უფლების პატივისცემა გულისხმობს მკურნალობასა და სამედიცინო მომსახურებაზე გარკვეული ჯგუფებისათვის უარის თქმის ან შეზღუდვის აკრძალვას. ასეთ ჯგუფებში მოიაზრებიან პატიმრები, რომელთა სათანადო მკურნალობას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გრემოებებით სასამართლოსთვის დადგენილია, რომ დ. ი-ს საჭიროებისამებრ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღემდე უტარდება ადეკვატური მკურნალობა და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით და განმარტა რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, მან ვერ დაასაბუთა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიეწოდებოდა არაადეკვატური მკურნალობა. მოსარჩელის მარტოოდენ მითითება არასათანადო მკურნალობაზე საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩათვლილიყო არაკანონიერად.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ი-ი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირის შეფასებას, განეკუთვნება თუ არა დ. ი-ის დაავადებები იმ მძიმე ან განსაკუთრებულ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში შეგროვებულ, დამუშავებულ ან შენახულ მონაცემებს, რომლის გაცემის ვალდებულებას ითვალისწინებს ხსენებული კოდექსის მე-40 მუხლი. ამდენად სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და დ. ი-ის სარჩელი უსაფუძვლოა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც დ. ი-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 24 აპრილის ექიმის კონსულტაციის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ მსჯავრდებული უჩივის ძლიერ საერთო სისუსტეს, ოფლიანობას, ადინამიას. წინასწარ დიაგნოზს წარმოადგენს: შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ინსულინმომხმარებელი, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა აპელანტ დ. ი-ის სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს დავის საგანთან მიმართებაში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის დაწყების დროისათვის მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბერის ¹902 ბრძანების პირველი მუხლით განისაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის წესი, რომლის თანახმადაც, ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის) დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) დაავადებულ მსჯავრდებულთა/პატიმართა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებებში (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულის/პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო მწვავე დაავადების შემთხვევაში, გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ–ერთ მოადგილეს), საბადრაგო სამსახურს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. დაწესებულების დირექტორის უარი მსჯავრდებულის/პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტებს”.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ,,დაწესებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, დაავადებულ მსჯავრდებულთა/პატიმართა სადიაგნოსტიკო, გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მსჯავრდებულის/პატიმრის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული ეგზემპლარის მიღებისთანვე, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი მსჯავრდებულის/პატიმრის შესახებ”. მსჯავრდებულის/პატიმრის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული ეგზემპლარის მიღებისთანვე, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი მსჯავრდებულის/პატიმრის შესახებ”.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის ¹38 ბრძანების თანახმად, რითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბერის ¹902 ბრძანება იგივენაიარად განისაზღვრა ზემო აღნიშნული წესები.
ხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული დანაწესებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს რეაგირება მოსარჩელე დ. ი-ის მოთხოვნაზე ჯეროვნად და თანმიმდევრულად დაეფუძნა იმ დროს მოქმედი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დანაწესებს. ხოლო, დამატებითი სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარების ჩატარების მოთხოვნა სამართლებრივად რეგულირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1992 წლის ¹336 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის 22-ე მუხლის 16-ე პუნქტით, რომლის თანახმადაც, ,,მსჯავრდებულს თავისი სურვილით შეუძლია მიიღოს ნებისმიერი, საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებადი, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება, რომელიც მათ აღმოეჩინებათ შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დაწესებულებების სტაციონალურ სამკურნალო ან საექიმო სამედიცინო პუნქტების პირობებში”.
სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მოთხოვნაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე, რითაც დ. ი-ი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვდა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირის შეფასებას, განეკუთვნება თუ არა დ. ი-ის დაავადებები იმ მძიმე ან განსაკუთრებულ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში შეგროვებულ, დამუშავებულ ან შენახულ მონაცემებს, რომლის გაცემის ვალდებულებას ითვალისწინებს ხსენებული კოდექსის მე-40 მუხლი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მის მიერ მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილ ცნობებს. მას მიაჩნია, რომ არ უტარდება მის ავადმყოფობასთან მიმართებაში ადეკვატური მკურნალობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ შეუძლია მისთვის სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარება, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობამდე მივიდა. მისი განმარტებით ყველას აქვს, უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პატიმრობის შესახებ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეიქმნას გარანტიები, რაც უზრუნველყოფს ისეთი ფუნდამენტალური ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ ღირებულებათა მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საქმეზე დამატებითი გარემოებების გამოკვლევის გზით, სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტობრივმა სასამართლომ, დაადგინოს რამდენადაა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შენარჩუნებული საჭირო და ადექვატური სამედიცინო დახმარების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ რიგ მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახავენ კასატორისათვის გაწეული მკურნალობის ისტორიას: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ავადმყოფი დ. ი-ი, დაბადებული ... წელს, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა 6-ჯერ (04.12.2004წ-06.12.2004წ.) დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, მარცხენა ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი; 02.03.2005წ -23.04.2005წ. დიაგნოზით: მარცხენა ქვედა კიდურის ვარიკოზული დაავადება, ქრ. კონიუქტივიტი, დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური ჰეპატოზი, დიაბეტური რეტინოპათია; 11.02.2006წ-06.03.2006წ. დიაგნოზით: მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირის ფურუნკულოზი, აბსცესის გამო წარმოებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ორივე ქვემო კიდურის ვარიკოზული დაავადება, ღრმა ვენების თრომბოფლებიტი, შაქრიანი დიაბეტი; 27.01.2007წ-10.02.2007წ. დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი (1998წ-დან), ინსულინმომხმარებელი, ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, კალკულოზური ქოლეცისტიტი; 23.06.2008წ-31.07.2008წ. დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი (1998 წლიდან) დიაბეტური ჰეპატოზი, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება კალკულოზური ქოლეცისტიტი, ყბისქვეშა ჯირკვლების ლიმფადენიტი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ დ. ი-ი ბოლოს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსდა დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება. ამავე ცნობით დასტურდება, რომ დ. ი-ს დაუდგინდა დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინმომხმარებელი, დიაბეტური პოლინეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ჰეპატოზი; ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მარცხენა დიდი საჩინო ვენის ვარიკოზული გაგანიერება, სარქვლოვანი უკმარისობა.
