Facebook Twitter

ბს-285-281(კ-12) 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 აგვისტოს ი/მ «ი. თ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ი/მ «ი. თ-ს» მიღებული ჰქონდა ნებართვა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობაზე, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2011 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით. 2010 წლის 26 ოქტომბერს მან შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 9 ნოემბერს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ იქნა ¹529 საგადასახადო მოთხოვნა მეწარმისათვის 6300 ლარის დარიცხვი შესახებ.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 ნოემბრის ¹529 საგადასახადო მოთხოვნის, 2011 წლის 23 თებერვლის ¹739 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ «ი. თ-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ი. თ-მ», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ი/მ «ი. თ-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ი. თ-მ», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ავთანდილ ბუსხრიკიძეს ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 5 მარტს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4932253) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით და 2012 წლის 2 აპრილს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹5018010) იმავე სადეპოზიტო ანგარიშზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 15 ლარის ოდენობით, სულ – 315 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 315 ლარის 70 პროცენტი – 220.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. ა. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ «ი. თ-ს» საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 5 მარტს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4932253) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹ ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2012 წლის 2 აპრილს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹5018010) იმავე სადეპოზიტო ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 15 ლარის, სულ – 315 ლარის 70 პროცენტი – 220.5 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.