Facebook Twitter

ბს-277-274(კ-კს-11) 29 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ჯ-ა

წარმომადგენელი – მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი _ ი. უ-ე;

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი _ ე. ო-ე, ბ. ხ-ი;

ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი _ მ. ნ-ა

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალდებულება;

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე: ი. ჯ-ა

წარმომადგენელი: მ. მ-ე

მოპასუხე: საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ს. ბ-ი

მოპასუხე: ზუგდიდის სოციალური მომსახურების ბიურო

მესამე პირი: მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს

სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა და 24 - ე მუხლის საფუძველზე – ქმედების განხორციელების დავალდებულება.

სარჩელის საგანი:

ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 20 თებერვლის ოქმის კანონიერება. საოქმო გადაწყვეტილება _ ი. ჯ-ასათვის სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ბათილად ცნობა;

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 18.09¹01/10-19717 გადაწყვეტილების მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 6 ნოემბრის ¹02/31587 ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა;

ი. ჯ-ასათვის 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენა.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: მოსარჩელის ი. ჯ-ას წარმომადგენლის - მ. მ-ის განმარტებით, 2006 წელს უსინათლობის გამო ი. ჯ-ას დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა 22 ლარიანი საოჯახო დახმარება. ი. ჯ-ა დარეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მიღებული აქვს სარეიტინგო ქულა 50270, მაგრამ საკუთარი განცხადების საფუძველზე იღებდა კუთვნილ დევნილის დახმარებას.

ი. ჯ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. მ-ესთან, ოჯახს დეკლარაციის შედეგად მიენიჭათ სარეიტინგო ქულა 40900. დარეგისტრირებისას განუცხადეს სააგენტოს, რომ ერჩიათ მიეღოთ დევნილის დახმარება, ამიტომ უარს ამბობდნენ შემწეობის თანხის მიღებაზე. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა 2009 წლის 25 თებერვალს ოჯახში მათთან მივიდნენ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის აგენტები, მოსარჩელე ი. ჯ-ამ შემწეობის თანხის მიღებაზე უარი სპეციალურ ფორმაზე ხელისმოწერით დაუდასტურა. ამის შემდეგ აგენტი დაინტერესდა რამდენი იყვნენ ოჯახში და რომ გაიგო ორნი იყვნენ, უთხრა რომ დევნილის დახმარების 22 ლარის სანაცვლოდ მიიღებდნენ 54 ლარს, ვინაიდან ი. ჯ-ას წარმომადგენელს დროებით შეჩერებული ჰქონდა დევნილის დახმარება, ი. ჯ-ამ მოუწერა ხელი დოკუმენტზე, მაგრამ ისე, რომ მისთვის აგენტს არ განუმარტავს, რომ ამით მოეხსნებოდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარება და მისი აღდგენა შემდგომ შეუძლებელი გახდებოდა.

2009 წლის 25 მარტს ი. ჯ-ამ აიღო 118 ლარი. მომდევნო დღეს კი გაირკვა, რომ ი. ჯ-ას მოეხსნა 22 ლარიანი საოჯახო დახმარება 2009 წლის იანვრიდან. წარმომადგენელმა მეორე დღესვე მიმართა ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით, მოეხსნათ მათთვის შემწეობის თანხა 54 ლარი და აღედგინათ ი. ჯ-ასათვის 22 ლარიანი საოჯახო დახმარება, მაგრამ უარი მიიღეს, როგორც ზემდგომი სააგენტოდან, ისე სამინისტროდან.

ის, რომ ადგილი ჰქონდა ი. ჯ-ას მოტყუებას, დასტურდება სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 20 თებერვალს მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით, მაშინ როდესაც ი. ჯ-ას განცხადება არ ჰქონია წარდგენილი სააგენტოში. სააგენტოს წარმომადგენელმა სიყალბის გასამართლებლად 25 თებერვალს მოტყუებით მოაწერინა ხელი მოსარჩელე ი. ჯ-ას რაღაც განცხადებაზე, რომელიც აღმოჩნდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარების მოხსნისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი.

სამართლებრივი: მოსარჩელის წარმომადგენელმა სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტის მომზადება, მიღება _ გამოცემასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს კონკრეტულ მუხლებზე სამართლებრივი მსჯელობა არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 1-9; ტ. I).