ანგიოლოგის კონსულტაციის თანახმად, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო რადიკალური ოპერაციული მკურნალობის ჩატარება ავადმყოფისათვის არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მნიშვნელოვანი თანმხლები პათოლოგიების არსებობის გამო. ოპერაციული მკურნალობის ჩატარება პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებების მაღალ რისკთან იქნა დაკავშირებული. ამავე ცნობით დგინდება, თუ რა მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდა დ. ი-ს, და რომ შესაბამისი მკურნალობის ფონზე ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო 2010 წლის 28 იანვარს პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა სამკურნალო დაწესებულებიდან ამბულატორიულ პირობებში მკურნალობის გასაგრძელემლად.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების მთავარი ექიმის 2010 წლის 3 ივნისის ცნობიის საფუძველზე დადგენილია, რომ დ. ი-ი 2010 წლის 20 მაისს კონსულტირებულ იქნა ექიმის მიერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულ იქნა დამაკმაყოფილებლად, ამავე ცნობის თანახმად დ. ი-ს მიეწოდება მკურნალობა და იმყოფება მედ-პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამავე დაწესებულების მთავარი ექიმის 2010 წლის 7 სექტემბრის ცნობით დასტურდება, რომ დ. ი-ს დასმული აქვს დიაგნოზი შაქრიანი დიაბეტი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ასევე დასტურდება, რომ 2011 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 26 ივნისამდე კასატორი გადიოდა სტაციონალური მკურნალობის კურსს კლინიკაში ,,...”.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ჩანაწერებს (ავადმყოფობის ისტორიას), სადაც 2006 წლიდან ფაქტობრივად მუდმივად ფიქსირდება შაქტიანი დიაბეტი ტ.2. საქმეში ასევე დაცულია სასამართლო პროცესზე დაკითხული იმ მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტებები, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში თვალყურს ადევნებდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებას, ექიმის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ კასატორს დაუდგინდა და უტარდებოდა შაქტიანი დიაბეტი ტ.2-ის შესაბამისი მკურნალობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმავე პატიმრობის შესახებ კოდექსის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს, თავისი სურვილით შეუძლია მიიღოს ნებისმიერი, საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებადი, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება, რომელიც მას აღმოეჩინება შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დაწესებულების სტაციონალურ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტების პირობებში.
საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე კასატორმა დაადასტურა ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების ფაქტი, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ დ. ი-ს დაუდგინდა შაქრიანი დიაბეტი ტ.2.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობა ჩატარებულია კასატორის შერჩევით, კლინიკა მიეკუთვნება სამოქალაქო საავადმყოფოთა ტიპს და ითვლება ქვეყანაში დაწესებულ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებად, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს დიაგნოზის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტის, როგორც დაავადების თავისებურებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კლინიკურ დიაგნოზს, რომელიც ყალიბდება შედარებით ხანგძლივი დაკვირვების პროცესში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საექსპერტო დასკვნასთან შედარებით, რამდენადაც ეს უკანასკნელი შესაძლოა დაემთხვეს დაავადების გამწვავების პროცესს ან პირიქით და ვერ ასახოს სრულყოფილი კლინიკა.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ჩატარებული გამოკვლევების სიხშირე, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კასატორს გააჩნდა შესაძლებლობა გამოეყენებინა როგორც ციხის საავადმყოფოს რესურსები, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულების მომსახურება. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაწილში გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონდარღვევის დადასტურების შესაძლებლობას.
იმავდროულად საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ევროპული სასამართლოს სტანდარტებს ანალოგიურ საკითხებთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით საკმარისად არ არის მიჩნეული მხოლოდ მისი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა, მნიშვნელოვანია, ჩატარებული იქნეს დასმული დიაგნოზის შესაბამისი თერაპია და ადექვატური მკურნალობა.
რამდენადაც კასატორი პრეტენზიას აცხადებს იმ გარემოებაზე, რომ არ ხდება მისთვის ინსულინის საჭირო დოზის განსაზღვრა, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, საკასაციო სასამართლო კონვენციის მე-3 მუხლის სტანდარტების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული შესაძლებლობა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოწვევისა და დანიშნული მკურნალობის კურსის შეჯერებით დაადგინოს, რამდენად შეესაბამება დანიშნული მკურნალობა კასატორის დიაგნოზს.
ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს იმავე სააპელაციო სასამართლოს.


სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე