ბს-270-267(კ-11) 16 მაისი, 2012წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ თამარ ჭანტურაია
კასატორი (მოსარჩელე) – ა. რ-ე (გ. რ-ის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი - პ. კ-ე (რწმუნებულება 06.03.08წ., N1-1499)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წარმომადგენელი - მ. ს-ი (რწმუნებულება 29.11.11წ., ¹600); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - ვ. ჯ-ა (მინდობილობა 16.11.09წ. N252415); ო., ა., მ., ლ. და ო. ს-ები; მ. მ-ი; დ. უ-ი (ლ. ა-ის უფლებამონაცვლე)
დავის საგანი – ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, დაზუსტებული ფართის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ აქტის ბათილად ცნობა, დაზუსტებული ფართის რეგისტრაციის დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2010წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. რ-ემ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ... თემის საკრებულოს, ო., ა., მ., ლ. და ო. ს-ებისა და მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.01.2007წ. ¹აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.02.2007წ. ¹01/12-959/274/6 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.09.2005წ. და 20.11.2006წ. განხორციელებული ჩანაწერების, სოფ. ... საკრებულოს 01.10.1995წ. ¹N104 და N204 მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დაზუსტებული ფართის რეგისტრაციის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერების მიხედვით, მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია დაუზუსტებელი ფართით. 2007 წლის იანვარში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მითითებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც სარეგისტრაციო სამსახურის 15.01.2007წ. N49 მიწერილობით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გ. რ-ის მიწის ნაკვეთი ხვდებოდა სხვა პირების სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთების საზღვრებში, კერძოდ, ო. ს-ის, ა. ს-ის, მ. ს-ის, ლ. ს-ის, ო. ს-ისა და მ. მ-ის სახელზე რიცხული 0,44 ჰა და ლ. ა-ის სახელზე რიცხული 0,43 ჰა მიწის ნაკვეთების საზღვრებში. ს-ებისა და ლ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სოფ. ... საკრებულოს მიერ 01.10.1995წ. გაფორმებული N104 და N204 მიღება-ჩაბარების აქტები.
მოსარჩელის მოსაზრებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიწერილობა, ასევე სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერები და მიღება-ჩაბარების აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც ს-ებისა და ლ. ა-ის სახელზე 05.09.2005წ. და 20.11.2006წ. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები რეალურად წარმოადგენდა მოსარჩელის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 17.08.2005წ. დარეგისტრირდა. შესაბამისად, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დასახელებული პირებისათვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 24.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე უარი უნდა ეთქვა, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკვე მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოსარჩელემ 01.10.1995წ. N104 და N204 მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით ო. ს-სა და ლ. ა-ს გადაეცათ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც 18.08.1992წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უკვე გადაცემული ჰქონდა მოსარჩელეს საკუთრების უფლებით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 21.03.2008წ. განჩინებით გ. რ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ა. რ-ე.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ თავდაპირველ მოპასუხეებთან ერთად მიუთითა ლ. ა-ის მემკვიდრე დ. უ-ი და დამატებით მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,43 ჰა მიწის ნაკვეთის დ. უ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ განხორციელებული ჩანაწერისა და სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 02.03.2009წ. განჩინებით მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.07.2009წ. გადაწყვეტილებით ა. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 17.08.2005წ. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციაში გაატარა გ. რ-ის საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფ. ..., ე.წ “...” მდებარე 0,7ჰა მიწის ნაკვეთი. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 18.08.1992წ. N389 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ... თემის საკრებულოს 15.08.2005წ. N803 ცნობა, რომლის მიხედვით, გ. რ-ის ოჯახი შედგებოდა ერთი წევრისაგან, ჩაწერილი იყო თვითონ გ. რ-ე. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, დაფიქსირდა ზედდება გ. რ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და მცხეთის რაიონის სოფ. ..., ე.წ ,, ...” რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... მიწის განაწილების კომისიამ მუშაობა დაიწყო 1992 წლიდან, ხოლო მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა მიმდინარეობდა 1993-1998 წლებში. გ. რ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 18.08.1992წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თარიღი და ნომერი შესწორებულია. მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძვლად მითითებულია სოფ. ... მოსახლეობის საერთო კრების 20.04.1992წ. დადგენილების N3 ოქმი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გ. რ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1ჰა მიწა სამ ნაკვეთად, მათ შორის ე.წ ,, ...” 0,80ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შესწორებულია 0,7 ჰა-ად. რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო გ. რ-ეზე გაცემული სხვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 01.10.1995წ. N262. აღნიშნული აქტის მიხედვით, გ. რ-ეს გამოეყო 0,1ჰა მიწა სამ ნაკვეთად. საცხოვრებელ სახლთან – 0,1 ჰა, მუზეუმის გზასთან 0,1 ჰა და გაზის გარაჟის მიმდებარედ 0,8 ჰა. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერდა გ. რ-ე. აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული იყო სოფ. ... საკრებულოს 06.04.1992წ. დადგენილება, N4 ოქმი. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 18.06.2007წ. N1891 წერილის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. რ-ეზე გაცემული 01.10.1995წ. N262 მიღება-ჩაბარების აქტი ასევე რეგისტრირებული იყო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში, ვინაიდან ასლი დამოწმებული იყო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. რაიონულმა სასამართლომ იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნია 1.10.1995წ. მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან იგი არ იყო ხელმოწერილი გ. რ-ის მიერ. რაიონული სასამართლოს განმარტებით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ადგილობრივი მმართველობის ორგანომ გადასცა, ხოლო პირმა ჩაიბარა მიწის ნაკვეთი, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოხატა არა ცალმხრივი ნება მიწის გასხვისების შესახებ, არამედ გამოვლინდა ორმხრივი ნება. ამასთან, მიწების გაცემას მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ახორციელებდნენ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” 18.01.1992წ. N48 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფ. ... საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიამ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტებით, ო. ს-სა და ლ. ა-ს საკუთრებაში გადასცა შესაბამისად 1ჰა და 0,75ჰა მიწის ნაკვეთები მცხეთის რაიონის სოფ. .... სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებზე არ გაცემულა ზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობის ფართი. მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 დადგენილების მე-11 მუხლის საფუძველზე მიწის გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო მიწის სარეფორმო კომისიის დასკვნის და სოფლის კრების შუამდგომლობის საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს დამოუკიდებელი საფუძვლით არ გაუსაჩივრებია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები 0,44ჰა და 0,43ჰა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარემ დაუკავშირა რეგისტრაციის საფუძვლად განხორციელებული სადავო მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობას. ვინაიდან არ არსებობდა სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის 01.10.95წ. N104 და N204 ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები 0,44ჰა ნაკვეთისა და 0,43ჰა ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლო იყო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. რ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2010წ. განჩინებით ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.07.2009წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2010წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოდავე მხარეებზე მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული მიწის ნაკვეთები ერთი და იგივე უძრავ ნივთს წარმოადგენდა. ა. რ-ეზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სადავო მიწის ნაკვეთი, რაც სადავოდ არ იყო გამხდარი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გარანტირებული იყო საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას გულისხმობდა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება იყო განკარგვადი და ბრუნვაუნარიანი ობიექტი, თუმცა ფაქტიური მდგომარეობით მისი მიწის ნაკვეთი არ არსებობდა. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოების ტექნიკურ სისტემათა ცვლა, არ შეიძლება ყოფილიყო მისი საკუთრების უფლების მოსპობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. რ-ეზე გაცემულია ორი მიღება-ჩაბარების აქტი. პირველი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N262 (შესწორების შემდეგ N389) გ. რ-ეზე გაცემულია 18.03.92წ. (შესწორების შემდეგ 18.03.93წ.), რომლითაც გ. რ-ეს გამოეყო საცხოვრებელ სახლთან 0,1 ჰა, ... გზასთან 0,2 ჰა და ე.წ. ,, ...“ 0,7 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებულია სოფ. ... მოსახლეობის საერთო კრების 20.04.92წ. დადგენილების ოქმი N3. 18.03.92წ. N389 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 17.08.05წ. დარეგისტრირდა გ. რ-ის საკუთრების უფლება 0,7 ჰა მიწის ნაკვეთზე მდებარე სოფ. ..., ე.წ. ,, ...“. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა როგორც დაუზუსტებელი. მეორე მიწის ნაკვეთის N262 მიღება-ჩაბარების აქტი გ. რ-ეზე გაცემულია 01.10.95წ., რომლითაც გ. რ-ეს გამოეყო 1 ჰა მიწა სამ ნაკვეთად, მათ შორის, საცხოვრებელ სახლთან 0,1 ჰა, ... გზასთან 0,1 ჰა და ე.წ. ,, ...“ მიმდებარე ტერიტორიაზე 0,8 ჰა ფართის ოდენობით. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გ. რ-ის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელებული არ არის, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 18.06.07წ. N1891 წერილით დასტურდება, რომ 01.10.95წ. N262 მიღება-ჩაბარების აქტი დაცულია საჯარო რეესტრში, საქმეში მოიპოვება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამოწმებული 01.10.95წ. N262 მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. 2, ს.ფ 162-163). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 01.10.95წ. N204 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 12.12.06წ. დარეგისტრირდა ლ. ა-ის საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფ. ... ე.წ. ,, ...“ მდებარე 0,43 ჰა მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 12.06.07წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა დ. უ-ზე. 01.10.95წ. N104 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.09.05წ. დარეგისტრირდა ო. ს-ის ოჯახის წევრების თანასაკუთრება 0,44 ჰა მიწის ნაკვეთზე. ლ. ა-ისა და ო. ს-ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია სოფ. ... საკრებულოს 06.04.92წ. ოქმი N4.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისთავად რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავის არსებობა ანუ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ორი სუბიექტის საკუთრებაში და აქედან ერთ-ერთი სადავოდ ხდის რეგისტრაციის კანონიერებას, თუნდაც შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში, ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარე ვალდებულია ამტკიცოს, რომ მისი რეგისტრაცია მოპასუხისგან განსხვავებით ემყარება უპირატეს სამართლებრივ საფუძველს, ანუ მოსარჩელეს ეკისრება არა მხოლოდ მოპასუხის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უკანონობის, არამედ საკუთარი რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტის კანონიერების მტკიცების ვალდებულებაც. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რეგისტრაციის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ამ შემთხვევაში მოქმედებს ორივე რეგისტრაციის მიმართ და აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რომელ მათგანს გააჩნია საკუთრების უფლების რეგისტრაციის უპირატესი საფუძველი. ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია განსახორციელებელი რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლის არა მხოლოდ წარმოშობის ქრონოლოგიაზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, მის კანონიერებაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე რამოდენიმე თავისი შინაარსით ურთიერთგამომრიცხავი რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ უფლებას, რომელიც სხვა უფლებაზე ადრეა რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ 18.01.92წ. N48, აგრეთვე 06.02.92წ. N128 და 10.03.92წ. N290 დადგენილებებით განისაზღვრა მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი მიწის ზღვრული ნორმები ბარში და ზეგანზე - სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის - 1 ჰექტარამდე, ხოლო სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის - 0,75 ჰექტარამდე. საქმეში დაცული მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია, ერთის მხრივ, სოფ. ... მიწის ნაკვეთების სარეფორმო სიის თანახმად, გ. რ-ე განეკუთვნებოდა მეორე კატეგორიის კომლს (ტ. 4, ს.