მოპასუხის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ს. ბ-მა შესაგებლით სარჩელი არ სცნო ვინაიდან მისი მოსაზრებით, ი. ჯ-ამ 2008 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით უარი განაცხადა ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის დანიშვნაზე. 2008 წლის 15 დეკემბერს პირველადი გენერაციის საფუძველზე სოციალურმა აგენტმა ნანა კანკიამ ცვლილებების გამო შეავსო ოჯახის დეკლარაცია, დეკლარირებულ დოკუმენტებს დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მ. მ-ემ, რის შედეგადაც ოჯახისათვის მინიჭებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 40900. 2009 წლის 20 თებერვალს სოციალურმა აგენტმა ე. კვირკვიამ ი. ჯ-ას განუმარტა, რომ იგი იმყოფებოდა მასთან, რათა დაენიშნა საარსებო შემწეობა, ასევე განუმარტა, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მოეხსნებოდა სხვა სოციალური დახმარებები – საოჯახო დახმარება, დევნილის შემწეობა. ი. ჯ-ამ 2009 წლის 25 თებერვალს სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადების ფორმა ¹1-ზე ხელმოწერით დააფიქსირა საარსებო შემწეობის დანიშვნის თანხმობა. შესაბამისად, ი. ჯ-ას 2009 წლის იანვრიდან შეუწყდა საოჯახო დახმარება და დევნილის შემწეობა კანონმდებლობის შესაბამისად.

სამართლებრივი: მოპასუხის მსჯელობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენას, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ასევე ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მხრიდან. ი. ჯ-ას მიერ ნების გამოხატვაში ეჭვის შეტანის მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან მან, როგორც ქმედუნარიანმა პირმა განცხადებაზე ხელმოწერით გამოთქვა სურვილი, მის ოჯახს დანიშვნოდა შემწეობა. (იხ. ს.ფ. 69-76. ტ. I).

მოპასუხის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხე ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრმა შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ს.ფ. 78-84. ტ. I).

საქმის გარემოებები:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულიი პირის სოციალური სააგენტოს 2010 წლის 13.05 ¹02/32 გადაწყვეტილების თანახმად მ. მ-ე დაინიშნა მეუღლის-ი. ჯ-ას მზრუნველად. (იხ. ს.ფ. 262-263. ტ. I).

2009 წლის 20 თებერვლის ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური დახმარების დანიშვნის ოქმით ი. ჯ-ა რეგისტრირებულია სოციალური დახმარების მიმღებ წევრად.

2009 წლის 25 თებერვალს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრმა ი. ჯ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ოჯახის ორ წევრზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 27.070/10-16022 წერილით ი. ჯ-ას მეუღლეს _ მ. მ-ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარებაზე აღდგენაზე, ეთქვა უარი. (იხ. ს.ფ. 24. ტ. I).

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 9.09¹0/10-19717 გადაწყვეტილებით მ. მ-ეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე მეუღლის ი. ჯ-ასათვის შეწყვეტილი საოჯახო დახმარების აღდგენისა და ფულადი სოციალური დახმარების _ საარსებო შემწეობის მოხსნის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობისა გამო. (იხ. ს.ფ. 25-27. ტ. I).

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 09.02¹402/ო ბრძანებით მ. მ-ეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 19.09¹0/10-19717 გადაწყვეტილებაზე და ი. ჯ-ას 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენის შესახებ ეთქვა უარი. (იხ. ს.ფ. 3741. ტ. I).

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ი. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

ი. ჯ-ას სსე ბიუროს 2006 წლის 19.07 შემოწმების აქტით დაუდგინდა მკვეთრი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი _ დაავადება _ მარჯვენა თვალის გლაუკომა, მარცხენა თვალის აბსოლუტური გლაუკომა მწვავე კატარაქტა.

ი. ჯ-ა 2009 წლის იანვრამდე ღებულობდა 22 ლარიან საოჯახო დახმარებას.

სასამართლოს დასკვნები: სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიერ სადვაოდ მიჩნეული ფაქტები:

მოსარჩელის წარმოადგენელმა _ მ. მ-ემ სადავო გახადა სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 20 თებერვლის ოქმის ნამდვილობა, ვინაიდან მისი მოსაზრებით, ი. ჯ-ა მოატყუეს, იგი ვერ ხედავს და მას არ შეეძლო წაეკითხა, რას აწერდა ხელს.

მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელე ვერ ხედავს და მას არ შეეძლო წაეკითხა რაზე აწერდა ხელს და აღნიშნულის გამო ი. ჯ-ა მოატყუეს, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. თვით სარჩელიდან დასტურდება, რომ ი. ჯ-ასთვის ცნობილი იყო, რომ მოეხსნებოდა საოჯახო დახმარება და დაენიშნებოდათ ოჯახის ორ წევრზე სოციალური შემწეობა 54 ლარი.

მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 20 თებერვლის ოქმი – საოქმო გადაწყვეტილება ყალბია, იმ ფაქტი. გარემოების გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტმა 25 თებერვალს მოტყუებით მოაწერინა ხელი მოსარჩელე ი. ჯ-ას რაღაც განცხადებაზე, რომელიც აღმოჩნდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარების მოხსნის და საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი, ასევე ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ი. ჯ-ას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი აღქმის, აზროვნების ემოცი. და ნებელობითი სფეროს დარღევევით მინიჭებული არ აქვს.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი. ჯ-ამ გამოხატა ნება საარსებო შემწეობის დახმარების მიღებაზე, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი განცხადებით საარსებო შემწეობის დანიშვნაზე, საოჯახო დახმარების მიღებაზე უარის თქმით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/

სასამართლოს მსჯელობით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით ,,სოციალური დახმარებების შესახებ“ დადგინდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობის ღონისძიებათა დაფინანსება, ანგარიშსწორების წესი და ძირითადი პრინციპები.

ხსენებული დადგენილების თანახმად სოციალური დახმარება ფულადი გასაცემელია, რომელიც გაიცემა შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების მიმართ, მათი სოციალურ _ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამავე დადგენილებით ამ წესის მიზნებისათვის საოჯახო დახმარება ფულადი გასაცემელია, რომლის მიზანია 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული საოჯახო დახმარების გაცემის გაგრძელება.

საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, თუ საარსებო შემწეობის მიმღების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57001.

დადგენილების თანახმად, საოჯახო დახმარებისა და საარსებო შემწეობის მიღების სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ პირობებს. თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახისათვის სოციალური დახმარება გაიცემა შეფასების სისტემით საარსებო შემწეობის მიმღების სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 57001, დადგენილების 8.2 მუხლის თანახმად განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომელთა მიმართ გაიცემა საოჯახო დახმარება, მათ მიეკუთვნება მარტოხელა არამომუშავე ერთსულიანი ოჯახები, რომელთაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდათ საოჯახო დახმარება.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახის დახმარების მიღების საფუძვლის არსებობის დასადგენად.

დადგენილების მე-6 მუხლით, საოჯახო დახმარების ადმინისტრირების ორგანოების ფუნქციაა საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა სისტემატური შემოწმება და გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა მიმართ შესაბამისი შესწორების შეტანა (საოჯახო დახმარების შეჩერება , აღდგენა, შეწყვეტა).

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის ¹1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” ინსტრუქციით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით ,,სოციალური დახმარებების შესახებ” მე-12 მუხლით საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწეობის მიღებას, მის საფუძველზე შეუწყდება საოჯახო დახმარების მიღება. 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის და გაცემის წესის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება გააჩნია ოჯახს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე.

სარსებო შემწეობის მიღების უფლება გამორიცხავს უმწეო მდგმარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების - საოჯახო დახმარების მიღებას, აგრეთვე დევნილის დახმარების მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს საარსებო შემწეობის ან საოჯახო დახმარების და დევნილის დახმარების მიღების უფლება. ამავე ბრძანების მე-11 მუხლით საარსებო შემწეობის დასანიშნად განცხადებით შეუძლია მიმართოს ოჯახის სრუწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა.

განცხადება საარსებო შეწეობის დანიშვნაზე ხელმოწერილია ი. ჯ-ას მიერ, რითაც გამოიხატა ნება. საარსებო შემწეობის დანიშვნა გამორიცხავს საოჯახო დახმარების და დევნილის დახმარების მიღებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის და გაცემის წესის” მე-11 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის ¹1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” ინსტუქციით შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება ქმედუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში. მოსარჩელეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დადგენილი აქვს მხედველობითი სიმახვილის მკვეთრი დაქვეითებით.

