Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-292-288(კ-12) 2 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინებაზე მ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.11.11 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით მ. ა-მა გაასაჩივრა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.12 წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. ა-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დღევანდელი მდგომარეობით ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაასტურდებდა სადღეისოდ მის მიერ საარსებო შემწეობის მიღების ფაქტს. მასვე უნდა წარმოედიგნა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი მ. ა-ს საქმეში მითითებულ მისამართზე 11.04.12 წ. ჩაბარდა. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 18.04.12 წ. (ოთხშაბათი) ოცდაოთხი საათი. 20.04.12 წ. მ. ა-მა წარმოადგინა განცხადება და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის გამოსწორება, ვინაიდან მისი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ქალაქში, ხოლო თვითონ შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული მიჩნეულ იქნეს საპატიოდ და მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში. განცხადება წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით. ამასთან ის, გარემოება, რომ მხარის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ქ. თბილისში, არ ქმნის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაშვების სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, განცხადებას თან ერთვის 08.09.09 წ. გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობისა და მ. ა-ის საპენსიო მოწმობის ასლი, რომელთა ეგზემპლარები დაცულია საქმეში და მათზე დაყრდნობით, სასამართლომ კასატორს დაუდგინა ხარვეზი დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რაც კასატორს არ განუხორციელებია. მასვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მ. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.