ფ.60-61), აღნიშნული სიის თანახმად, გ.რ-ეს (რიგითი ნომერი 262) გამოყოფილი ჰქონდა 0,50ჰა მიწის ნაკვეთი. სიაში გ. რ-ის გვარის გასწვრივ გაკეთებულია შენიშვნა ,,გადაყვანილია პირველ კატეგორიაში“. მეორე მხრივ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სარეგისტრაციო მასალებზე დართული საგადასახადო ინსპექციის მცხეთის განყოფილების 15.08.05წ. N08-2/4138 ცნობის თანახმად, გ. რ-ე იხდიდა მიწის გადასახადს 0,7ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტ. 2, ს.ფ.100). აღნიშნულის მიუხედავად, გ. რ-ეს ორივე მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი ჰქონდა 1ჰა მიწის ნაკვეთი, რაც აღემატებოდა მეორე კატეგორიის კომლისთვის დადგენილ ზღვრულ ნორმას - 0,75 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, როდის და რის საფუძველზე მოხდა გ. რ-ის გადაყვანა პირველი კატეგორიის კომლად, ვინაიდან ნაკვეთის გამოყოფის რიგითობა დამოკიდებული იყო კომლის კატეგორიაზე, დადგენას საჭიროებს აგრეთვე ის თუ რომელი კატეგორიის კომლებს განეკუთვნებოდნენ ლ. ა-ი და ო. ს-ი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ გ. რ-ის 18.03.93წ. N389 მიღება-ჩაბარებისა და ლ. ა-ის 01.10.95წ. N204 მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული ნაკვეთების საზღვრები იდენტურია და ორივეს ჩრდილოეთით - ქარსაფარი, სამხრეთით - ლ. გ-ე, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - ო. ფ-ი ესაზღვრება (ტ. 1, ს.ფ. 8,16), თუმცა გ. რ-ის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფართი 0,7 ჰექტარია, ხოლო ლ. ა-ის - 0,43 ჰა, რაც გაურკვეველს ხდის გ. რ-ისა და ლ. ა-ის საზღვრების შესაძლო იდენტურობას. რაც შეეხება ო. ს-ისა და გ. რ-ის მიწის ნაკვეთებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან ო. ს-ისთვის 01.10.95წ. N104 მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ჩრდილოეთით - ქარსაცავი, სამხრეთით - დ. ა-ი, აღმოსავლეთით - ქარსაცავი და დასავლეთით - ი. ფ-ი, რაც არ ემთხვევა გ. რ-ის მოსაზღვრე ნაკვეთებს, აღნიშნული ნაკვეთები შესაძლოა წარმოადგენდნენ ტერიტორიულად სხვადასხვა მიწის ნაკვეთებს. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, გ. რ-ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მიხედვით კვარტლის ნომერია 01, ხოლო ლ. ა-ისა და ო. ს-ის ნაკვეთების კვარტლის ნომერია 04. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობას და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის განკარგვას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. რ-ის სახელზე 18.03.92წ. და 01.10.95წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები ეხება სხვადასხვა მიწის ნაკვეთებს. პირველი მიღება-ჩაბარების აქტი ეხება ე.წ. ,, ...“, ხოლო მეორე ეხება ე.წ. ,, ...“ ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთს. გ. რ-ის სახელზე თავდაპირველად გაცემული 18.03.93წ. N389 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი - სოფ. ... მოსახლეობის საერთო კრების 20.04.92წ. დადგენილების N3 ოქმი საქმეში არ იძებნება, ხოლო ო. ს-ისა და ლ. ა-ის სახელზე 01.10.95წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველი - სოფ. ... საკრებულოს 06.04.92წ. ოქმი N4 დაცულია საქმეში (ტ.4, ს.ფ.3-4) და ადასტურებს ... საკრებულოს გამგეობის მიერ მიწის რეფორმის კომისიის სიების განხილვა-დამტკიცებას. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ო. ს-ის, ლ. ა-ისა და თვით გ. რ-ის მეორე - 01.10.95წ. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველი (საკრებულოს 06.04.92წ. ოქმი N4) გამოცემულია გ. რ-ის პირველი - 18.03.93წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (20.04.92წ. ოქმი N3) უფრო ადრე. ამდენად გარკვევას საჭიროებს თუ რამ განაპირობა გ. რ-ის მიმართ სოფ. ... მოსახლეობის საერთო კრების მიერ ორი დადგენილებისა და ორი მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა, თუნდაც მისი პირველი კატეგორიის კომლად გადაყვანის შემთხვევაში, ვინაიდან მის მიმართ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის - 1 ჰექტარის ოდენობა არ შეცვლილა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას მნიშვნელობა აქვს დავაზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინება არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს, მასში არ არის გაცემული პასუხი სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე, განჩინების ძირითადი ნაწილი შეიცავს საქმის გარემოებების აღწერას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10წ. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare n. sxirtlaZe
mosamarTleebi: n. qadagiZe
l. murusiZe