აღნიშნული ინსტრუქცია ითვალისწინებს აგრეთვე შესაძლებლობის შეზღუდვას აღქმის, აზროვნების ემოცი. და ნებელობითი სფეროს დარღვევით, რაც ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ სამედიცინო კომისიის დასკვნით არ დადგენილა, რადგან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად: ,, შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრამვის, ანატომი. ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა, ორგანიზმის მყარი ფუნქციის დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელე ვერ ხედავს და მას არ შეეძლო წაეკითხა რაზე აწერდა ხელს, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, მათ შორის იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელთა საფუძველზე გამოიცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენას, აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე დროს სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების ,,სოციალური დახმარებების შესახებ” მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება. (იხ. ს.ფ. 275-283. ტ. I).

აპელანტი: ი. ჯ-ა

წარმომადგენელი: მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,

წარმომადგენელი _ ლ. ჩ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე: სოციალური მომსახურების სააგენტო,

წარმომადგენელი _ ე. ო-ე,

მოწინააღმდეგე მხარე: ზუგდიდის სოციალური მომსახურების ბიურო

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოში.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტი _ ი. ჯ-ას წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. ი. ჯ-ა არის უსინათლო და დოკუმენტზე ხელის დადების გარეშე ხელს ვერ მოაწერდა და ვერც იმას გაარკვევდა დოკუმენტში იყო თუ არა მითითება გაფრთხილების შესახებ, შესაბამისად ის ვერც ნებას გამოხატავდა. 2009 წლის 25 მარტისათვის ი.ჯ-ას მიღებული ჰქონდა იანვრისა და თებერვლის საოჯახო დახმარება, რის გამოც აღნიშნული დახმარება იანვრიდან ვერ მოეხსნებოდა, თითქოსდა მისი თანხმობით მისაღები 3 თვის თანხიდან დაექვითა 2 თვის საოჯახო დახმარება.

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე არასწორად აღინიშნა, რომ ი. ჯ-ა ერთდროულად ღებულობდა 22 ლარიან საოჯახო დახმარებასა და შემწეობას და 22 ლარიანი დახმარების სანაცვლოდ თავისი ნების შესაბამისად მიიღო 54 ლარი.

სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ი. ჯ-ას 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდა საოჯახო დახმარება ი. ჯ-ა უსინათლობის გამო იყო შეზღუდულქმედუნარიანი, რაც შეუძლებელია სოციალური აგენტისათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.

სამართლებრივი: სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, როცა აშკარაა, რომ ი. ჯ-ას ასეთი არჩევანი არ გაუკეთებია და ის მოატყუეს; სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს _ აქტების მომზადება, მიღება _ გამოცემასთან დაკავშირებით. (იხ. ს.ფ. 300-310. ტ. I).

მოწინააღმდეგის შეპასუხება:

ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა _ ს. ბ-მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო ვინაიდან, ი. ჯ-ამ 2008 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით უარი განაცხადა ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის დანიშვნაზე. 2008 წლის 15 დეკემბერს პირველადი გენერაციის საფუძველზე სოციალურმა აგენტმა ნანა კანკიამ ცვლილებების გამო შეავსო ოჯახის დეკლარაცია, დეკლარირებულ დოკუმენტებს დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მ. მ-ემ, რის შედეგადაც ოჯახისათვის მინიჭებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 40900. 2009 წლის 20 თებერვალს სოციალურმა აგენტმა ე. კვირკვიამ ი. ჯ-ას განუმარტა, რომ იგი იმყოფებოდა მასთან, რათა დაენიშნა საარსებო შემწეობა, ასევე განუმარტა, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მოეხსნებოდა სხვა სოციალური დახმარებები – საოჯახო დახმარება, დევნილის შემწეობა. ი. ჯ-ამ 2009 წლის 25 თებერვალს სოციალური სახმარების დანიშვნის განცხადების ფორმა ¹1-ზე ხელმოწერით დააფიქსირა საარსებო შემწეობის დანიშვნის თანხმობა. შესაბამისად, ი. ჯ-ას 2009 წლის იანვრიდან შეუწყდა საოჯახო დახმარება და დევნილის შემწეობა კანონმდებლობის შესაბამისად.

