Facebook Twitter
ბს-28-28 (კ-12) 8 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი;

კასატორი _დ. გ-ი (მოსარჩელე), წარმომადგენელი მ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, წარმომადგენელი- ი. ი-ე;

მესამე პირი_ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 დაწესებულება;

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. გ-მა მოპასუხის–საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 დაწესებულება.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალებას, კერძოდ, მოპასუხის დავალდებულებას დ. გ-ისათვის ჩაეტარებინა მკურნალობა სამედიცინო პრეპარატით ინტერფერონით მკურნალობის ვადის ამოწურვამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 18 იანვარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ¹657/40 დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: B+ჩ ქრონიკული ჰეპატიტის მიმდინარე პათოლოგიური პროცესი დაბალი აქტივობით. პოსტრავმული ენცეფალოპათია, ორმხრივი პირამიდული სიმპტომატიკით და ცეფალგიური სინდრომით. ვერტებროგენული (დისკოზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი) რადიკულონევრიტი. დ. გ-ი ჰეპატოლოგიურად და ნევროლოგიურად ამჟამად მძიმე ავადმყოფი არ არის, ესაჭიროება მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში ჰეპატოლოგისა და ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
2011 წლის 23 ივნისს დ. გ-ი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ქრონიკული «B» ჰეპატიტის დიაგნოზით. პაციენტს სამკურნალო დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლებები: HDV ღNA განსაზღვრა Pჩღ რაოდენობრივი მეთოდით-1200000 Iუ/მლ; HBV DNA-Pჩღ რაოდენობრივი მეთოდით 17H Iუ/მლ; სისხლის ბიოქიმიური ანალიზილი; ალტ-100 უ/ლ, ასტ-56,8 უ/ლ, გგტპ-64,3 უ/ლ, საერთო ბილირუბინი 13,6 მკმოლ/ლ, პირდაპირი ბილირუბინი-5,4 მკმოლ/ლ, საერთო ცილა-81,0 გრ/ლ, ალბუმინ-50,5 გრ/ლ, ნატრიუმი-132,5 მმოლ/ლ, კალიომი-5,48 მოლ/ლ, კალციუმი-10,4 გ/დლ, კრეატინინი-88,5 მკმოლ/ლ, შარდოვანა-35,9მგ/დლ. ფიბრო თესტ-F1-F2, Aცტი თესტ-A1-A2. ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 29 მარტს ჩატარებული HჩV რნმ Pჩღ რაოდენობრივი მეთოდით «-» არ აღმოჩნდა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმის ფარგლებშია. სისხლის გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე_არ აღმოჩნდა. აუტოიმუნური ჰეპატიტის მარკერები (-) უარყოფითი. კლინიკური დაკვირვებით და ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე ციროზი, ან ღვიძლის ფუნციური უკმარისობა არ გამოვლინდა.
ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი: ქრონიკული B+D ჰეპატიტი პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე. სამედიცინო ცნობის თანახმად, საერთაშორისო რეკომენდაციით ღვიძლის დაავადების ამ ეტაპზე მოწოდებულია ანტივირუსული თერაპია პეგილირებული ინტერფერონით. ამასთან, ანტივირუსული მკურნალობის ფონზე ერთ-ერთი გამოვლინებაა ნეიროფსიქიატრიული ეფექტები, რაც მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტთა 77 %-ში ვითარდება. იმის გამო, რომ პაციენტ დ. გ-ს წლების მანძილზე აქვს თვითდაზიანების მრავალჯერადი ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა, აგრესიულობა, ექიმ ინფექციონისტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ანტივირუსული მკურნალობის პერიოდში მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად აჭარბებს უახლოეს 20-30 წელში ღვიძლის მძიმე დაზიანების-ციროზის განვითარების ალბათობას; ამავე ცნობის თანახმად, პაციენტი კონსულტირებულ იქნა თერაპევტის მიერ, გასტრო-ენტერალური ჩივილების გამო მას ორჯერ შეეთავაზა ეზოფაგო-გასტრო-დიუდენოსკოპია, მაგრამ პაციენტმა ორჯერვე დაარღვია რეჟიმი-მიიღო საკვები, რის გამოც გამოკვლევა ვერ ჩატარდა. 2011 წლის 1 ივლისს კვლავ შეეთავაზა ენდოსკოპიური კვლევა, რაზედაც მიღებულ იქნა ინფორმირებული თანხმობა და გასტროფიბროსკოპიული კვლევის საფუძველზე დაუდგინდა ქრ. ზედაპირული გასტრიტი, ეროზიული დუოდენიტი.
დ. გ-ს საბოლოო დიაგნოზად დაესვა: ემოციური არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრავმებისადმი, ქრონიკული «B+D» ჰეპატიტის პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე, ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტი, ქრონიკული ზედაპირული გასტრიტის, ეროზიული დეოდენიტი, შარდ-მარილოვანი დიათეზი და დაენიშნა მკურნალობა: ჰეპატორიცი, ზოლომაქსი, ოპტიმალი, ოდესტონი, ომეპრაზოლი, დურამოქსი და მეტრონიდაზოლი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 1 ივლისს შედგა ექიმთა კონსილიუმი: ფსიქიატრის, თერაპევტისა და ინფექციონისტის შემადგენლობით, რომლის გადაწყვეტილებითაც პაციენტ დ. გ-ისათვის ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალა. აქედან გამომდინარე, გამართლებრულ იქნა საექიმო ტაქტიკა_ანტივირუსული მკურნალობის გადავადებისა და პაციენტ დ. გ-ზე მეთვალყურეობის დაწესების თაობაზე. ასევე დადგინდა დინამიკაში ჩატარდეს გამოკვლევების მონიტორინგი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთისას გააჩნია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. ხოლო ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის «ა.ბ» ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 24-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის შესაბამისად.
«პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-4 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, პაციენტს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ყოველ ადამიანს, მათ შორის, პატიმარს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ქმედება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას ე.ი. საერთაშორისო სტანდარტებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პაციენტ დ. გ-ს აქვს ფსიქიატრიული ანამნეზი: ავადმყოფის ისტორიაში აღწერილია ფსიქიური და ნერვული ექსცესები, თვით დაზიანების ეპიზოდები, აგრესიულობა, ადვილად აღგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, იმპულსურობა. პაციენტს დადგენილი აქვს დაიგნოზი: ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრავმებისადმი. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სამედიცინო ცნობიდან ირკვევა, მედიკამენტ ინტერფერონის მკურნალობის ფონზე ერთ-ერთი გვერდითი გამოვლინებაა ნეიროფსიქიატრიული ეფექტები, რაც მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტთა 77 %-ში ვითარდება. შესაბამისად, ვინაიდან დ. გ-ს წლების მანძილზე აქვს თვითდაზიანების მრავალჯერადი ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა, აგრესიულობა, გამომდინარე აქედან ანტივირუსული მკურნალობის პერიოდში მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულების რისკი დ. გ-ის მიმართ მნიშვნელოვნად მაღალია.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოსარჩელის მკურნალმა ექიმმა_ინფექციონისტმა ნანა ჭანუყვაძემ, ასევე ექსპერტმა ვახტანგ ქერაშვილმა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ინტერფერონით მკურნალობას ახასიათებს ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნევროლოგიური გართულებები. ამასთან, ექსპერტმა ვ. ქერაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პაციენტ დ. გ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა შედგეს ექიმთა კონსილიუმი ნევროლოგისა და ინფექციონისტის მონაწილეობით, რათა გადაწყდეს ინტერფერონით მკურნალობის ჩატარების მიზანშეწონილობა. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით ირკვევა, რომ 2011 წლის 1 ივლისს შედგა ექიმთა კონსილიუმი: ფსიქიატრის, თერაპევტისა და ინფექციონისტის შემადგენლობით, რომლის გადაწყვეტილებითაც პაციენტისათვის ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება პრეპარატით ინტერფერონი ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის ქმედება დ. გ-ისათვის ამ ეტაპზე ანტივირუსული მკურნალობის გადავადებისა და მასზე მეთვალყურეობის დაწესების თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პაციენტისათვის დადგენილია დიაგნოზი ქრონიკული «ბ+დ» ჰეპატიტის მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით. ამის გარდა, საგულისხმოა ის გარემობაც, რომ ექიმმა_ინფექციონისტმა ნანა ჭანუყვაძემ, ასევე ექსპერტმა ვახტანგ ქერაშვილმა დაადასტურეს, რომ ანტივირუსული მკურნალობა პრეპარატით ინტერფერონი შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ მიცემული განმარტებების საფუძველზე, პაციენტ დ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიზიარა ექიმ-სპეციალისთა განმარტება მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე ინტერფერონით მკურნალობის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრეპარატით ანტივირუსული მკურნალობა ამ ეტაპზე გადავადებულია, რაც არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას, ნევროლოგიური მდგომარეობის გაუმჯებესობის შემთხვევაში, მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება_მკურნალობა პრეპარატით ინტერფერონი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, დავის საგნის არ არსებობის გამო, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოპასუხის დავალდებულება დ. გ-ისათვის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში ჩაეტარებინა მკურნალობა სამედიცინო პრეპარატით ინტერფერონით, მკურნალობის ვადის ამოწურვამდე.
2010 წლის 2 მაისს პროცესზე წარმოდგენილ მსჯავრდებულ დ. გ-მა აღნიშნა, რომ მას მკურნალობა დაენიშნა სამედიცინო პრეპარატით ინტერფერონი და მკურნალობის კურს გადის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლის ი. ი-ის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ისტორიაში არსებობდა თვითდაზიანების მრავალი ფაქტები და იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული პრეპარატი ამ კუთხით იწვევს გვერდით მოვლენებს, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა მისით მკურნალობა, დღეის მდგომარეობით, კერძოდ კი 2012 წლის 20 მარტიდან მსჯავრდებული გადის მკურნალობის კურსს სპეციალურ ¹18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც უტარდება სამედიცინო პრეპარატით ინტერფერონით მკურნალობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი, კერძოდ, დავის საგანი, რის გამოც, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ართმევს შესაძლებლობას ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება და დ. გ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.