ბს-1757-1725(კ-11) 3 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 23 აპრილს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.
მოსარჩელემ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 22 აპრილის ¹03/871 განცხადების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 1 აპრილის ¹021-967 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2010 წლის 17 მარტის ¹04/5543 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომლემაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 5 აპრილს 13:30 საათზე.
2012 წლის 3 მაისის სასამართლო სხდომაზე ნ. მ-ი არ გამოცხადდა, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოუდგინა ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 თებერვლის ¹021-146 ბრძანება (აღნიშნული ბრძანების თანახმად, გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 19 ივლისის ¹021-4397 ბრძანება და ნ. მ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის შედარების აქტი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 15 თებერვლის დასკვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 22 აპრილის ¹03/871 განცხადების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 1 აპრილის ¹021-967 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2010 წლის 17 მარტის ¹04/5543 წერილის ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 3 მაისს წარმოდგენილი ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 თებერვლის ¹021-146 ბრძანების თანახმად, გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 19 ივლისის ¹021-4397 ბრძანება და ნ. მ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის შედარების აქტის თანახმად, 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით ნ. მ-ს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 თებერვლის ¹021-146 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 15 თებერვლის დასკვნისა და 2012 წლის 4 აპრილის შედარების აქტის) საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე-179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის (სააპელაციო წესით) განხილვის ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 22 აპრილის ¹03/871 განცხადების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 1 აპრილის ¹021-967 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2010 წლის 17 მარტის ¹04/5543 წერილის ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 თებერვლის ¹021-146 ბრძანების თანახმად, გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 19 ივლისის ¹021-4397 ბრძანება და ნ. მ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის შედარების აქტის თანახმად კი 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით ნ. მ-ს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესი და ხომ არ გვაქვს სახეზე სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც ნ. მ-ის სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართოლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრულ სარჩელის მატერიალური დასაშვებობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.