სამართლებრივი: მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 22 აგვისტოს ¹225/ნ ბრძანებით. ასევე აპელანტს განემარტა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების “სოციალური დახმარების შესახებ” მე-12 მუხლი, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების დანიშვნა არ ხორციელდება (იხ. ს.ფ. 12-19. ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ჯ-ას წარმომადგენლის მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ ი. ჯ-ას უსინათლობის გამო არ შეეძლო კითხვა და ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტმა 2009 წლის 25 თებერვალს მოტყუებით მოაწერინა ხელი რაღაც განცხადებაზე, რომელიც აღმოჩნდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარების მოხსნის და საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი, გაზიარებული ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი. ჯ-ამ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე განცხადებაზე ხელმოწერით გამოხატა მისი ნება საარსებო შემწეობის დახმარების მიღებაზე, რის შესაბამისად, დაბალი სარეიტინგო ქულის საფუძველზე, 2009 წლის მარტში, ორ წევრზე დაენიშნა საარსებო შემწეობა 54 ლარის ოდენობით და შეუწყდა საოჯახო დახმარება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და არც მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნების ისეთი დარღვევით, რაც საფუძველი გახდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალების _ 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენის თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 120-128. ტ. II).

კასატორი: ი. ჯ-ა;

წარმომადგენელი: მ. მ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი _ ი. უ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე: სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი _ ე. ო-ე, ბ. ხ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე: ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი _ მ. ნ-ა

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 155-162; ტ. II).

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ი. ჯ-ა იყო შეზღუდულქმედუნარიანი და I ჯგუფის ინვალიდი მხედველობის გამო.

ი. ჯ-ას უარი ეთქვა საოჯახო დახმარების აღდგენაზე და არა სოციალური დახმარების აღდგენაზე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში წერია.

საარსებო დახმარების დანიშვნა ი. ჯ-ას ნებას არ გამოხატავდა, ვინაიდან ის ვერ დაინახავდა რაზე აწერდა ხელს. შესაბამისად, იგი ვერ მიმართავდა სააგენტოს განცხადებით.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 20 თებერვალს ოქმით ი. ჯ-ას დაენიშნა სოციალური შემწეობა, როცა განჩინებით თურმე ი. ჯ-ამ მიმართა სააგენტოს 25.02.09 წელს განცხადებით, როცა უსინათლო ჯ-ას ეს განცხადება არ ეკუთვნის, ის არის სპეც ფორმა და მასზე ი. ჯ-ას ხელმოწერა, როგორც უსინათლოსი, ბათილია კანონის შესაბამისად. მინდობილობის სანოტარო აქტს ხელს აწერენ მოწმეები და არა ი. ჯ-ა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო 25.02.09 წლის განცხადების საფუძველზე 20.02.09 წლის ოქმი ვერ შედგებოდა, ანუ 20.02.09 წლის ოქმი რაიმეს მტკიცებად ვერ გამოდგება, რადგან უსაფუძვლოა 25.02.09 წლის ე.წ განცხადება თითქოსდა ი. ჯ-ას ხელმოწერით.

პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად, საამისოდ საფუძვლის არარსებობის მიუხედავად დადგენილად ჩათვალა, რომ უსინათლო ი. ჯ-ამ, როგორც ქმედუნარიანმა პირმა მიმართა სააგენტოს განცხადებით და ხელმოწერით ნება გამოხატა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებები ცხადყოფს მის უკანონობას.

სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრიდან გამოთხოვილი ცნობა დაუდო საფუძვლად განჩინებას, რაც არასწორია, ვინაიდან მასში აღნიშნულია, რომ შემწეობა მოიხსნა მაღალი ქულის გამო. მაშინ, როცა კასატორის მსჯელობით, მათ თვითონ თქვეს უარი, რათა აღდგენილი ყოფილიყო საოჯახო დახმარება ი. ჯ-აზე, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.

მოწინააღმდეგის შეპასუხება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა – ე. ო-ემ შესაგებლით საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ი. ჯ-ას წარმომადგენლის _ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი:

კასატორის ი. ჯ-ას წარმომადგენლის მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს.

კასაციის დაშვების წანამძღვარის განმარტება კონკრეტულ საქმეზე:

წინამდებარე კასაციის მოტივი _ საქმის არასრულყოფილად გამოკვლევა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის საგულისხმო და ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს შეფასებას, როგორც საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპის _ სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დაცვის ვალდებულების თაობაზე.

