Facebook Twitter

ბს-264-261(კ-12) 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 27 აგვისტოს ა. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სს ,,...ის” და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წელს მოსარჩელესა და ...ის ადმინისტრაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ხ-მა ...ს მიაქირავა ეზოს ნაწილი, კერძოდ, 19 კვ.მ ელექტრო-გამანაწილებელი ჯიხურისათვის. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,...ს” ა. ხ-ის სასარგებლოდ, ქირის გადახდა დაეკისრა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და სს ,,...ს” შორის 12 თვის ვადით დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ ითხოვა ხელშეკრულების გაგრძელება და აღნიშნული მოთხოვნით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს. სასამართლო პროცესზე მან შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სს ,,...” ...ის საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სს ,,...ის” სახელზე. მოსარჩელისათვის აღნიშნული ფაქტი გაუგებარი იყო, ვინაიდან, მთელი ეზო, რომელშიც სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა, მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, რასაც ადასტურებდა 1993 წლის 28 დეკემბერს გაცემული ,,კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა”, რომელიც 1993 წლის 30 დეკემბერს რეგისტრირებული იყო თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2002 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹2-ში მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს ,,...” ...ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრში 2002 წლის 17 იანვარს განხორციელებული რეგისტრაცია ¹1/16/4/28/2, რომლითაც ქ. თბილისში, დ-ის ქ. ¹1-ის მოპირდაპირედ 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,...ის” სახელზე; ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹30-ში საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით მდებარე 52.5 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთში შემავალი 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ა. ხ-ის საკუთრებად.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2005 წლის 20 მაისს, 10.00 საათზე.

2005 წლის 4 ივლისს სს ,,...მა” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა, სს ,,...ის” სარჩელზე მოპასუხეების _ ა. ხ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹30-ში არსებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ხ-ისათვის მიკუთვნების კანონიერების შესახებ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ა. ხ-ის საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება სს ,,...ის” სარჩელზე, მოპასუხეების _ ა. ხ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹30-ში არსებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ხ-ისათვის მიკუთვნების კანონიერების შესახებ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ ა. ხ-ის შვილმა დ. ხ-მა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებების ასლები. ამასთან, მხარემ განაცხადა, რომ აღარ არსებობდა ა. ხ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა, როგორც სს ,,...ის”, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. ხ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი დ. ხ-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ხ-ის უფლებამონაცვლის _ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-ის უფლებამონაცვლის _ დ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ა. ხ-ის უფლებამონაცვლის _ დ. ხ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ც. ჭ-ს დ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...”; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ც. ჭ-ს დაუბრუნდეს მის მიერ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...”; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.