145 საზ. 13 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ _ ნ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 3 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 3 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, სსკ-ის მე-17 მუხლითა და 105-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, სსკ-ის 210-ე მუხლით (ხელისუფლების პირის წოდების მითვისება) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონით ამნისტიის შესახებ), სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა) - განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. იგი პატიმრობაშია 1990 წლის 28 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი გ. ჭ-ძე შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მისი სიკვდილით მსჯავრდების შემდეგ ზემოაღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის სანქციასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას გ. ჭ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სანქცია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია აღნიშნული კანონის მითითებული რედაქცია. აქედან გამომდინარე, ამჟამად მსჯავრდებულს, ხსენებული ნორმის სანქციის საფუძველზე, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ადვოკატმა ნ. ბ-მა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
საჩივარს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა, რომელმაც მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ გ. ჭ-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით მის მიმართ დანიშნულ სასჯელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ეს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. ჭ-ძე საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდების თაობაზე მის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1991 წლის 3 მაისს გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სასჯელის ნაწილში იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლითაც მას უნდა განესაზღვროს მართებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. როგორც აღინიშნა, გ. ჭ-ეს ხსენებული განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. მის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო გ. ჭ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე - თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, გ. ჭ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა - არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
რაც შეეხება გ. ჭ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონით მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის დასჯადი, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ეს, რომელსაც სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც, კანონის შესაბამისად, შთანთქავს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სხვა სასჯელებს. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ძე სასჯელს იხდის 1990 წლის 28 სექტემბრიდან, მას სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
გ. ჭ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ამ ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.
მსჯავრდებულ გ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც, კანონის თანახმად, შთანთქავს აღნიშნული განაჩენით მის მიმართ დანიშნულ სხვა სასჯელებს, რის გამოც მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.