კასაციის მოტივების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. საქმის გარემოებები არ არის გამოკვლეული ობიექტურად და მათ არ მისცემიათ სათანადო სამართლებრივი შეფასება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ: 2006 წლის 19 ივლისის ფორმა IV-ის საფუძველზე მიაჩნია, რომ ი. ჯ-ას დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მხედველობითი ინვალიდობის გამო. (იხ. ს.ფ. 22-23. ტ. I). საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე ირკვევა, რომ ი. ჯ-ა არის I ჯგუფის ინვალიდი. (იხ. ს.ფ. 15. ტ. I).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ ი. ჯ-ას უსინათლობის გამო არ შეეძლო კითხვა და ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტმა 2009 წლის 25 თებერვალს მოტყუებით მოაწერინა ხელი რაღაც განცხადებაზე, რომელიც აღმოჩნდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარების მოხსნის და საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ი. ჯ-ამ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე განცხადებაზე ხელმოწერით გამოხატა მისი ნება საარსებო შემწეობის დახმარების მიღებაზე, რის Eშესაბამისად, დაბალი სარეიტინგო ქულის საფუძველზე, 2009 წლის მარტში, ორ წევრზე დაენიშნა საარსებო შემწეობა 54 ლარის ოდენობით და შეუწყდა საოჯახო დახმარება.” (იხ. ს.ფ. 120-128. ტ. II), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და მიუკერძოებლად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და ცალმხრივად დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა წარმომადგენლების ზეპირ განმარტებებს, რომლის საფუძველზეც დადგენილად მიიჩნია ი. ჯ-ას განცხადებაზე ხელმოწერისას მისი ნების გამოვლენის ნამდვილობის ფაქტი, იმ პირობებში, როცა თავიდანვე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ-ას მხედველობის მძიმე მდგომარეობის გამო დაუდგინდა მკვეთრი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

სასამართლომ არ გამიჯნა ერთმანეთისგან ხელმოწერის ფაქტი რამდენად შესაბამისობაშია იმის გაცნობიერებასთან, თუ რა გარემოებებს ეთანხმება განმცხადებელი. საქმის მასალებით ვერ ჰპოვებს დადასტურებას, რომ ი. ჯ-ას ხელმოწერისას გაცნობიერებული ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რომელთა თაობაზე ინფორმირება _ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ადმინისტრაციული ორგანოს აპარატის თანამშრომლებს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერისას ი. ჯ-ას დანიშნული არ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, თუმცა საქმეში არსებული მასალებით ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ იგი წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებას მხედველობის მკვეთრი გაუარესების გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები _ 2006წლის 29 დეკემბრის საქართველოს კანონი “ სოციალური დახმარების შესახებ”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ¹225/ნ ,, მიზმობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ”, მართალია, არ ასახავს ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოთა თანამშრომლების სამართლებრივ ვალდებულებებს, თუმცა, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მათ ასეთი მოვალეობა არ აკისრიათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმის მიხედვით, არ ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ეს ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, თუ რამდენად იყო სათანადოდ ინფორმირებული ი. ჯ-ა მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესრიგებს რა პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სამართალურთიერთობებს, ადგენს ქცევის საერთო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლის განხორციელების მიმართ პირებს გააჩნიათ კანონიერი მოლოდინი და რომლის იგნორირება, კონკრეტულ სამართალურთიერთობებში არგავრცელება შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი ჯ-ას 2006 წლიდან დანიშნული ჰქონდა 22 ლარიანი საოჯახო დახმარება I კატეგორიის ინვალიდობის გამო და 28 ლარი დევნილის დახმარება.

საქართველოს მთავრობის დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ” 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით, გარდამავალ და დასკვნითი დებულებების მე-12 მუხლით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწეობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმარების მიღება, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმატიული ნოვაცია არსებითად ცვლის ბენეფიციართა უფლებრივ სტატუსს, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ნიშანი _ სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა, შესაბამისი საჯარო ფუნქციის განმხორციელებელ _ სოც. მუშაკებს აკისრებს სამართლებრივ მოვალეობას, სათანადო განმარტებითი სამუშაოების საფუძველზე განახორციელონ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია.

საკასაციო სასამართლოს მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროდ მიაჩნია განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში მომსახურე ბიუროკრატიის როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული სოციალური დახმარების სუბიექტების კონფლიქტები შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

სახელმწიფოს ფუნქცია – უზრუნველყოს საკუთარი ხალხის საჯარო ამოცანების გადაწყვეტა, ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. საზოგადოებრივი და სოციალური სოლიდარობის ეგიდით სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს შემდეგი მიზნით: სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციული სამართლის, რომლის კერძო ნაწილსაც წარმოადგენს სოციალური დაცვის სამართალი, პრინციპები, როგორიცაა – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. Eევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება /რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო/, ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1. Uზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით, ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის უკიდურესი სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი საუკეთესო არჩევანის გაკეთება – ნების ნამდვილი გამოხატვა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება.

აღნიშნულზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაში / შპს ,,პანორამას” სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ /, ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. სწორედ საჯარო სამსახურის სისტემის და ყოველი საჯარო მოსამსახურის როლის ჯეროვანი გაცნობიერება დაედო საფუძვლად ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებას და ზრუნვას მათი დამკვიდრებისთვის”.

. . “ადამიანის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც გააჩნია საჯარო მოხელეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას დადგენილია და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ. აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა ერთის მხრივ, იმ დაწესებულების შინაგანი დისციპლინის დაცვის აუცილებლობისათვის, რომელზეც დამოკიდებულია საზოგადოება და მეორეს მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასთან ბრძოლის აუცილებლობისათვის. საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს საზოგადოების იმ წევრებისათვის სამსახურისა და დახმარების გაწევას, რომელნიც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა განსაკუთრებული ხასიათის მიზეზებით საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას”.

... “საერთაშორისო აქტებით, აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფოთა შიდაეროვნული დოკუმენტებით საჯარო მოხელეთა ძირითად პრინციპებს განეკუთვნება მოქალაქეთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, კეთილსინდისიერი სამსახური, ეკონომიურობა, ეფექტურობა და ა.შ.

საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვიცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება საზოგადოების ცხოვრების დონეზე, ნაციონალური იდენტობის ხარისხზე, საკუთარი ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობის თანაგანცდაზე, რომლის გარეშე საფრთხე ექმნება დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას.

ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი/”.

ზემომოყვანილი სასამართლო სტანდარტი დადგენილია ქვეყნის საჯარო მოსამსახურეთათვის, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თავისუფლად უნდა გავრცელდეს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების თანამშრომელთა საქმიანობაზე, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის განმხორციელებელ პირებზე.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს ეკისრებოდა ვალდებულება სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა ი. ჯ-ასათვის და გაეცნო მისთვის რა იურიდიულიი შედეგის დადგომას ითვალისწინებდა მისი ნების გამოხატვა.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ: ,,იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელისმოწერა”. მოცემული ნორმის შინაარსის ანალიზიდანაც ნათლად ჩანს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონმდებელი მოცემულ შემთხვევებში იმ პირის სამართლებრივ დაცვას, რომელსაც არ შეუძლია გარკვეული მიზეზების გამო ხელისმოწერა დოკუმენტზე.

საგულისხმოა, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” 27-ე მუხლის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც იურიდიულიი მნიშვნელობის მოქმედებას ახორციელებს ნოტარიუსი, რომელიც არის უმაღლესი იურიდიულიი განათლების მქონე და საჯარო ნდობით აღჭურვილი პირი, ეკისრება ვალდებულება, სანოტარო მოქმედების შესრულებისას თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით, სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. MMმით უფრო მნიშვნელოვანია საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში პირის ნების გამოვლენის ნამდვილობის ობიექტური და საფუძვლიანი გამოკვლევა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბებას.

საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ობიექტურად არ გამოუკვლევია ი. ჯ-ას ნების გამოვლენის ნამდვილობის ფაქტი, კერძოდ, სოციალური მუშაკის საჯარო ვალდებულება - გაეცნო მისთვის საქმის გარემოებები და ახალი ნორმატიული დანაწესი გულდასმით, განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რაც პირს მისცემდა შესაძლებლობას სათანადო განსჯის შედეგად გაეკეთებინა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი არჩევანი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობებიდან, სასამართლოს არ დაუდგენია ჯ-ას ხელმოწერა რამდენად არის მისი ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანის შედეგი, შესაბამისად, ნების გამოხატვა ნამდვილი. სასამართლოს არ უმსჯელია, ი. ჯ-ას სოციალური სტატუსის პირის ხელმოწერა მოქმედი კანონმდებლობის პირობებში მოწმის დასწრების გარეშე რამდენად კანონიერად შეიძლება იქნას მიჩნეული, ვინაიდან ამ დროისათვის ი. ჯ-ას არ ჰყავდა დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი.

საკასაციო სასამართლოს მითითებები სააპელაციო სასამართლოსათვის:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა აქვს სააპელაციო სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაბამისად, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჯ-ას წარმომადგენლის მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.