Facebook Twitter

208/საზ 9 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ი-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 15 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზ. ი-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის III ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია) _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ზ. ი-ლს საბოლოოდ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.

ამავე განაჩენით თ. წ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, თ. წ-რს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ნოემბრის ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებული ზ. ი-ლი შეწყალებულ იქნა და განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1994 წლის 31 მარტიდან.

მსჯავრდებული ზ. ი-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 15 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ი-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II, III ნაწილებით და 133-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან, პალატის აზრით, განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ი-ლს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VII პუნქტის საფუძველზე (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, 1960 წლის რედაქცია), შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო ზ. ი-ლს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

ამრიგად, ზ. ი-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, რამდენჯერმე შეიცვალა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VII პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ზ. ი-ის მიმართ საბოლოო სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ მას მოსახდელად უნდა დარჩეს სსკ-ის 133-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სარევიზიო წესით გადასინჯა განაჩენი თ. წ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მას აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება საბოლოო სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ თ. წ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ი-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 15 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ ზ. ი-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზ. ი-ლს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. წ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. წ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.